სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გაასაჯაროოს აქციების დარბევასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების შესახებ ინფორმაცია.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის აპრილ-მაისის თვეში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სამართალდამცავებმა სცემეს აქციაზე მყოფ პირებს, მათ შორის, ქალებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ამასთან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ დაკავებებისას. გამოიკვეთა დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას, უმეტესად, ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას. ზოგიერთ შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ძალის გადამეტების იმდენად მძიმე მეთოდები გამოიყენეს, რომ რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. სახალხო დამცველის განცხადებით, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების (200-ზე მეტი პირი) ნახევარზე მეტი მიუთითებს სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის აპრილ-მაისის აქციების დარბევაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობა პირდაპირ კავშირშია, მათ შორის, სააარჩევნო დღეს უსაფრთხოების დაცვასთან. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა უნდა განხორციელდეს ატმოსფეროში, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი შიშისგან და უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა. არჩევნებში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის კანდიდატები, საარჩევნო პერსონალი და ამომრჩეველი, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მათი მონაწილეობის შედეგად, ისინი არ იქნებიან სამიზნე მუქარისა ან დაშინების.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
▪️ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
▪️ სოციალური სამართლიანობის ცენტრი
▪️ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
▪️ უფლებები საქართველო
▪️ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო
▪️ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
▪️ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
განცხადების სრული ტექტი ⬇️