2021 წლის გაზაფხულზე, ნინოწმინდის პანსიონატში, სახალხო დამცველის მონიტორინგის ფუნქცია შეუზღუდეს. საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი სახალხო დამცველის მანდატი კი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში უკანონოდ მოთავსებული ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა იყო.

სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - (PHR), სახალხო დამცველის კონსტიტუციური ფუნქციის დასაცავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა კომიტეტს მიმართა.

2021 წლის 7 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა გამოსცა დროებითი ზომა, რომლითაც საქართველოს მთავრობას სახალხო დამცველის ბავშვთა პანსიონში დაუყოვნებელი შეშვება დაავალა.

ვინაიდან საქართველოს მთავრობამ, დროებითი ზომა დაუყოვნებლივ არ აღასრულა, PHR-მა განმეორებით მიმართა ეროვნულ სასამართლოს და ბავშვთა პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (შშმ) დაუყოვნებელი გამოყვანა მოითხოვა, რადგან ბავშვების მიმართ, ხორციელდებოდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა პანსიონატის პერსონალის მხრიდან.

რა გადაწყვიტა თბილისის საქალაქო სასამართლომ?

2021 წლის 5 ივნისს, PHR-ს ჩაბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა გამხილველი მოსამართლის, ივანე ღლონტის დროებითი განჩინება (გადაწვეტილება).

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოასამართლე ღლონტმა გაიზიარა PHR-ის მოთხოვნები ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკის და არაჯანსაღი გარემოს გამო მათი ბავშვთა სახლიდან გამოყვანის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ. სასამართლომ განიხილა რისკების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება (ვიდეო, აუდიო, წერილობითი), რომლითან ცხადი იყო რომ პანსიონატში ცხოვრება ბავშვებისვის ყოველდღიურ რისკს წარმოადგენდა. მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ბავშვებზე ზრუნვის ვალდებულების მქონე პირები უგულებელყოფდნენ მათ ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოებას და ბავშვებით მანიპულირების მაღალი საფრთხე იყო.

როგორ იმსჯელა საქალაქო სასამართლომ?

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის მოთავსება ბავშვთა სახლში (ინსტიტუციაში) წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას, რომელიც მთავრობამ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ ბავშვზე ზრუნვის ყველა შესაძლებლობა ნაცადი და ამოწურულია. ამიტომ ბავშვები ასეთ დაწესებულებაში მხოლოდ მინიმალური დროით შეიძლება დარჩნენ.

სასამართლო მიუთითა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი ყველა ბავშვის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ყველა უფლებას, რაიმე დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაბადების, მისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების ანდა რაიმე სხვა გარემოებების მიუხედავად. მონაწილე სახელმწიფოები ყველა ზომას მიმართავენ ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრების სტატუსის, საქმიანობის, გამოთქმული შეხედულებების ან მრწამსის საფუძველზე ყველა ფორმის დისკრიმინაციის ან დასჯისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად.

კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. 

კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ებყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ. 

სასამართლო მიუთითებს ასევე გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე, რომლის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზებისათვის, სხვა ბავშვების თანასწორად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის უზენაესი ინტერესები. ხოლო ამავე კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა ეფექტური საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, იურიდიული და სხვა ზომები, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე.

სასამართლო მიუთითებს, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიხედვით, აკრძალულია ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიურო ძალადობა, ჩაგვრა, იძულება წამება და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმის გამოყენება. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვების დასაცავად, შექმნას ძალადობის შეტყობინების, გასაჩივრების, რეფერირების და გამოძიების ეფექტური მექანიზმები. ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და უფლებების აღდგენისთვის საჭიროა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

განსახილველ შემთხვევაში, განცხადებაზე დართული სხვადასხვა მტკიცებულებების, მხარის განმარტებით, მათ შორის, თავად პანსიონატში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტების საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი შშმ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, სწრაფი რეაგირების აუცილებლობა. სასამართლოს 05 ივნისის დროებითი განჩინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომლითაც:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალა ქმედების განხორციელება, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, უზრუნველყოფენ ნინოწმინდის პანსიონატში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანას.“

PHR აგრძელებს პანსიონატში აღზრდილი ბავშვების სამარათლებრივ დახმარებას და  საზოგადოების ინფორმირებას აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით.

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID/PROLoG ფინანსური მხარდაჭერით.

საქალაქო სასამართლოს განჩინება იხილეთ: