ქალთა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა მსოფლიოში. ძალადობის სხვადასხვა ფორმები განსხვავებული ინტენსივობით გვხვდება ყველა კულტურაში და საზოგადოებაში. ის გავლენას ახდენს ქალებზე განურჩევლად მათი შემოსავლის, სოციალური სტატუსის, რასისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა. ბოლო წლებში აქტიურად დაიწყო საუბარი სპორტში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე, მათ შორის სექსუალური შევიწროების თემაზე, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გენდერული ძალადობის ფორმაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების მიხედვით ქალების ნახევარზე მეტს გამოუცდია რაიმე ფორმით სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე[1]. ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების მაჩვენებელი 45-დან 81%-მდე მერყეობს, რომელთაგან მხოლოდ 5-დან 22%-მდე არის ოფიციალურად დარეგისტრირებული[2]. სპორტში ქალთა მიმართ ძალადობა და შევიწროება მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება და ახლავს კონკრეტული რისკ-ფაქტორები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ ეროვნულ დონეზე სპორტში უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესში.

კვლევის მიზანია,  გამოავლინოს ის ძირითადი ტენდენციები, რომელიც დამახასიათებელია სპორტში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მიმართულებით საქართველოში. კვლევა ჩატარდა თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, საკვლევი საკითხების შესწავლის მიზნით გამოყენებული იყო ინდივიდუალური ინტერვიუები სპორტის სფეროში ჩართულ ქალებთან.

კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ქალებმა ფეხბურთის, ფარიკაობის, ძიუდოსა და ტანვარჯიშის სფეროდან. სულ ჩატარდა 17 სიღრმისეული ინტერვიუ ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარის საშუალებით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ ქალი სპორტსმენები როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. მონაწილეთა შერჩევისას მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენდა, რომ რესპონდენტი ყოფილიყო ქალი და წარსულში ან მიმდინარედ ჰქონოდა აქტიური სპორტული კარიერა.


წინამდებარე კვლევა მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის ,,ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროვება სპორტში“ ფარგლებში.

პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მიერ.

კვლევის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

 

ავტორი: ნანა გოჩიაშვილი


[1] Kari Fasting, Research on Sexual Harassment and Abuse in Sport, 2005

[2] International, Regional and National Developments in the Area of Violence Against Women 1994-2003, 2003