დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე)  ბავშვის ფიზიკური დასჯის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი  გამოიტანა და ბავშვზე მოძალადეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

საიდან დაიწყო ისტორია:

ალბათ გახსოვთ, გიყვებოდით, გიორგის ისტორიას, რომელიც ხილის მოკრეფის გამო დასაჯეს: ერთ დღეს, გიორგიმ* ხილი უნებართვოდ მოკრიფა. ამის გამო კი ხილის ერთერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ხიდან ძალით ჩამოათრია, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, ამოარტყა პანღური, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. 

პროცესები წელიწადნახევარი გრძელდებოდა.

რა გადაწყვიტა სასამართლომ?

დღეს, ძალადობის ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ,  გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელმაც გიორგი დასაჯა და ღირსება შეულახა.  

„მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში გავიარეთ, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, ბოლოს უკვე მეგონა რომ არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ დღეს ძალიან მაგარი იყო ეს განაჩენი. დიდი მადლობა თქვენს იურისტს, ანა თავხელიძეს, რომელმაც ბევრი იბრძოლა, და სასამართლოს და მოსამართლეს მადლობა ამ განაჩენისთვის. ბედნიერი დღე გვაქვს“- ელენე*, გიორგის დედა.

გახარებულმა გიორგიმ* დედას უთხრა: „მადლობა უფალს, რომ სამართალმა იზეიმა“.

 

რას დაეყრდნო სასამართლო?

სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და განმარტა, რომ ამგვარი მოპყრობა ბავშვის  მიმართ ღირსების შემლახველია. შესაბამისად, პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე ბავშვის ადვოკატის მოთხოვნით, სასამართლომ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობის მუხლით (ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია მე-3 მუხლი - წამებისგან დაცვა).

PHR-ი იმედოვნებს რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვლის ქვეყანაში არსებულ მიდგომას ბავშვებზე ძალადობასა და ფიზიკურ დასჯასთან დაკავშირებით.

 

*ბავშვის და დედის სახელები შეცვლილია კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. 

*მთავარი ფოტოს მარჯვენა სურათის წყარო: UNICEF Montenegro / Dusko Miljanic / 2017