PHR-ი უკვე რამდენიმე წელია რეგულარულად ხვდება ქალ ათლეტებს, მწვრთნელებს და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს სპორტში ქალთა და ბავშვთა მიმართ სექსუალურ შევიწროებასთან პრევენციის კუთხით ცნობიერების ასამაღლებლად და მის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმის შექმნის მიზნით.

2022 წლის ივლისში PHR-ის ადვოკატებმა ბათუმში,  მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის სპორტის სასახლე 5000-მდე სხვადასხვა სპორტის მიმდევარ ათლეტს აერთიანებს.

7 ივლისს საინფორმაციო შეხვედრა ქალ ათლეტებსა და ქალ მწვრთნელებს შორის გაიმართა. PHR-ის ადვოკატებმა ისაუბრეს სპორტში ქალი და ბავშვი ათლეტების სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს სექსუალური შევიწროების დროს დაცვის მექანიზმების, ბავშვთა უფლებებისა და მწვრთნელის ლიცენზირების შესახებ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ტანვარჯიშის უხუცესი მწვრთნელები ესწრებოდნენ, რომელთაც საკუთარი გამოცდილებები გააზიარეს.

სპორტში ქალი და ბავშვი ათლეტების სექსუალური ძალადობისა და შევიწროებისგან დასაცავად მნიშვნელოვანია პოლიტიკის დოკუმენტების და ეფექტური მექანიზმების არსებობა. 

PHR-ის ადვოკატები ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით აგრძელებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში.

მეტი ინფორმაცისა და იურიდიული კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:  0322331356.   

შეხვედრა გაიმართა პროექტების „ქალი ათლეტების დაცვა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან სპორტში“ და გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობა საქართველოში" ფარგლებში. 

შეხვედრის ფინანსური მხარდამჭერები არიან გაეროს პროგრამა "გენდერული თანასწორობა საქართველოში", რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.