*ფოტოზე: 10 წლის მიხაილოს ნახატი
2022 წლის 24 თებერვალი განსხვავებულად გათენდა 9 წლის ვოლოდიმირისა და 10 წლის მიხაილოსთვის* (* ბავშვების სახელები შეცვლილია კონფიდენციალურობიდან გამომდინარე). ისევე როგორც მილიონობით უკრაინელი ბავშვის, მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თითქმის ყოველ დღე ისმოდა საჰაერო განგაში, რასაც რუსეთის მხრიდან ბავშვების ქალაქში ბომბების ჩამოყრა მოჰყვებოდა. ძმებმა ერთი კვირა სარდაფიდან გამოუსვლელად გაატარეს. 2022 წლის ივნისში დედამ საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და 13 ივნისს ჩამოვიდა.
2022 წლის პირველ აგვისტომდე ვოლოდიმირი და მიხაილო* უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრობდნენ, სადაც სამჯერადი კვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, თუმცა პირველ აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ბავშვები დედასთან და კიდევ ათობით სხვა უკრაინელთან ერთად ქუჩაში და ფაქტობრივად მშიერი დატოვა.
სწორედ პირველ აგვისტოს
გავიცანით PHR-ის ადვოკატებმა დედა და ორი ბავშვი.
ბავშვები საუბრობენ
პირველივე, რაც 10 წლის მიხაილომ გვითხრა, თუ რა სჭირდებოდა იყო - „საჭმელი, წამლები... საცხოვრებელი“. რასაც მოაყოლა, რომ ძალიან უნდოდა სათამაშოები, ფეხბურთის ბურთი, ჩამონათვალში ძმაც აჰყვა - კალათბურთის ბურთი უნდოდა, პლანშეტი და სკუტერი და კიდევ მრავალი სათამაშო, რომელიც 9 და 10 წლის ბავშვებს უნდათ. შუა ლაპარაკისას ერთ-ერთი საკვები მაღაზიის სარეკლამო ბუკლეტები მოგვიტანეს და დაგვიტოვეს. ბავშვებმა თვალიერება დაიწყეს, ბავშვები ჩიფსებს, ძეხვებს თითებს ადებდნენ და თან დედას ეჩურჩულებოდნენ. დედა უხერხულად იღიმოდა. საუბრისას ასევე გაირკვა, რომ წინა სასტუმრო, სადაც განთავსებული იყვნენ დედა და ძმები, აეროპორტთან ახლოს მდებარეობდა, თვითმფრინავის ხმაზე ბავშვები შიშით კრთებოდნენ და შფოთვა ეწეოდათ.
მას შემდეგ რაც PHR-ის ადვოკატებმა ბავშვებს უთხრეს, რომ შეუძლიათ სასამართლოში მოსამართლეს მოსთხოვონ საცხოვრებლით, კვებით და აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა და ბავშვებზე მორგებული სარჩელის ფორმა ნახეს სიხარულით დაიწყეს შევსება. ჩამოწერეს ყველაფერი რაც ესაჭიროებოდათ: საცხოვრებელი, საკვები, წამლები, სათამაშოები, მიხაილომ ხატვაც კი დაიწყო. მიხაილოს ნახატზე ნახავთ პიცას, სკუტერს, ნოუთბუქს, და სხვა სათამაშოებს..
PHR-ი საქმეში ჩაერთო
2022 წლის პირველი აგვისტოდანვე PHR საქმეში ჩაერთო და სამ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ.
ორგანიზაცია ითხოვს:
ბავშვები დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილნი იყვნენ თავშესაფრით, საკვებით და სხვა აუცილებელი პირობებით.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.