დღეს ქვეყანაში შექმნილი რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის მიუხედავად, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აგრძელებს აქტიურ რეჟიმში მუშაობას. PHR-ის გუნდი, სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეების პარალელურად, განაგრძობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ქალთა უფლებებზე.
გასულ კვირას წარმატებით დასრულდა ტრენინგების სერია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 14 საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს სამ რეგიონში: ქვემო ქართლში, იმერეთსა და კახეთში.
აღნიშნული კამპანიის მთავარი მიზანი ცნობიერების ამაღლების გზით ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია იყო. PHR-ის იურისტებმა ტრენინგების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორის ხელშეკრულებები;
ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების გზები;
სახელმწიფოს ვალდებულება ძალადობის პრევენციის და ძალადობა გამოვლილი ქალის გაძლიერების შესახებ;
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება;
მართლმსაჯულების პროცესში ძალადობა გამოვლილი ქალის უფლებები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების წინაშე არსებული ბარიერების და მათთან გამკლავების სამართლებრივი საფუძვლები;
სტიგმა და სტერეოტიპები, რომელიც ზრდის ძალადობის რისკებს;
ეროვნული და საერთაშორისო პრეცედენტული გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე.
შეხვედრებს რეგიონში მცხოვრები ქალები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების პირები, დღის ცენტრების თანამშრომლები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში, ქალებმა მიიღეს ინფომრაცია საკუთარი უფლებებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. გაიუმჯობესეს ცოდნა ძალადობისგან თავის დაღწევისა და სახელმწიფოსგან შესაბამისი სერვისების მიღების შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებმა მიიღეს ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ვალდებულების შესახებ, გაეცნენ ეროვნულ და საერთაშორისო პრაქტიკას შშმ პირთა ძალადობისგან დაცვისა და შემცირების შესახებ. დღის ცენტრის თანამშრომლებმა კი მიიღეს უფრო სიღრმისეული ცოდნა ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდების თაობაზე.
ტრენინგების სერია განხორციელდა PHR-ის ორგანიზებითა და “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით.