სპეციალური მოსარჩელის სტატუსი

სპეციალური მოსარჩელის სტატუსი, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად მიმართონ სასამართლოს, კონკრეტული მოსარჩელის გარეშე, თუკი სახეზე შშმ პირთა უფლებების კოლექტიური დარღვევაა. მექანიზმი საქართველოში 2020 ამოქმედდა. 

PHR-ი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნული მექანიზმის გამოყენება დაიწყო.

რატომ გამოვიყენეთ ეს სტატუსი?

2021 წლის მარტში, PHR-მა, სპეციალური მოსარჩელის სტატუსით თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი და დროებითი განჩინების გამოცემის შუამდგომლობა.

საქმე მდგომარეობდა შემდეგში: ქცევითი გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კბილის გაუსაძლისი ტკივილის დროს ვერ იღებდნენ სტანდარტულ სტომატოლოგიურ მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების მიღების ერთადერთი გზა ზოგადი ანესთეზია, ე.წ. „ნარკოზი“ იყო, რომელიც დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვდა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებ შშმ პირებს, ფაქტიურად მომსახურების მიღმა ტოვებდა. უამრავი ბავშვი თუ ზრდასრული იძულებული იყო მოეთმინა კბილის ტკივილი.

ფაქტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში შშმ ბავშვის დედის სტატუსით, რომელიც ითხოვდა დახმარებას შვილის კბილების გაუსაძლისი ტკივილების გამო, ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურების თანხა რომ გადაეხადა.

ეს იყო შშმ პირთა უფლებების კოლექტიური დარღვევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რთული ქცევისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებს, უწევდათ გაუსაძლისი ტკივილის ატანა, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით არაჰუმანურ და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდებოდა.

რა მოვითხოვეთ სასამართლოში?

PHR-ი,დავის განმავლობაში, ითხოვდა რომ დაუყოვნებლივ საქართველოს მთავრობას დავალებოდა, შეექმნა ისეთი მექანიზმი, რომელიც გამონაკლისის გარეშე,  30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებდა ყველა შემთხვევას, როდესაც სახეზე იყო ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. "ნარკოზით" სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ 3 დღეში განიხილა და დროებითი განჩინებით დააკმაყოფილა.  (მოსამართლე დავით წერეთელი).  რაც შეეხება ძირითად მოთხოვნას, საჭირო იყო ამ მომსახურების პროგრამად ჩამოყალიბება, შესაბამისად ვითხოვდით სპეციალური მექანიზმის/პროგრამის/სერვისის/ შექმნას კომუნიკაციის სირთულისა და ქცევის დარღვევის მქონე შშმ პირებისთვის, სტომატოლოგიური მომსახურების შეუფერხებელი მიღებისთვის.

სასამართლომ განჩინებაში განმარტა, რომ ,,მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგება, შშმ პირების უფლების დაცვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენდა, რომელიც მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული“.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს  ყველა ქცევითი გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირების უფლებების დაცვის მექანიზმს.

2021 წლის 10 მარტს დაწყებული საქმე 2023 წლის მარტში წარმატებით დასრულდა.  სახელმწიფომ შექმნა ახალი სერვისი, შესაბამისად სასამართლო წარმოება შეწყდა.

სასამართლო პროცესები სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე იდებოდა. სახელმწიფო ითხოვდა დროს შესაბამისი სერვისის შესაქმნელად. სახელმწიფომ აღნიშნული სერვისი 2 წლის შემდეგ შექმნა, შესაბამისად, საქმის განხილვა დასრულდა. 

რა შეიცვალა ამ გადაწყვეტილებით?

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ქცევითი გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირები ვერ იღებდნენ სტომატოლოგის მომსახურებას და იძულებულები იყვნენ გაეძლოთ აუტანელი ტკივილისთვის.

PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 13 ივნისს განახორციელეს ცვლილებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის # 36 დადგენილებაში, კერძოდ, პროგრამებს ჯანდაცვის ახალი პროგრამა: „სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“ დაემატა. 

რაც ნიშნავს იმას, რომ:

ქცევითი გამოწვევისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის შეიქმნა ახალი  პროგრამა -  რომლითაც შშმ პირებმა ყოველგვარი მოცდის გარეშე უნდა მიიღონ საშუალოდ 1500 ლარის ღირებულების (ან უფრო მეტის) სტომატოლოგიურ მომსახურება უფასოდ. ბიუჯეტის სრული მოცულობა პროგრამით დადგენილი არ არის და დამოკიდებულია ფაქტობრივ ხარჯზე. აღნიშნული პროგრამა ფაქტობრივად ეხება აუტისტური სპექტრის მქონე ყველა ბავშვს, ფსიქიკური დარღვევის და ყველა ტიპის ქცევითი გამოწვევის მქონე ბავშვებს, ზრდასრულებს. 

სად არის შესაძლებელი აღნიშნული სერვისით სარგებლობა?

ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის 02 თებერვლის #NHA 4 23 00114042 წერილის თანახმად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებლად ჯერ-ჯერობით რეგისტრირებულია მხოლოდ ორი კლინიკა:

1.სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი- თბილისი;

2.შპს „ხოზრევანიძის კლინიკა“ - ბათუმი.  

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მნიშნველოვანია, რათა ბევრმა ადამიანმა გაიგოს, რომ საქართველოში, უკვე არსებობს და მისაწვდომია „სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“ სერვისი.

PHR-ი აგრძელებს შშმ პირების, ბავშვების და ქალთა უფლებების დაცვას.

აღნიშნულ საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: ანა არგანაშვილი, თამარ კაპანაძე, ნანა გოჩიაშვილი.

 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.