„გართულებები თავისით ალაგდება“

ნინოს* ჯანმრთელობის მდგომარეობა მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო გაუუარესდა. ის ჯერ კიდევ სამშობიაროში ითხოვდა დროულ სამედიცინო დახმარებას, თუმცა, მკურნალი ექიმი პაციენტს სახლში გაწერასა და მკურნალობის შინ გაგრძელებას სთავაზობდა და ეუბნებოდა, რომ „გართულებები თავისით ალაგდება“. მხოლოდ ნინოს უარის შემდეგ მოიწვია სამშობიარომ სპეციალიზებული ექიმი სხვა კლინიკიდან საკონსულტაციოდ. შემდეგ დღესვე კი ის სამშობიაროდან გაწერეს სხვა საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად.

ორი ცნობა

სამშობიაროს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ნინოს მდგომარეობა სამშობიაროდან გაწერის დროს დამაკმაყოფილებელი იყო.  მაგრამ, სპეციალიზებულმა კლინიკამ ნინოს მდგომარეობა (გაუსაძლისი ტკივილი და მაღალი ტემპერატურა) მწვავედ შეაფასა. მის გამოსაჯანმრთელებლად ოპერაციული ჩარევა აუცილებელი გახდა.

ნინო იწყებს ბრძოლას

ვინაიდან, ნინოს, მშობიარობის გართულებების შემდგომ პერიოდში არ გაუწიეს სათანადო დახმარება სამშობიაროში, მან საჩივრით სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა (სამედიცინო სფეროში პროფესიული საქმიანობის საზედამხედველო ორგანო). საჩივრით ნინო საქმის ყოველმხრივ შესწავლას, შესწავლის პროცესში მონაწილეობას, ექიმების მიერ ოპერაციის შემდგომ პერიოდში დაშვებული შეცდომების დადგენას და მათთვის დისციპლინური ზომების დაკისრებას ითხოვდა.

რეგულირების სააგენტომ ნინოს სამედიცინო დოკუმენტაცია შესაფასებლად ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმ-სპეციალისტებს მიმართა დასკვნის მომზადების მოთხოვნით.  

ექიმ-სპეციალისტის მიერ გაკეთებული დასკვნა მხოლოდ ოპერაციული ჩარევის მიზანშეწონილობის კვლევას მოიცავდა. მან არ შეისწავლა ოპერაციის შემდგომი პერიოდში მკურნალი ექიმის საქმიანობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რასაც ნინო ითხოვდა.

შედეგად, პროფესიული განვითარების საბჭომ საქმის ყოველმხრივ შესწავლის და ნინოს მონაწილეობის გარეშე იმსჯელა და მკურნალ ექიმს არ დააკისრა დისციპლინური სახდელი. დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება, მხოლოდ სხვა ექიმს დაეკისრა, ისიც მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტის არასწორად შედგენისთვის.

სასამართლო პროცესი

PHR-ის დახმარებით ნინომ სასამართლოს მიმართა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას PHR-ი რამდენიმე პროფესიულ გაერთიანებას და საექსპერტო დაწესებულებას დაუკავშირდა და სთხოვა დარგის სპეციალისტებს, სამედიცინო ისტორიის საფუძველზე შეეფასებინათ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი. ყველა პროფესიულმა ასოციაციამ პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დანიშვნის არსებული რეგულაციითა და დამკვიდრებული პრაქტიკით მთლიანად ექიმის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მოამზადებს თუ არა ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. კოლეგიალობის გამო ხშირია უარი ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტების ალტერნატიული დასკვნები  არ არსებობდა (რადგან ყველა პროფესიულმა ასოციაციამ უარი თქვა), სასამართლომ, საქმეში არსებული სამედიცინო ისტორიის, ახსნა-განმარტების და დასაბუთების შედეგად ნინოს სასარგებლო მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ უკანონოდ ცნო პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება და საკითხის ხელახალი და სრულყოფილი შესწავლა, ამჯერად პაციენტის მონაწილეობით, დაავალა. (მოსამართლე ლელა მილდენბერგერი)

რატომ არის ეს საქმე მნიშვნელოვანი?

სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით არსებული დავები უმეტესად საჭიროებს შესაბამისი დარგის ექსპერტების დასკვნას, რომლის მოპოვებაც ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ექსპერტების მიერ უარის თქმის შემთხვევაში. აღნიშნულმა საქმემ დაამტკიცა, რომ პაციენტებმა, რომელთა უფლებები უხეშად ირღვევა, არ უნდა შეწყვიტონ ბრძოლა. შესაძლებელია, პაციენტებმა სიმართლე სასამართლოში დაამტკიცონ, მაშინაც კი, თუ ალტერნატულ სამედიცინო დასკვნას ვერ მოიპოვებენ.


საქმეზე მუშაობდნენ იურისტები:

თამარ გაბოძე,

სოფი მენაბდიშვილი,

ანა არგანაშვილი

PHR აგრძელებს ბავშვების, ქალების და შშმ პირების უფლებების დაცვას.


*სახელი შეცვლილია