ანას* წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი დანაშაული

ანა 11 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა. მასზე, დედის მეგობარი კაცი, ზვიადი, რამდენიმე წელი, სექსუალურად ძალადობდა.

ანამ, პირველივე  გაუპატიურებს შემდეგ, დედას მომხდარის შესახებ უამბო. თუმცა, დედამ ანას უპასუხა, რომ იგი ყველაფერს იგონებდა. გარკვეული ხნის შემდეგ, ანა კვლავ შეეცადა დედისთვის ეთქვა რომ მისი მეგობარი მამაკაცი მას აუპატიურებდა, რაც ასევე დაადასტურა ანას ძმამ, 8 წლის გიორგიმ.  დედამ არც გიორგის დაუჯერა. ზვიადი ანას მაშინაც აუპატიურებდა, როდესაც დედა სახლში, სხვა ოთახში იყო.

გამოძიება

2022 წლის ბოლოს,  ანაზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, პოლიციაში ანონიმური შეტყობინება შევიდა. გამოძიების დაწყების შედეგად,  ანას მიმართ ფიზიკურის გარდა, სექსუალური ძალადობაც გამოიკვეთა.

მოძალადეს წინაწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ანა და გიორგი ერთი წლის ვადით დედისგან განაცალკევეს.

სასამართლოში ბავშვების ინტერესებს PHR-ი იცავს. ორგანიზაციის მოთხოვნით, დედის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა ანასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

ზემოქმედება შვილზე

შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, დედა ნათესავების საშუალებით ეკონტაქტებოდა ანას და ჩვენების შეცვლას სთხოვდა. როგორც კი ორდერს ვადა გაუვიდა დედამ მოინახულა ანა და უკვე პირისპირ მოსთხოვა მოძალადის დანდობა. იგი ბავშვისგან მოითხოვდა შეეცვალა ჩვენება და ეთქვა, რომ არაფერი მომხდარა. ბავშვს ეჩხუბებოდა და ეძახდა უმადურს რადან ანამ გამოძიებას სიმართლე უამბო.

PHR-ის ინიციატივით, ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში, დაიწყო გამოძიება არასრულწლოვანზე ზეგავლენის ფაქტზე. პროკურატურამ ბავშვი დაზარალებულად და დედა კი - ბრალდებულად ცნო. 

ბავშვის უფლებათა სამართალი

PHR-ი მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, დღეს, ქვეყანაში, გავრცელებული პრაქტიკაა ბავშვებზე ზეგავლენა. მათ მიერ, მოძალადის წინააღმდეგ, ჩენების მიცემის საწინააღმდეგოდ. ყოველი ასეთი შემთხვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების დარღვევას.

არცერთ პირს, მათ შორის, მშობელს, არ აქვს უფლება სთხოვოს ბავშვებს ცრუ ჩვენების მიცემა ან, ჩვენების მიცემისგან თავის შეკავება. ყველა ასეთი შემთხვევა უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად და დადგეს შესაბამისი შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372 მუხლი ადგენს, რომ სისხლი სამართლებრივად ისჯება:

„გამოსაკითხი პირისადმი, მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მისი დაყოლიება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ანდა არასწორად თარგმნისათვის, ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან მიცემული ჩვენების ან დასკვნის შეცვლისათვის “.

PHR აგრძელებს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათ შორის, ცრუ ჩვენების მიცემის იძულების შემთხვევაში.

საქმეზე  მუშაობს PHR -ის იურისტი თამარ გაბოძე

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.




*ბავშვების სახელები და სხვა მონაცემები შეცვლილია მათი ინტერესის დაცვის მიზნით.