30 სექტემბერს PHR-ის ორგანიზებით სასტუმრო თბილისი მერიოტში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების წვდომა სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე“.

ორგანიზაცია 2020 წლიდან ახორციელებს პროექტს: „შშმ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა“ 

კონფერენციას შვედეთიდან  სტუმრობდნენ დონორი ორგანიზაციის - RFSU-ს, წარმომადგენლები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, რომლებსაც პროექტის ფარგლებში გაეწია სამართლებრივი დახმარება. ასევე, მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისისა და დღის ცენტრის წარმომადგენლები და PHR-ს მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები.

2020 წლიდან დღემდე პროექტის ფარგლებში გაიცა 4 მცირე გრანტი, ამათგან გრანტის მიმღები სამი ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი რეგიონში ფუნქციონირებს.

კონფერენციას უძღვებოდნენ PHR-ის იურისტები თამარ გაბოძე და თამარ კაპანაძე.

სპიკერებმა მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. ისაუბრეს იმ ბარიერებისა და პრობლემების შესახებ, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ყოველდღიურად აწყდებიან სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით (სრჯ) სარგებლობისას.  ხაზი გაუსევს სამედიცინო სერვისების  გაწევის დროს, ინფორმაციის კონფიდენციალობის მნიშვნელობასა და არა ადაპტირებული სერვისით გამოწვეულ სირთულეებს.  სამედიცინო პერსონალის მხრიდან სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე, საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე, რაც მათ ხელს უშლის საკუთარი უფლებებით სარგებლობისას.

მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შშმ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე და გრანტების მეშვეობით მიღწეულ პოზიტიური პრაქტიკასა და პირად გამარჯვებებზე, სისტემისა და მცდარ შეხედულებების წინააღმდეგ.

კონფერენციაზე  ორგანიზაციის იურისტებმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილეს ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში სექსუალური  განათლების დანერგვის საჭიროება, როგორც სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული საშუალება. დისკუსიის დროს, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს რამდენად სჭირდებათ მათ, როგორც მშობლებს, მასწავლებლებს, ინსტიტუციის წარმომადგენლებს სქესობრივი განათლების დანერგვა სხვადასხვა სახის გამოწვევებთან გასამკლავებლად.

კონფერენციის ბოლოს, მონაწილეებმა დაწერეს სურვილები თუ რა
ცვლილება სჭირდებათ, იმისთვის რომ სრჯ უფლებებით სარგებლობისას თავი იგრძნონ სხვებთან თანასწორად და ღირსების დაცვით მიიღონ ხარისხიანი სექსუალური და რეპროდუქციული სერვისები. PHR აქტიურად გამოიყენებს მონაწილეთა მიერ გამოხატულ სურვილებს მომავალი აქტივობების დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრის დროს. 


კონფერენცია გაიმართა RFSU- ფინანსური მხარდაჭერით.