სისტემური ძალადობის მსხვერპლმა ბავშვებმა ზრუნვის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი ბავშვის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდეგში - სააგენტო) წინააღმდეგ. სასამართლო დავის საგანია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან ბავშვების უფლებების სისტემური დარღვევა.

საზოგადოებას ახსოვს 9 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოს და მისი ძმის უმძიმესი ისტორია.

ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმის დაწყებისას, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ბავშვს მის შესახებ მასალების გადაცემაზე უარი უთხრა, იმ მიზნით რომ PHR ის ადვოკატებს არ ქონოდათ გაცნობის შესაძლებლობა.[1]

ეს არ იყო სახელმწიფოს მხრიდან  ბავშვის უფლებების ერთადერთი დარღვევა.

2022 წლიდან, ორგანიზაცია იცავს არასრუწლოვან და-ძმას რამდენიმე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეზე. ბავშვების უფლებების დარღვევა გაგრძელდა მაშინაც, როდესაც ისინი სახელმწოფო ზრუნვაში გადავიდნენ.

გარდა იმისა, რომ ბავშვი ოჯახში ექვემდებარებოდა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას, მას აიძულებდნენ ქუჩაში მოწყალების თხოვნას, მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო. აღსანიშნავია, რომ სააგენტოსთვის მშობლის მხრიდან არასრულწლოვნების უფლებების დარღვევის თაობაზე ცნობილი იყო სამი წლით ადრე. რის საფუძველზეც, ბავშვები ოჯახიდან სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს.  სააგენტომ რამდენიმე თვეში ბავშვების ოჯახში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ის საფუძვლები, რის გამოც მოხდა ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა, კვლავ სახეზე იყო. ასევე, რეინტეგრაციიდან რამდენიმე თვეში მათთან საცხოვრებლად გადავიდა დედის მეგობარი მამაკაცი.

რეინტეგრაციის (ოჯახში დაბრუნების) შემდეგ ოჯახთან მუშაობდა სააგენტოს სოციალური მუშაკი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლო არასრულწლოვნების მიმართ  განგრძობითი ძალადობის იდენტიფიცირება.

სააგენტოს შეფასებით, ბავშვებისთვის ოჯახში შექმნილი იყო კეთილსაიმედო გარემო, შესაბამისად, 3 წლის განმავლობაში სააგენტო აგრძელებდა რეინტეგრაციას. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება დაეცვა ბავშვები ოჯახში უმძიმესი დანაშაულებისგან, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის შემდეგაც ვერ უზრუნველყო მათთვის საჭირო და საკმარისი სერვისების შეთავაზება და მათი უფლებების დარღვევის პრევენცია.

სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის პერიოდში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დაექვემდებარნენ ზეგავლენას, მათი დაზარალებულად ყოფნის გამო.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მხრიდან საქმეში ვლინდება სხვა სისტემური ხასიათის დარღვევებიც. კერძოდ,  სახელმწიფო ზრუნვაში  გადაყვანის შემდეგ ბავშვებმა რამდენჯერმე შეიცვალეს ოჯახი. ასევე,  მათ საქმეზე 6-ჯერ შეიცვალა სოციალური მუშაკი. ამასთან, მინდობით აღმზრდის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლებას მინდობით აღმზრდელისთვის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან კომუნიკაციის თავისებურებების თაობაზე.

სააგენტოს მხრიდან ბავშვების უფლებების სისტემურ დარღვევებზე არასრულწლოვნებმა, PHR-ის ადვოკატების დახმარებით, მიმართეს საქალაქო სასამართლოს. მართლმსაჯულების უფლებით სარგებლობის დროსაც, ბავშვებს შეექმნათ ბარიერები PHR-ის ადვოკატებზე მინდობილობის გაცემის კუთხით.

მიუხედავად შექმნილი ბარიერებისა,  PHR -ის დახმარებით ბავშვებებმა მიმართეს სასამართლოს და ითხოვენ  სასამართლომ იმსჯელოს მათ დარღვეულ უფლებებზე. ასევე, სახელმწიფოს შეახსენოს თავისი ვალდებულება, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვები ნებისმიერ სივრცეში და რა ზომები მიიღონ დაზარალებული ბავშვების მხარდასაჭერად.

PHR აღნიშნულ საქმეში ბავშვების სასარგებლოდ ზრუნვის სააგენტოსგან სოლიდურ კომპენსაციასაც ითხოვს.

საქმეზე მუშაობენ თამარ გაბოძე და თამარი კაპანაძე.

 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.



[1] https://www.phr.ge/index.php/publication/publication/583?lang=geo