No one has ever become poor by giving


2021 წლის თებერვალში ორგანიზაციამ ბათუმის რაიონულ პროკურატურასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას მიმართა, 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტისთვის, გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ.

საქმეში არსებული გარემოებებიდან იკვეთება, რომ სახეზე იყო ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება, რაც გამორიცხავდა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად ინფორმირებული თანხმობის გაცემას, ეს კი საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს გაუპატიურებას და არა ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (საქართველოსთვის ძალაშია 2017 წლის სექტემბრიდან), თანხმობის მიცემა უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად, გარემომცველი პირობების გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში მიიჩნევა, რომ თანხმობა არ არის სახეზე, რაც იძლევა გაუპატიურების შემადგენლობას.


„სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ვროპის საბჭოს კონვენციის (საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 01 იანვრიდან) განმარტებითი ოქმის თანახმად  კონვენცია გაუპატიურებად მოიაზრებს თანხმობის გარეშე (lack of consent)  სექსუალურ კავშირსაც, მაშინაც კი როდესაც ბავშვი თანხმობის ასაკს (საქართველოს კანონმდებლობით 16 წელი) მიღწეულია.

 

ამასთანავე, ორივე კონვენციის განმარტებითი ოქმი უთითებს  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამრთლოს 2003 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე M.C. v. Bulgaria, სადაც განმარტებულია რომ სექსუალური ძალადობისას ფიზიკური დაზიანებების არ არსებობა და სახელმწიფოს მხრიდან თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირის შემთხვევების იგნორირება გაუპატიურების ცალკეულ შემთხვევებს დაუსჯელს ტოვებს.

 

გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საერთაშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტიდან გამომდინარე 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს  გაუპატიურებად.

 

ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ არ გაიზიარა  ადვოკატის  პოზიცია და უარი თქვა ქმედების კვალიფიკაციის შეცვლაზე.

 

პროკურატურის გადაწყვეტილება PHR-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა პროკურატურის უარის გაუქმება და 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, სექსუალური ძალადობის ნაწილში, კვალიფიკაციის შეცვლა.

 

PHR - აგრძელებს 14 წლის მოზარდის საქმეზე მუშაობას და პარალელურად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განაგრძობს ინფორმირებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.

[1] Explanatory Report to the Council of Europe Convention on the Protection of Children against Sexual Exploitation and Sexual Abuse, 2007, paragraph 122