2022 წლის 15 ნოემბერს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის “იურისტები თამარ კაპანაძე და თამარ გაბოძე რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაწესებულების სოციალურ მუშაკებს შეხვდნენ. შეხვედრას 10-მდე სოციალური მუშაკი ესწრებოდა,  შეხვედრა ორმხრივი დაინტერესებისა და აქტიური დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა.

სოციალურმა მუშაკებმა ისაუბრეს რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ რასაც ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები აწყდებიან:

  1. უსაფრთხო სქესობრივი კავშირის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ახალგაზრდებში;
  2. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტერეოტიპების ნეგატიური გავლენა ქალის ოჯახურ ცხოვრებასა და შვილებთან ურთიერთობაზე;
  3. ორსული პაციენტის შემთხვევაში წამლების შეცვლის და სპეციალურად შერჩევის საჭიროება.

სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს, რომ სხვა დაწესებულებებისგან განსხვავებით, რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მობილური ჯგუფი ჰყავს. მობილური ჯგუფი რეგიონის მასშტაბით ფსიქო-სოციალურ სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს შშმ პირთათვის საცხოვრებელ ადგილას და ეხმარება მათ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გაიარონ მკურნალობის კურსი სახლის პირობებში, რაც ამცირებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავების რისკს, დადებითად მოქმედებს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და დაწესებულების სტაციონარების დატვირთულობაზე.

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს რომ საჭიროა შშმ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ მეტი ცოდნა და ინფორმაცია ჰქონდეთ, როგორც თავად შშმ პირებს, ასევე, მათ როგორც სერვისის პროვაიდერებს. ასევე, არსებობის შემთხვევაში, გამოხატეს აღნიშნულ თემაზე ტრეინინგში მონაწილეობის სურვილი.

PHR განაგრძობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეხვედრებს როგორც თავად შშმ პირებთან, ასევე, მათთვის სერვისის მიმწოდებელ პირებთან.  ამასთან, რეგიონში მცხოვრები შშმ ქალების საჭიროებების შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით განსაზღვრავს სამომავლო აქტივობებს შშმ ქალთა სრჯ უფლებების რეალიზების ხელშესაწყობად.


შეხვედრები ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.