2022 წლის 16 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე ლეილა მამულაშვილი) შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა PHR-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.
რას ითხოვდა PHR?
2018 წლის აპრილში ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის” (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) საფუძველზე მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:
- 2013-2018 წლებში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით;
- ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით;
- ასევე, გამოვითხოვეთ ინფორმაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებზე (მუხლი 133-ე პრიმა, 133-ე სეკუნდა და 151-ე პრიმა) გამოძიების დაწყების მაჩვენებელსა და სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა ინფორმაციის მოწოდება. ორგანიზაციას უარი ეთქვა ძალადობის ფორმებისა და გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მონაცემების მიწოდებაზე.
PHR-მა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
რა გადაწყვიტა პირველი ინსტანციის სასამართლომ:
2019 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ (ხატია არდაზიშვილი) სრულად დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავება და გაცემა, რომელიც შეეხება:
1. 5 წლის განმავლობაში (2013-2018 წლებში) ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელს ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით.
2. ამავე პერიოდში, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
რა გადაწყვიტა თბილისის სააპელაციო სასამართლომ:
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს არგუმენტაცია და მას დაავალა PHR-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება და გაცემა.
აღსანიშნავია, რომ შსს დღემდე არ ამუშავებს დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ, რითაც არღვევს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას.