PHR-მა ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების ძალადობისგან დაცვას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შრომით მიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობა მკვეთრად მატულობს. ეს გამოწვეული იყო ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით. მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში სიტუაცია დასტაბილურებისკენ წავიდა, 2010 წლიდან შრომითი მიგრაციის რიცხვი კვლავ იზრდება და 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითად შედეგებში ემიგრაციაში წასულთა რიცხვი 88,5 ათასი პირს შეადგენს, აქედან 54,6% ქალი[1].

შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების უმეტესობა ძალადობის მსხვერპლი ხდება როგორც უცხო ქვეყანაში (მოუწესრიგებელი საბუთების, დეპორტაციის შიშის გამო ხშირად ირღვევა მათი შრომითი უფლებები) ასევე, ეს ქალები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან საკუთარ ქვეყანაში, მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად არ იმყოფებიან საქართველოში.  

მიგრანტი ქალების უმეტესობა გამოძალვის და შანტაჟის მსხვერპლია თავისი პარტნიორების/ქმრებისგან. მათ აიძულებენ მთელი დაგროვილი თანხა გამოაგზავნონ საქართველოში - აქ დატოვებულ შვილებზე ზრუნვის საბაბით; ამ ქალების ურთიერთობის შეზღუდვა შვილებთან გენდერული ძალადობის ყველაზე ხშირი ფორმაა -  პარტნიორები მათ აშინებენ აქ დატოვებულ ბავშვებზე მშობლის უფლების შეზღუდვით; ასევე მანიპულირება ხდება მათ მშობლებზე ზრუნვის მოტივით; ზოგ შემთხვევაში ხდება მათი საკუთრების უკანონოდ გასხვისება.

დღევანდელი მდგომარეობით, ქალთა უფლებების დაცვის ეროვნული კანონმდებლობა (მაგ. საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ) დაცლილია ინტერსექციული მიდგომისგან. იგი არ ახსენებს მიგრანტ ქალებს, რომელთაც განსხვავებული მდგომარეობა აქვთ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში დედებზე და ბავშვებზე ზრუნვას  სპეციალური ადგილი უჭირავს, არ გვაქვს ბავშვების და ქალების დაცვის ეფექტური პოლიტიკა.

მაშინ, როდესაც სტამბოლის კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2017 წელს მოახდინა, მიგრანტი ქალების, მათ შორის დოკუმენტების გარეშე მცხოვრები მიგრანტი ქალების შესახებ აღნიშნავს რომ ისინი „განსაკუთრებით დაუცველები არიან გენდერული ძალადობისგან... გარდა ამისა მათ მსგავსი სირთულეები ექმნებათ ძალადობის დაძლევასთან დაკავშირებით არსებული სტრუქტურული ბარიერების გამო“[2] და რიგ ვალდებულებებს მოიცავს, რომელთა მიზანია გენდერული თვალსაზრისით სენსიტიური აღქმის დანერგვის ხელშეწყობა  მიგრანტი ქალებისა და თავშესაფრის მაძიებელი ქალების მიმართ ძალადობის შესახებ[3].

იმისათვის, რომ საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის ნორმების რეალური აღსრულება დავიწყოთ, საჭიროა ჯერ პრობლემა სწორედ და აქტიურად წარმოვაჩინოთ.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქალების ძალადობის ორმაგი ფორმის (აქ და მიგრაციის ქვეყანაში) გამოვლენას და შეფასებას, რათა მომავალში, ამ პროექტის შედეგებზე დაყრდნობით შევძლოთ სახელმწიფო პოლიტიკის და კანონმდებლობის პრაქტიკის შეცვლის ადვოკატირება.

თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ქალი იმყოფებით შრომით მიგრაციაში და  გესაჭიროებათ სამართლებრივი კონსულტაცია დაგვიკავშირდით: 0322331356.

ან მოგვწერეთ facebook გვერდზე.

 

პროექტს "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ" ახორციელებს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR"-ი  „ქალთა ფონდი საქართველოში“  და Sida- შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.