PHR-მა ბავშვის დავა ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.
დღეს სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რ.ყ.-ს საქმეზე, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას ბავშვისთვის 7130 ლარის გადახდა დაავალა.
არასრულწლოვანმა რ.ყ-მ PHR-ის დახმარებით სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბერს მიმართა და მოითხოვა დროებითი განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
წინაისტორია
2021 წლის 09 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა დროებითი განჩინება, რომლითაც საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოსაცდელი პერიოდის გარეშე დააფინანსებდა ყველა იმ შემთხვევას, როდესაც იარსებებდა ქცევითი გამოწვევების ან/და კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისთვის ზოგადი ანესთეზიით ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება.
მიუხედავად იმისა, რომ დროებითი განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს განჩინების გამოცემიდან 14 თვე დასჭირდა, ვიდრე სასამართლოს დავალებას შეასრულებდა. სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო 12 წლის რ.ყ.-მ ვერ მიიღო სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით სახელმწიფოს დაფინანსებით, ბავშვს უწევდა ტკივილის მოთმენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გაუუარესდა მდგომარეობა.
ბავშვის დედამ სამინისტროს დაფინანსების მოთხოვნით ორჯერ მიმართა - 2021 წლის 28 ოქტომბერს და 2022 წლის 09 მარტს. სამინისტრომ 2022 წლის 21 სექტემბერს მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და ბავშვის დედის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, კბილი რომელიც 2021 წლის ოქტომბერში დასაბჟენი იყო, ამოსაღები გახდა. ასევე დაუზიანდა სხვა კბილებიც. ვინაიდან ბავშვი განიცდიდა აუტანელ ტკივილს, 2022 წლის ივლისში, რ.ყ.-ის დედამ ისესხა თანხა, რათა შვილს მიეღო სტომატოლოგიური მომსახურება.
2022 წლის 30 ნოემბერს ბავშვმა PHR-ის დახმარებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დროებითი განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 18 ნოემბერს, ისე რომ ბავშვის იმჟამინდელი მდგომარეობა არ შეუსწავლია, დააკმაყოფილა რ.ყ.-ს 2021 წლის 28 ოქტომბრის მოთხოვნა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად იყო შეცვლილი, კერძოდ, მან ამოიღო კბილი რომლის დაპლომბვაც შესაძლებელი იყო 2021 წლის ოქტომბერში. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ბავშვი ფაქტობრივად ვერ გამოიყენებდა.
2023 წლის 07 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.ყ.-ს საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბავშვის მოთხოვნა და ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას დააკისრა 7130 ლარის გადახდა არასრულწლოვანის სასარგებლოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ის ვადა, რაც სამინისტროსა და მთავრობას განჩინების აღსასრულებლად დაჭირდა სრულად სცილდება ყოველგვარი გონივრულობის ფარგლებს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ განჩინება სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ავალდებულებდა ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების დაუყოვნებლივ გაწევის უზრუნველყოფას, თუნდაც შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, ვინაიდან სასამართლომ იმსჯელა დროებითი განჩინების აღსრულების გონივრულ ვადაზე, ხოლო ვალდებულების შესრულებისთვის არაგონივრულად დიდი დროის გამოყენება შეაფასა უკანონო ქმედებად, რაც ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა. ამ გადაწყვეტილებით ყველა პირს, ვინც განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი სახელმწიფოს არაეფექტური მოქმედების გამო (სასამართლო განჩინების აღუსრულებლობა არაგონივრულად დიდი დროის განმავლობაში, რის გამოც კომუნიკაციისა და ქცევის სირთულის მქონე პირებს არ შეეძლოთ ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურების მიღება სახელმწიფოს დაფინანსებით) შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.