პირველ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვების ძალადობისგან დაცვა.

დღეს PHR-მა განცხადებით მიმართა პროკურატურას ბავშვის მიმართ საჯარო ბაღში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე და მოითხოვა ეფექტური რეაგირება.

საქმის გარემოებები

საქმე შეეხება 2 წლისა და 10 თვის ბავშვის მიმართ საჯარო ბაღში აღმზრდელის მხრიდან 2021 წლის აპრილში განხორციელებულ სისტემატიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. 

გამოძიების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ აღმზრდელმა 2 წლის და 10 თვის ბავშვზე რამდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით 7-ჯერ იძალადა  ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.  

ბავშვის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიხატებოდა თმების მოქაჩვაში, საჯდომზე ხელის დარტყმაში, საწოლში ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაწვენასა და სხეულზე, მათ შორის კისერზე ხელებით დაწოლაში, ბავშვის შეჯანჯღარებაში, ყვირილში, ჩხუბში, საწოლის კიდეზე ხელის დარტყმაში და სხვა.

საქმის მასალებში ბავშვის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ეპიზოდი აღწერილია შემდეგნაირად:

„აღმზრდელი ბავშვის საწოლისკენ იხრება, ამ დროს ბავშვი ტირის და თვალებს იფშვნეტს, მარცხენა ხელით ბავშვს ხელსახოცით წმენდს ცხვირს ძლიერად. აღმზრდელის მოქმედებაში ჩანს რომ ცხვირზე ძლიერად უჭერს ხელს, აწვება ცხვირზე და გადამეტებული ფიზიკური ძალის ზემოქმედებით წმენდს ცხვირს. კადრში ჩანს თუ როგორ ჩააჭერს ცხვირზე მოჭერილ ხელსახოციან ხელს  ბავშვს. შემდეგ იღებს ხელსახოციან ხელს, ხელსახოცს იმავე ხელში მოკეცავს და ისევ ბავშვის სახეს უბრუნდება, სადაც ისევ წმენდს ცხვირს და ცხვირის მოხოცვის შემდეგ ბავშვს მარჯვენა თვალბუდის არეში უხეშად აჭერს ხელსახოციან ხელს, რა დროსაც ბავშვი იწყებს ისტერიულ ტირილს და მის სახეზე შეინიშნება ტკივილის განცდა. ამის შემდეგ ბავშვი გაუნძრევლად წევს საწოლში გვერდულად მარცხენა გვერდზე და მარჯვენა ხელი უკანკალებს.“

საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ბავშვს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ფეხის, მხრის, ცხვირისა და მუცლის არეში.

ბაღში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შედეგად ფიზიკურ ზიანთან ერთად ბავშვს მიადგა მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი, რაც გამოვლინდა ძილის დარღვევაში, უცხო ადამიანების მიმართ შიშში, მეტყველების დათრგუნვაში.

სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება

სისტემატური ძალადობის დამადასტურებელი არაერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, საქმის პროკურორმა მოძალადე აღმზრდელს ბრალდება წარუდგინა ფიზიკური ძალადობის მხოლოდ ორ ეპიზოდზე - თმის მოქაჩვასა და საჯდომზე ხელის მირტყმის ფაქტზე. ზემოთ აღწერილი ძალადობის სხვა შემთხვევები პროკურორმა სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა. სახელმწიფოს დღემდე არ დაუსჯია ვინმე ბავშვის სხეულზე მიყენებული დაზიანებების გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ (მოსამართლე ნინო ელიეშვილი), რომელთანაც წარდგენილი იყო საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის მხოლოდ 2 ეპიზოდში დადანაშაულებული აღმზრდელი დამნაშავედ სცნო და სასჯელად დანიშნული 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაუთვალა პირობითად,   რაც იმას ნიშნავს, რომ აღმზრდელი არცერთ დღეს არ გაატარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მას მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს.

ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობიდან დღემდე გასულია 2 წელზე მეტი, ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის რაიმე სერვისი არ მიუწოდებია.

რა გააკეთა PHR-მა?

PHR საქმეში 2023 წლის მაისში ჩაერთო. ადვოკატმა პირველ რიგში მიმართა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და ითხოვა ბავშვის საჭიროებების შეფასება და მისთვის ყველა საჭირო სერვისის სახელმწიფოს ხარჯზე მიწოდება.

ასევე, ადვოკატმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს  და მოითხოვა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ბავშვისთვის მიყენებული ზიანის შესახებ. ვინაიდან პირველ ინსტანციაში ბავშვის საპროცესო და სამართლებრივ წარმომადგენლობას სახელმწიფო ახორციელებდა და მათ სრულად არ ისარგებლეს დაზარალებული ბავშვისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით, ბავშვს შეეზღუდა მოსმენის უფლება.  

თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე ნათია ბარბაქაძე) ბავშვის ადვოკატს მისცა უფლება დეტალურად მიეწოდებინა ინფორმაცია სასამართლოსთვის არა მხოლოდ ბავშვისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, არამედ გამოძიების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ. სასამართლომ პოზიციის დაფიქსირების უფლება მისცა ბავშვის დედასაც, რომელმაც ისაუბრა იმ სირთულეებზე რაც ბავშვს და ოჯახს შეექმნა განხორციელებული ძალადობის შედეგად.

ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად პროკურორმა სრულად არ შეაფასა ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ყველა ეპიზოდი, გაჩნდა ეჭვი პროკურორის არაობიექტურობასთან დაკავშირებით. 2023 წლის 01 ივნისს PHR-ის ადვოკატმა მიმართა პროკურატურას მოითხოვა ძალადობის სხვა ეპიზოდებში საქმის სრულყოფილი გამოძიება, მიმდინარე საქმიდან პროკურორისა და გამომძიებლების ჩამოცილება და პროკურორის მხრიდან შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიების დაწყება.

PHR აგრძელებს ბავშვის ინტერესების დაცვას.

საქმეზე მუშაობს PHR-ის იურისტი ანა თავხელიძე  

 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.