13 წლის გიორგის* საყვარელი სუპერ გმირები ბეტმენი და სპაიდერმენი არიან. გიორგი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, მას ინფორმაციის ვერბალურად გადმოცემა უჭირს.

გიორგის სახლიდან სკოლამდე და პირიქით ტრანსპორტი ემსახურება, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. მგზავრობისას გიორგის თან ახლავს ტრანსპორტირების ასისტენტი, რომელსაც მგზავრობისას მასზე ზედამხედველობა და ზრუნვა ევალება. გიორგის სკოლაშიც ჰყავს ასისტენტი, რომელიც მას სასწავლო პროცესში ეხმარება.

რა მოხდა მგზავრობისას?

2023 წლის აპრილში დედამ გიორგი სკოლაში დაზიანებების გარეშე გაუშვა ტრანსპორტირების ასისტენტთან ერთად. სკოლიდან დაბრუნებულმა ბავშვმა დედას მაშინვე მიანიშნა ჯერ ფეხზე, შემდეგ კი მკერდზე. დედამ ბავშვის სხეული დაათვალიერა და აღმოაჩინა, რომ გიორგის მარცხენა ბარძაყზე, მკერდის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დაზიანებები ემჩნეოდა და აშკარად ეტყობოდა თითების კვალი.  ამჯერად ბავშვი მხოლოდ მძღოლმა მოიყვანა, ტრანსპორტირების ასისტენტი მასთან ერთად არ ყოფილა.

სიტუაციაში გასარკვევად დედა ტრანსპორტირების ასისტენტს დაუკავშირდა. მისგან პასუხი მიიღო, რომ მგზავრობისას ბავშვი მშვიდად იყო და არაფერი მომხდარა. სკოლის ასისტენტმა განუცხადა, რომ ის კატეგორიულად გამორიცხავდა სკოლაში დაზიანებების მიღებას. მისი განცხადებით, გიორგი უვნებელი ჩააბარა ტრანსპორტირების ასისტენტს. მოგვიანებით, გიორგის დედამ ტრანსპორტირების ასისტენტს უთხრა, რომ აპირებდა პოლიციისადმი მიმართვას, რის შემდეგაც  ასისტენტმა მძღოლთან დაიწყო საკითხის გარკვევა.

მალევე გიორგის დედას მძღოლმა დაურეკა და განუცხადა, რომ ბავშვს გაეხუმრა. მძღოლმა იგივე დაუდასტურა ბავშვის ბაბუასაც.

გიორგის დედამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. გამოძიება 2023 წლის 22 აპრილს დაიწყო. გიორგის სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

რა თქვა ექსპერტიზამ?

ტრანსპორტირების ასისტენტმა და მძღოლმა გამომძიებელს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს. მათი განცხადებით, თითქოს ბავშვი მანქანიდან ხტებოდა და მძღოლი მის შეკავებას ცდილობდა. ტრანსპორტირების ასისტენტმა ვერ ახსნა, რით იყო განპირობებული გამოძიებამდე და გამოძიების პროცესში განვითარებულ მოვლენათა განსხვავებული ინტერპრეტაცია.  სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ ბავშვის სხეულზე დაზიანებები მიყენებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის გამოყენებით.

PHR-ი საქმეში ერთვება

PHR-ი 2023 წლის აპრილში, ფაქტიდან რამდენიმე დღეში საქმეში ჩაერთო. ბავშვის ადვოკატმა განცხადებით მიმართა პროკურორს და გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვა. ადვოკატი მიუთითებდა, რომ ბავშვს ფიზიკური დაზიანებები მძღოლმა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მიაყენა, მაშინ როდესაც ბავშვი იმყოფებოდა სახელმწიფოს მიერ დაქირავებული პირების სრული კონტროლის ქვეშ და რომლებსაც ბავშვზე ზრუნვა ევალებოდათ.

პროკურატურის უარი

პროკურორმა უარი თქვა ბავშვის მსხვერპლად აღიარებაზე და მთავარ არგუმენტად მიუთითა, რომ ბავშვი მისი ფიზიკური საჭიროებიდან გამომდინარე ამ დრომდე არ არის გამოკითხული. პროკურორმა მიუთითა გამოკითხვის პროცესში შესაბამისი მეტყველების თერაპევტის მონაწილეობის აუცილებლობაზე.

ადვოკატმა პროკურორის უარი ზემდგომთან გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. გიორგის დაზარალებულად ცნობაზე კვლავ უარი ეთქვა.

2023 წლის 30 ივნისს ბავშვის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა პროკურატურის უარის გაუქმებისა და გიორგის დაზარალებულად აღიარების მოთხოვნით.

საკითხის პრობლემურობა

აღნიშნული საქმე პროკურატურის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დაზარალებულად აღიარებაზე უარის თქმის პირველი შემთხვევა არ არის. PHR ასევე იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 9 წლის ბავშვს, რომელიც იმავე მიზეზით არ ცნო დაზარალებულად პროკურატურამ.  პეტრეს ინტერესების დაცვა PHR-მა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში გააგრძელა. 

პეტრეს მსგავსად გიორგისაც უსაფუძვლოდ ეთქვა უარი დაზარალებულად ცნობაზე.  PHR გიორგის საქმეში ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ეფექტურობასაც, ვინაიდან ადვოკატის მოთხოვნიდან მხოლოდ 3 კვირის შემდეგ მოითხოვა გამოძიებამ ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერების დაარქივება. ამ დროს კი ჩანაწერები უკვე აღარ არსებობდა.  გარდა ამისა, სახელმწიფოს არ მიუღია რაიმე ზომა გიორგის დროულად გამოსაკითხად. 

ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გიორგის ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მძღოლმა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების პროცესში და მძღოლისთვის ცნობილი იყო როგორც გიორგის ასაკი, ასევე ისიც, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, PHR იმედოვნებს, რომ სასამართლო სათანადოდ შეაფასებს პროკურატურის მხრიდან ბავშვის უფლების დარღვევის ფაქტს და გიორგის აღიარებს დაზარალებულად.

საქმეზე მუშაობს ადვოკატი ანა თავხელიძე  


*ბავშვის სახელი შეცვლილია.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.