„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების მისაწვდომობის ზრდის მიზნით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელებთან შეხვედრას.

2022 წლის 3 ოქტომბერს ორგანიზაციის იურისტი თამარ გაბოძე შეხვდა მცირე საოჯახო ტიპის სახლის თანამშრომლებს და პერსონალურ ასისტენტებს, რომლებიც უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა სერვის აწვდიან შშმ ქალებს.

თანამშრომლებმა  ისაუბრეს  იმ სირთულეებზე, რაც გამოწვეულია სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ბენეფიციარზე არსებული მწირი დაფინანსებით. ასევე იმ სირთულეებზე, რასაც შშმ ქალები აწყდებიან სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისით სარგებლობისას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა შშმ პირთა ჯანმრთელობის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, გენდერული თანასწორობის, სექსუალური ძალადობისგან დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების მნიშვნელობას.

პროექტის განმავლობაში დღის ცენტრებში და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განხორციელებული ვიზიტებზე მუდმივად იკვეთება სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და შშმ ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელების უფლების დარღვევა.

პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.