დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო დაწესებულებებს ლ.ღ-სთვის სერვისის მიწოდებაზე უარის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა!

როგოც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლ.ღ-ს სჭირდებოდა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ინფორმირებული იყო ლ.ღ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქცევის სირთულისა და პერსონალური ასისტენტის გადაუდებლად დანიშვნის საჭიროების შესახებ. 

სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარის გამო ლ.ღ-ს უხდებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვეობით ყოფნა, სადაც იგი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ლ.ღ. ქცევის სირთულის გამო, ასევე, ვერ იღებდა განათლებას და ვერც სახელმწიფოში არსებული სხვა სერვისებით სარგებლობდა. 

აღსანიშნავია, რომ ლ.ღ. არ საჭიროებდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობას. მისი ფსიქიატრიულში მოთავსება გამოწვეული იყო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მის საჭიროებაზე მორგებული სერვისი. სახელმწიფო ორგანოების მიმართ ლ.ღ-ს არაერთი მოთხოვნა პერსონალური  ასისტენტის სერვისის შექმნის თაობაზე უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბინაზე მოვლის ქვე-პროგრამაში პერსონალური ასისტენტის პროგრამის შექმნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 28 სექტემბერს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ დაავალა აღნიშნული პროგრამის შექმნა და ლ.ღ-ს საჭიროებების დაკმაყოფილება. პროგრამის ფარგლებში სახელწმიფო ვალდებული გახდა ლ.ღ-სთვის დღე-ღამეში 12 საათის განმავლობაში გაეწია ასისტენტების მომსახურება. 

დღეს კი, ოთხწლიანი განხილვების შემდეგ, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის ძირითადი მოთხოვნა და სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის არ არსებობა და შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარი, შეაფასა როგორც სახელმწიფოს უმოქმედობა, რამაც გამოიწვია ლ.ღ-ს უფლებების დარღვევა წლების განმავლობაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მთავრობას,  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უმოქმედობის გამო დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ლარის ოდენობით

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო, პროგრამის არ არსებობას ხსნიდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, და განმარტავდა რომ ფინანსური რესურსების გათვალისწინებით სახელმწიფოში დროთა განმავლობაში იქმნებოდა შესაბამისი სერვისები. სასამართლომ მათი არგუმენტი არ გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ გაჭიანურდა და დაყოვნდა ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სერვისის შექმნა, რასაც არ ჰქონდა გონივრული გამართლება.

ეს საქმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შშმ პირების და მით უფრო შშმ ბავშვების დაცვის კუთხით, ვინაიდან გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის სერვისების დროულად დანერგვის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ვალდებულებებს შშმ ბავშვების უფლებების ეფექტურად დაცვის კუთხით. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს შშმ პირებისთვის მათზე მორგებული სახელმწიფო სერვისების დროულ და ეფექტურ  დანერგვას და მიწოდებას.

ამ გადაწყვეტილებით სახელწმიფოს სხვა მსგავს შემთხვევებში აღარ ექნება საშუალება ფინანსების არარსებობით გაამართლოს ბავშვებისთვის ისეთი სერვისების შექმნაზე უარი, რაც შედეგად ბავშვების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას. 

მოსამართლე: დავით წერეთელი. 

საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: სოფიკო მენაბდიშვილი, ანა არგანაშვილი, ნანა გოჩიაშვილი, თამარ კაპანაძე. 

ლ.ღ-ს ისტორია სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ იხილეთ -> https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/1187481591935570/ 

ასევე, რადიო თავისუფლების სტატია -> https://www.radiotavisupleba.ge/a/30864399.html