,,დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთ მექანიზმი, რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება“ – ეს გადაწყვეტილება მოყვა PHR-ის მიერ სპეციალური მოსარჩელის სტატუსით სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობას დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით.
2021 წლის 10 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვის სფეროში. აღნიშნული გადაწყვეტილებით დღეიდან ყველა ქცევითი გამოწვევისა
და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის მისაწვდომი გახდა უფასო სტომატოლოგიური
მომსახურება ზოგადი ანესთეზიით, ე.წ. ნარკოზით.
რატომ გახდა საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა?
საქართველოში მცხოვრები შშმ პირები არაადაპტირებული გარემოსა და მძიმე
სოციალური ფონის გამო მრავალჯერადად ხდებიან ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლები.
შშმ პირთა თემის წევრებს შორის განსაკუთრებით მძიმე ფორმის დაბრკოლებებს ზოგიერთ შემთხვევაში
ხვდებიან ისეთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც აღენიშნებათ ქცევითი
გამოწვევები და/ან კომუნიკაციის სირთულე. სწორედ ასეთ შემთხვევას წარმოადგენდა მათთვის
სტომატოლოგიური მომსახურების მიღება, რაც იმ თავისებურებებით არის გამოწვეული, რომელიც
ახასიათებს მათთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას:
1. კომუნიკაციის
სირთულის გამო ბევრი მათგანი ვერ ახერხებს კბილის დაზიანებისა და ტკივილის შესახებ
დროულ შეტყობინებას, რის გამოც მკურნალობის დაწყება ხდება იმ ეტაპზე, როდესაც სახეზეა
მძიმე, გაუსაძლისი ტკივილი.
2. ქცევითი
გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის გამო ეს ადამიანები ვერ სარგებლობენ სტანდარტული
სტომატოლოგიური მომსახურებით, რთულია მათი გაჩერება სტომატოლოგიურ სავარძელში და სტომატოლოგიური
მანიპულაციების ჩატარება.
3. ქცევითი
გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების
გაწევის ერთადერთ საშუალებად რჩება ზოგადი ანესთეზიით, ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური
მანიპულაციების ჩატარება, რაც დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად,
მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მცხოვრები შშმ პირებისათვის, ფაქტობრივად
შეუძლებელია მსგავსი მომსახურების თავად დაფინანსება.
4. ქვეყანაში
არ მოქმედებს არცერთი პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს ამ თავისებურებას, იმ მძიმე
მდგომარეობას, რომელშიც ქცევითი გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ
პირებს უწევთ ცხოვრება კბილის ტკივილის დროს.
5. ქცევითი
გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირების სტომატოლოგიური მომსახურების
თავისებურება არ ყოფილა ასახული და გათვალისწინებული არც სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში.
6. ერთადერთ
ალტერნატივას დაფინანსების მისაღებად წარმოადგენს ,,რეფერალური მომსახურების პროგრამა“,
რომელსაც მიმართავდნენ ქცევითი გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ
პირები, მათი მშობლები და მხარდამჭერები. თუმცა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომსახურების
მისაღებად ადამიანებს უწევს 30 დღიანი მოცდა და რაც მთავარია, ყველა შემთხვევა არ ფინანსდებოდა.
ზემოაღნიშნული მიზეზების გარდა, PHR-ისთვის
ცნობილი იყო არაერთი მიმდინარე შემთხვევის შესახებ, როდესაც ქცევითი გამოწვევებისა
და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირები ვერ იღებდნენ სტომატოლოგის მომსახურებას
და იძულებულები იყვნენ გაეძლოთ აუტანელი ტკივილისთვის. სწორედ ამიტომ 2021 წლის 02
მარტს ორგანიზაციამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების გამოცემის
შუამდგომლობით, რადგან უამრავი შშმ პირისთვის სწორედ დროული და გადაუდებელი მომსახურების
გაწევა მიიჩნია სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად. PHR-მა თვლის,
რომ შშმ ბავშვებისა და შშმ პირების მიერ განცდილი ტკივილი, რომელიც კბილის ტკივილის
მკურნალობის შეუძლებლობით არის გამოწვეული, წარმოადგენს მათ მიმართ წამების ან სასტიკი,
არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აშკარა მაგალითს.
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა PHR-ის მიერ დროებითი განჩინების გამოცემის მიზნით სასამართლოში შეტანილი
შუამდგომლობის შინაარსი და აღნიშნა, რომ ,,მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი
ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგება, შშმ პირების უფლების დაცვის უზრუნველყოფისთვის
აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იქნება
ორიენტირებული“.
როგორ უნდა გავიგოთ სასამართლოს დროებითი განჩინების შინაარსი?
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება იმოქმედებს საბოლოო გადაწყვეტილებამდე
და წარმოადგენს იქამდე ქცევითი გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ
პირების წინაშე სტომატოლოგიური მომსახურების მიღების პროცესში არსებული უმწვავესი პრობლემის
გადაჭრის შესაძლებლობას.
გადაწყვეტილება უკვე ძალაში არის შესული და თუ საქართველოს მთავრობა
არ გამოიყენებს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, ქცევითი გამოწვევებისა
და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირები უახლოეს მომავალში, გონივრულ ვადაში,
შეძლებენ უკვე ზოგადი ანესთეზიის დაფინანსებით სტომატოლოგიური მომსახურების მიღებას.
მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ეს გადაწყვეტილება ეხებათ ამ ეტაპზე მხოლოდ ქცევითი
გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებს, როგორც ბავშვებს, ისე
ზრდასრულებს.
ამასთან, მნიშვნელოვანია იმის განმარტება, რომ შესაძლებელია ქცევითი
გამოწვევებისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ ბავშვს/ზრდასრულს არ ჰქონდეს
მინიჭებული შშმ ბავშვის/პირის სტატუსი. თუმცა, PHR შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციაზე დაყრდნობით, რომელიც სავალდებულოდ
შესასრულებელია ჩვენს ქვეყენაში, მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე უნდა
გავრცელდეს ამ პირებზე თუკი სტომატოლოგის ჩვენებით ამის საჭიროება დადგინდება.
კიდევ რითი არის გამორჩეული აღნიშნული საქმე?
PHR-მა დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით შუამდგომლობა სასამართლოში შეიტანა სპეციალური მოსარჩელის სტატუსით. აღნიშნული მექანიზმი 2020 წლიდან ამოქმედდა ქვეყანაში, რომელიც შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად მიმართონ სასამართლოს, კონკრეტული მოსარჩელის გარეშე, თუკი სახეზე შშმ პირთა უფლებების კოლექტიური დარღვევა. მოცემულ საქმეში სწორედ შშმ პირთა უფლებების კოლექტიურ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით რთული ქცევისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებს შესაბამისი დაფინანსების გარეშე უწევდათ გაუსაძლისი ტკივილის ატანა, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით თავისი ინტენსივობით არაჰუმანურ და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება. PHR აღმოჩნდა პირველი ორგანიზაცია, რომელმაც აღნიშნული მნიშვნელოვანი მექანიზმის გამოყენება დაიწყო ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.