2022 წლის ივლისში, PHR-ის ბავშვთა ადვოკატებს 11 წლის ბიჭმა მომართა. ბავშვს კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში უნდოდა გადასვლა, რადგან  დედის გარდაცვალების შემდეგ, ბებოსთან დარჩენილს ძალიან უჭირდა კერძო სკოლის საფასურის გადახდა და ფიზიკურად სიარული ბევრი კილომეტრით დაცილებული საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე.

ბავშვის ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის (მობილობის) მიზნით, ბავშვის ბებიამ განათლების სამინისტროს და სკოლებს მიმართა, თუმცა მათ უარი განაცხადეს ბავშვის გადაყვანაზე, რადგან ბებია არ არის ბავშვის მეურვე. ხოლო ბავშვის მამის (კანონიერი წარმომადგენლის) ადგილსამყოფელი წლებია უცნობია.  

ბავშვმა PHR -ის ბავშვთა ადვოკატებს მიმართა და ითხოვა მისი ინტერესები დაგვეცვა სასამართლოში. PHR-ი ბავშვის მომართვისთანავე ჩაერთო საქმეში. ბავშვის სახელით, პირველ რიგში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რესურს-ცენტრს და საჯარო სკოლას ეცნობათ პრობლემის შესახებ და ეთხოვათ სწრაფი მოგვარება, კერძოდ ბავშვის განცხადების საფუძველზე მისთვის განათლების უზრუნველყოფა. თუმცა მათ განმეორებით უარი განაცხადეს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, რადგან ბავშვის განცხადება არ ჩაითვალა სათანადოდ მობილობის დასაწყებად. მათ ბავშვს განუცხადეს, რომ განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ბავშვს არ აქვს უფლება თავად მოითხოვოს განათლების  უფლების რეალიზება.

PHR-ი და ბავშვი თვლიდნენ, რომ აღნიშნული უარი არღვევდა ბავშვის განათლების უფლებას, ართმევდა მას ქმედუნარიანობას, რიყავდა ბავშვს პროცესებიდან და უგულებელყოფდა მის საუკეთესო ინტერესს. 

2022 წლის 7 სექტემბერს,  PHR-მა და არასრულწლოვანმა მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვეს მოსამართლის განჩინებით ბავშვი ყველაზე ახლომდებარე საჯარო სკოლაში სასწრაფოდ ჩარიცხულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, 2022 წლის 9 სექტემბერს,  ბავშვის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ახალი სასაწავლო წლიდან არასრულწლოვანი სასურველ სკოლაში გააგრძელებს სწავლას!

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.