2022 წლის 29 მარტს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ჩაერთო ირმა მანუკიანის საქმეში. ირმა მანუკიანი 2022 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გადაიყვანეს ხონის ფსიქიატრიულში - იძულებით მკურნალობის მიზნით.

PHR-ის ადვოკატებმა 30 მარტს ირმასთან შეხვედრის შემდეგ და მისი სურვილის გაგებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყეს ირმას საქმეზე ორი მიმართულებით მუშაობა. 

ვინაიდან ირმა ფსიქიატრიულში თავს ცუდად გრძნობს და ითხოვს მის სასწრაფოდ დატოვებას, ასევე მიიჩნევს, რომ იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს - ადვოკატებმა მიმართეს ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. ადვოკატებმა მოითხოვეს, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ირმას დაჩქარებულად გაევლო კომისია, რომელიც შეაფასებდა მისი იქ დარჩენის არამართებულობას და მისცემდა დატოვების საშუალებას. თუმცა, ხონის ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ ადვოკატებს უარი უთხრა ამ მოთხოვნაზე.

დასაბუთება იყო შემდეგი: 

ფსიქიატრიული დაწესებულება არ თვლის, რომ ირმას ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა ვადამდელი შეფასების საფუძველს.

მაშასადამე, ამ პოზიციით, ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ეთანხმება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ირმა სრულიად გარიყული უნდა იყოს სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრებიდან, მას არაფრის გასაჩივრების უფლება არ აქვს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მოთხოვნაც არ შეუძლია.

ადვოკატებმა აგრეთვე მიმართეს ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებას რათა გაეცათ რწმუნებულება - ირმას მიერ ადვოკატების ყოლის თაობაზე (რასაც კანონი ავალდებულებს).

ხონის ფსიქიატრიულის ადმინისტრაციამ ამ მოთხოვნაზეც უარი უთხრა ადვოკატებს შემდეგი მოტივით:

„მისი ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი დადასტურებული იქნას მის მიერ გამოხატული ნება.“

აღნიშნული ქმედებები ხონის ფსიქიატრიულის მხრიდან, ისევე როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა (რომელიც დაედო საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას ირმას იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე გაშვების შესახებ) დღეს, 1 აპრილს, გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ადვოკატებმა სასამართლოს ასევე მიმართეს თხოვნით, გამოსცეს დროებითი ზომა, ირმა მანუკიანისთვის ვადამდელი კომისიის დანიშვნის თაობაზე. ეს არის ყველაზე სწრაფი შესაძლებლობა დასრულდეს ირმას უკანონო იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. აღნიშნულ დროებით ზომაზე, საქართველოს კანონმდებლობით სასამართლოს 3 დღიანი მსჯელობის ვადა აქვს.

ირმას ადვოკატები ასევე ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის საფუძველზეც ირმა იძულებით გადაიყვანეს ხონის ფსიქიატრიულში. ვინაიდან, საზოგადოებრივმა ადვოკატმა ეს განჩინება დადგენილ დროში არ გაასაჩივრა, ირმას ადვოკატები თავდაპირველად ითხოვენ  გასასაჩივრებელი ვადის აღდგენას. შემდეგ, სააპელაციო განჩინების გაუქმებას, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ნაწილში.

ადვოკატებს ირმასთან აქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია და აწვდიან მას ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ. ირმა ელის უკანონო იძულებით მკურნალობის დასრულებას და თავის ძაღლთან დაბრუნებას.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

და RFSU -ს ფინანსური მხარდაჭერით.