ირმა ბოლო 20 წელია თბილისის ერთ-ერთ უბანში, მცირე ზომის სარდაფში თავის მეგობარ ძაღლთან, ლომბასთან ერთად ცხოვრობს და ეზოში 10-მდე მიუსაფარ კატას უვლის.
2022 წლის 28 მარტს, სოციალურ ქსელში ხალხმა გამოთქვა წუხილი ირმას გაუჩინარების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ირმა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში არავის ჰყავდა ნანახი.
2022 წლის 29 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირმა ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ე.წ. ხონის ფსიქიატრიულში) გადაიყვანეს ქურდობის ბრალდებით. ამავე დღეს, #PHR-ი ჩაერთო საქმეში. დღეს ორგანიზაციის ადვოკატები ხონის ფსიქიატრიულში ჩავიდნენ და ირმა მოინახულეს.
რა
გაარკვიეს ადვოკატებმა ფსიქიატრიულში?
ხონში ადვოკატები შეხვდნენ ირმას. მან აღნიშნა, რომ სასამართლოზე საკუთარი თავის დაცვის საშუალება არ მიეცა. მოსამართლემ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ ირმას ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევა ჰქონდა თუმცა მაინც „მიუსაჯა“ თავისუფლების აღკვეთა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის სახით. იმის ნაცვლად რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, ირმას ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, მოესმინათ მისთვის, დაეკითხათ მოწმეები, გამოეკვლიათ მტკიცებულებები - ის იძულებითი მკურნალობისთვის პირდაპირ გაამგზავრეს ხონში.
ფსიქიატრიულში იძულებით ყოფნას ირმა არ ეთანხმება. მისი თქმით ის არასწორად მოათავსეს კლინიკაში და სურს, დაუყოვნებლივ დატოვოს კლინიკა. ირმა ამბობს რომ მას იძულებით ასმევენ წამლებს, რომლის შედეგადაც ის არის მოდუნებული.
ირმამ მადლობა გადაუხადა მეგობრებს და მთელ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის; და თხოვა, მისი ძაღლი იქ არ მიეყვანათ, რადგან ფსიქიატრიულში თავადაც ძალიან ცუდად გრძნობს თავს.
როგორ
ირღვევა ირმას ფუნდამენტური უფლებები?
„უდანაშაულობის პრეზუმფცია“ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, სამართლიანი სასამართლოს მთავარი პრინციპი, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ბრალდებული პირი უდანაშაულოდ ჩაითვალოს მანამ, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ შევა ძალაში.
საქართველოს კანონმდებლობა განსაკუთრებით უსამართლოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, რომლებსაც თვლის გამოუსადეგარ/შეუსაბამო/არაკომპეტენტურ პირებად, იმისთვის, რომ მათ მოუსმინონ პროცესზე (“unfit to stand trial”). ეროვნული კანონმდებლობა მათ ავტომატურად გამორიცხავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან შეზღუდული შესაძლებლობის გამო, თუმცა პასუხისმგებლობის მაგივრად, მათ აიძულებს ფსიქიატრიულ მკურნალობას - რომელიც შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადითაც გაგრძელდეს.
იმის მაგივრად რომ ჩატარდეს ყველა სამართლებრივი პროცედურა და სამართლიანი სასამართლოს მიერ განისაზღვროს მსჯავრი ან გათავისუფლდეს პირი პასუხისმგებლობისგან, მას „უსჯიან“ უსაფრთხოების ზომებს, კერძოდ იძულებით მკურნალობას და სასამართლო პროცედურების გარეშე აღიარებენ მას „საშიშ“ პირად.
სასამართლოს ასეთი ბრძანება არის დისკრიმინაციული მოპყრობა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე, რადგან ის ემყარება მხოლოდ პირის „საშიშად“ მიჩნევის იდეას, შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ვარაუდებს, ამ დისკრიმინაციული მოპყრობის კულმინაცია კი არის უდანაშაულობის პრეზუმფციის უგულებელყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლების გაქრობა, რომელიც წესით გარანტირებული უნდა იყოს ყველასთვის საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
რა მოხდება შემდეგ?
PHR-ის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ირმას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება უკანონოა და მისი იძულებითი მკურნალობის საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, PHR მოითხოვს ირმას დაუყვნებლივ გათავისუფლებას და ამ მიზნით განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ ქმედებებს.
#PHR-ი აგრძელებს ირმას უფლებების დაცვას. ამ საქმის მიმდინარეობაზე მუდმივად დაიდება განახლებული ინფორმაცია.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული
თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
და
RFSU -ს ფინანსური
მხარდაჭერით.