ბოლო წლებში საქართველოს ჩართულობა გლობალურ მიგრაციულ პროცესებში საგრძნობლად გაიზარდა. მიგრაცია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით დღემდე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისათვის. მიგრაციის ეფექტიანი მართვა ქვეყნის უსაფრთხოების და გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი წინაპირობაა, იგი ასევე წარმოადგენს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მიგრაციის პოტენციალის გამოყენებას.

მიგრაციის ძირითადი მიზეზი არის უმუშევრობა, რომელიც საქართველოში დღემდე სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები ქვეყნის დატოვების და უცხო ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის შესაძლებლობად ლტოლვილის სტატუსის მიღებას განიხილავენ.

მიგრაციის მოკლე სტატისტიკა

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის - ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავშესაფრის  მაძიებელთა 126 770 მოთხოვნა დაფიქსირდა [1]. წინა წლებთან შედარებით, 2022 წელს მთხოვნელთა რაოდენობის რიცხვმა 26 000 შეადგინა, რაც გასული წლების მონაცემებთან შედარებით ყველაზე მაღალ რიცხვს წარმოადგენს

ასევე, ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA)  2022 წლის ანგარიშის თანახმად [2], 2022 წელს რეკორდულადაა გაზრდილი საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობა, განსაკუთრებით გაზრდილია ქალების მიგრაციის მაჩვენებელი.

თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლები და მინიჭები პროცედურები

თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლები და პროცედურები ეფუძნება 1951 წლის კონვენციას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ [3]. ამ კონვენციის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, ვისაც:

 „აქვს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია, ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის სამშობლოში".

„ჯანდაცვის სერვისების ძიება - ქალებისა და მათი შვილებისთვის ლტოლვილი სტატუსის მიღების გავრცელებული მიზეზი“

თავშესაფრის მინიჭების პროცედურა არის პროცესი, როდესაც მასპინძელი სახელმწიფო სწავლობს რატომ არ შეუძლია პირს მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება და რატომ სურს თავშესაფარი იმ ქვეყანაში, სადაც ჩავიდა.

ბოლო წლების განმავლობაში გახშირდა ჯანდაცვის სათანადო სერვისების არარსებობის გამო, ევროპის ქვეყნებში ლტოლვილის სტატუსის მიღების მოთხოვნა , ე.წ. „ჩაბარება“. 

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახშირდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილად ჩაბარების მიზეზად ქვეყანაში საჭირო ჯანდაცვის სერვისების არ არსებობის დასახელება.


მაგალითად, რთული დიაგნოზების მართვის შეუძლებლობა, დაავადებების არასათანადოდ მკურნალობა და პროფესიონალების ნაკლებობა. როდესაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ავადმყოფის თავ მდგომად ყოფნის საჭიროება დგება, ამ როლს ქალები ირგებენ. ევროპის სოციალური ქარტიის 27-ე მუხლი ასეთ შემთხვევებს სქესით ნიშნით დისკრიმინაციის კონტექსტში განიხილავს. [4]


PHR -ის პრაქტიკა

ჩვენს ორგანიზაციაში, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“,  იურიდიული კონსულტაციის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ შვილებისთვის ჯანმრთელობის სერვისების მისაღებად მიგრაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ქალების მძიმე არჩევანია.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, არაერთი სატელეფონო ზარი და შეტყობინება ყოფილა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ისტორიები განსხვავებულია, თუმცა ინტერესი ერთი - ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა შვილებმა მიიღონ ის საჭირო ჯანმრთელობის სერვისები, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ვერ იღებენ.

მშობლებს სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი ხნით შეძლონ შერჩეულ ქვეყანაში დარჩენა მათი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტით მომსახურების მიღება.  

ამ ზარებიდან უმრავლესად მოგვმართავენ ქალები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებთან ერთად წავიდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ეძებენ შვილის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით მათთვის ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანას. ასეთის პოვნის შემდეგ იწყება რთული გზა, თვეობით ლტოლვილთა კარვებში ცხოვრება, პროცედურების გარკვევა, რა დროსაც ხშირად გვთხოვენ განცხადების, საჩივრის შედგენას, კანონმდებლობის გაცნობას/განმარტებას; დედები ჩვენი დახმარებით ხშირად მიმართავენ ქვეყანაში სხვადასხვა უწყებებს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. მათ შორის ითხოვენ დოკუმენტებს ძალადობის მსხვერპლად აღიარების შესახებ, ასევე სამედიცინო დოკუმენტებს იმის დასამტკიცებლად, რომ შვილის აგრესიული ქცევის გამო ხშირად მიმართავდნენ სამედიცინო დაწესებულებებს, ფსიქიატრიულ კლინიკებს.  მათი მიზანია დაარწმუნონ მიმღები ქვეყანა იმაში, რომ მათი შვილებისთვის არ არსებობს მშობლიურ ქვეყანაში ჯანმრთელობისთვის საჭირო მომსახურებები, რაც დაიცავთ თავად ბავშვებს და ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის დაზიანებისაგან და საფრთხის ქვეშ არ იქნება მათი სიცოცხლე.

დედები გვიყვებიან:

თეა მეფარიშვილი 8 წლის ლიზის დედაა. ლიზის აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს, რომელიც იშვიათი დაავადებების ნუსხაშია შესული.  ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად აღმოაჩნდა დიაგნოზის თანმდევი არაერთი ისეთი სიმპტომი, რომელიც მის ცხოვრებას ართულებდა. საჭირო სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო საფრთხის ქვეშ იყო ბავშვის სიცოცხლე, რის გამოც დედა იძულებული იყო 24 საათის განმავლობაში ზედამხედველობა გაეწია შვილისთვის.

ლიზის დედამ რამდენიმე წლის წინ მიიღო რთული გადაწყვეტილება და დატოვა სამშობლო შვილებთან ერთად.

 „უცხო ქვეყანამ ჩემი შვილი შეიფარა, მიიღო და ცდილობს, რომ ყველანაირად გადაარჩინოს. საქართველოში არც ერთმა სპეციალისტმა სრულყოფილად არ იცოდა და არც ახლა იცის, რა სჭირდებათ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს “, - თეა მეფარიშვილი.

ახლა ოჯახი ბარსელონაში ცხოვრობს. ჩასვლის პერიოდი რთული იყო, პირველად პოლიციაში მივიდნენ და მოითხოვეს დახმარება შვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ლიზის დედა ამბობს, რომ ესპანეთმა ისინი სრულად უზრუნველყო ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. თეას გადმოცემით ლიზის ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით დაცულია ამ ქვეყანაში, დაბრუნებას კი იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ საქართველოც ანალოგიურად იზრუნებს ლიზიზე.  

ნათია ლომიძე საბას დედაა. საბა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია. მის დიაგნოზია აუტიზმი. ბავშვს ზრდასთან ერთად დაეწყო რთული ქცევები, რაც დამაზიანებელი იყო როგორც მისი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე დედისთვისაც. ნათია მეუღლემ შვილის მდგომარეობის გამო მიატოვა და 17 წელია საბას მარტო ზრდის. 5 წლის წინ საბას მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ერთადერთი ადგილი სადაც ბავშვს იღებდნენ იყო მოზრდილთა ფსიქიატრიული კლინიკა. ქვეყანაში არ იყო სერვისი, რომელიც საბას საჭიროებებს მოერგებოდა და დააკმაყოფილებდა. 

„შინაპატიმრობაში ვიყავით მე და საბა.  ასისტენტი, რომელიც სახელმწიფომ რამდენიმე საათით გამოგვიყო მეორე ოთახში იმალებოდა, ისე ეშინოდა საბასი. მე არჩევანი არ მქონდა, უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ ვიყავი და მეგობრებისა და შემოწირულობების იმედად თვიდან თვემდე გაგვქონდა თავი. ამის გამო გადავწყვიტე საფრანგეთში „ჩაბარება“. მოვიძიე ინფორმაცია, რომ საბასთვის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული იქნებოდა იმ ქვეყანაში. გზა ძალიან რთული იყო. თუმცა დღეს ჩემს შვილს რომ ვუყურებ ყველაფერი ღირდა ამად, რომ ის ღირსეულ, მის საჭიროებებზე მორგებულ გარემოში ცხოვრობს. ის ყველა პროფესიონალისთვის ერთი ბავშვია მისი უნიკალურობით და ზრუნავენ ისე, როგორც ალბათ საქართველოში წლები ვერ მივაღწევთ ამ დონეს.“-ნათია.

ნათიას თქმით, იმ ბანაკში სადაც ის ცხოვრობს მკურნალობის გამო ჩამოსული ძალიან ბევრი ქართველია: „ერთი გოგოა დაუნის სინდრომით, აუტისტი ბავშვები დედებით იმდენია, ვერ დავითვლი, დედები ყველა შანს იყენებენ შვილებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად“.

როდესაც ნათიას მოლოდინებზე ვკითხე მან მიპასუხა, რომ ეშინია ფიქრისაც კი რომ უკან დააბრუნებენ საქართველოში, საბას ყავს ისეთი ასისტენტი, რომელიც საბას ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ღირდა ეს წვალება და საბასთვის ღირს სამშობლოსგან შორს, აქ დარჩენა“.

 

PHR-ს დაუკავშირდა ნინო,[5] რომლის შვილსაც საქართველოში დაუსვეს ტუბერკულიოზის დიაგნოზი. როგორც თავად ყვება, საქართველოში დაუნიშნეს ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომელმაც გარდა იმისა, რომ პრობლემა ვერ მოაგვარა, განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამის გამო, ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. როგორც ამბობს, იძულებული გახდნენ ლტოლვილის სტატუსით გერმანიაში წასულიყვნენ.

შვილზე მზრუნველობა მხოლოდ დედამ გადაწყვიტა, სხვა ყველა ოჯახის წევრმა უარი თქვა. ბავშვისთვის ერთადერთი ვინც ამ პრობლემის გადალახვაში დაეხმარა, დედა იყო. 9 თვის შემდეგ ნინომ კვლავ დარეკა ორგანიზაციაში და გვითხრა, რომ მისი შვილი თავს უკეთ გრძნობდა.  გერმანელი ექიმების დახმარებით მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ბავშვმა დედის და გერმანელი ექიმების დახმარებით დაამარცხა მძიმე დაავადება და თავს კარგად გრძნობდა.

რას გვეუბნება კანონმდებლობა

საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“, გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის და საერთაშორისო პაქტის „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ „მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით დაიცვას ბავშვის ჯანმრთელობის უფლება. აღნიშნული უფლების განხორციელება კი იმ სტანდარტით უნდა მოხდეს, რომ ბავშვებს მშობლებთან ერთად არ უხდებოდეთ ქვეყნის დატოვება და ლტოლვილის სტატუსის ძიება.

სახელმწიფომ ეს ქალები იძულებული გახადა სამშობლოსგან, ოჯახისგან, ნათესავებისგან, მეგობრებისგან შორს წასულიყვნენ შვილების გადასარჩენად. ამ და ბევრი სხვა ისტორიების გმირებიდან სამშობლოში  თითქმის არავინ ბრუნდება. ქალები სხვა ქვეყნებში ცდილობენ შვილისთვის საჭირო და აუცილებელი სერვისების მიღებით შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის იბრძოლონ, რისთვისაც  წლობით უდიდეს სირთულეებს ეჭიდებიან, ცხოვრობენ ლტოლვილთა ბანაკებში, უმტკიცებენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს რამდენად სჭირდებათ მათი დახმარება გადარჩენისთვის. სამშობლოსთვის კი სტატისტიკად რჩებიან, რომელიც წლიდან წლამდე აუჩინარებს ადამიანებს, რომელთა უხილავი პრობლემებიც მშრალ ციფრებში არ ხვდება.  

 

ბლოგი მომზადდა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ", რომელსაც ახორციელებს #PHR-ი, “ქალთა ფონდი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.





[3] https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/aqtebi11.pdf

[4] https://matsne.gov.ge/ka/document/view/1392164?publication=0

[5] სახელი შეცვლილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის  მიზნით