გენდერული თანასწორობა სპორტში 
თამარ აქუბარდიას სტატია

,,სამწუხაროდ, ქართული გუნდი ვერ შეიკრა, საქართველოს ნაკრები ტოკიოში ვერ იჭიდავებს.“- წერდა 2020(2021) წლის ოლიმპიადაზე ერთ-ერთი სპორტული გამოცემა. როდესაც ძიუდოში თითქმის ყველა წონით კატეგორიაში გვყავდა კაცი წარმომადგენელი, ამავე სპორტის სახეობაში მხოლოდ ორი ქალი ასპარეზობდა, რის გამოც გუნდურ შეჯიბრებებში ვერ მივიღეთ მონაწილეობა.  თითქოს აკრძალული არაფერია, ქალებს შეუძლიათ იმ სპორტის სახეობას მიჰყვნენ, რომელიც მოსწონთ. მაშინ სად არის პრობლემა? რატომ არიდებენ თავს ქალები სპორტს? მოდი, განვიხილოთ ეს თემა ერთი ქალის თვალით, რომელსაც უბრალოდ უნდა რომ სპორტში სცადოს ბედი. რისი გადალახვა მოუწევს და რა ეტაპებს გაივლის ის?

სტერეოტიპი #1: ქალის სპორტი/კაცის სპორტი.

არსებობს ქალური და არაქალური სპორტი. საზოგადოებაში სპორტი ორ ნაწილად იყოფა. ქალურია ტანვარჯიში, ფიგურული სრიალი, ცურვა, ჭადრაკი და მაქსიმუმ მიზანში სროლა (ნინო სალუქვაძის დამსახურებით). არაქალურია ძიუდო, ჭიდაობა, მძლეოსნობა (თავისი სახეობებითურთ)  და ბევრი სხვა. თუ გინდა გაიგო ამა თუ იმ სპორტის სახეობა რამდენად ექცევა გენდერული ბარიერის ქვეშ, უბრალოდ ამ სპორტის სახეობის მიმდევართა სია უნდა შეამოწმო შეჯიბრებებზე. რატომ ვყოფთ ასე?  რატომღაც ადამიანებს უჭირთ ქალის კრივის ხელთათმანებში წარმოდგენა, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებით, ის ნაზი უნდა იყოს, ფიგურული სრიალის ბრჭყვიალა ფორმა კი უფრო დაამშვენებდა.

სტერეოტიპი #2: ქალი ვერ გაუძლებს იმ ფიზიკურ დატვირთვას, რასაც კაცი იღებს სპორტული აქტოვობის დროს.

აშშ-ს მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის კვლევის თანახმად ქალები უფრო მეტს ვარჯიშობენ, ვიდრე კაცები. ქალები, რომლებზეც კვლევა მიმდინარეობდა ბევრად უფრო მეტ ფიზიკურ დატვირთვას იღებდნენ თავიანთ თავზე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აღემატებიან კაცები ფიზიკური მონაცემებით ქალებს. ქალები რიგ საკითხებში ბევრად მონდომებულები არიან და თავიან შესაძლებლობებს ძალაზე უფრო მეტად მონდომებაზე ამყარებენ. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ქალს ისეთი სპორტის სახეობის გაძლება, რომელიც დიდ ფიზიკურ რესურსს მოითხოვს, ასეთი პასუხი მაქვს: დიახ, შეუძლია. არავინ შემოიღებს ისეთ სპორტის სახეობას, რომელსაც სპორტსმენის ჯანმრთელობაზე განუზომელი ზიანის მიყენება შეუძლია. არც ქალისთვის შემოიღებდნენ ისეთს, რომლის დაძლევაც მისთვის შეუძლებელია, ნებისმიერ სპორტსმენს, იქნება ეს ქალი თუ კაცი, ,,რთულ“ სპორტში, გარკვეული რამის დათმობა უწევს, მოჭიდავეებისთვის ეს ყურების დეფორმაციაა, მძლეოსნებისთვის ასაკში შესვლისას გაჩენილი დაავადებები და ა.შ. ასეთ შემთხვევებში სქესს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

სტერეოტიპი #3: ქალის საქმე ოჯახია და არ სპორტი.

2016 წლის ,,ქალები საქართველოდან“-ის სტატიაში მაკა ქებურია ორ ტყუპთან ერთად არის გამოსახული. ეს ქალბატონი ქართველი კარატისტია, ევროპის ორგზის ჩემპიონი. სტატიაში ყვებოდა, როგორ უმკლავდებოდა გენდერულ სტერეოტიპებს ოჯახისა და სპორტული კარერის შეთავსებასთან დაკავშირებით. დიახ, ქალ სპორტსმენებს საქართველოში ოჯახისა და კარიერის შეთავსებაზეც უწევთ ფიქრი, რადგან ამ თემაზე არსებული სტერეოტიპები მათ კარიერის მშვიდად გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

პრობლემა და პრობლემები

წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენმა დასაწყისში ნახსენებმა პირობითმა გმირმა ყველა სტერეოტიპი დაძლია, თითქოს ახლა შეუძლია სრულყოფილი კარიერა დაიწყოს სპორტში. კერძო მწვრთნელი მხოლოდ ბიჭ მოსწავლეებს იღებს, სკოლაში რაიმე სპორტის სახეობით დაკავების ინფრასტრუქტურა არ არსებობს, კაცი მწვრთნელები გოგონებს ავიწროებენ და ა.შ. ქართულ სპორტში ბევრი ხარვეზია, რომლის აღმოფხვრასაც წლები და საკანონმდებლო დონეზე მუშაობა სჭირდება.

რა მოვიმოქმედოთ #1?

გსმენიათ გოგონათა საუნივერსიტეტო და სასკოლო გუნდებზე(არ ვგულისხმობ ე.წ ქალურ სპორტებს)? როგორ ისწავლება სკოლებში სპორტი? აკეთებს სახელმწიფო რამეს გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად? სასკოლო დონეზე გოგონებში სპორტის პოპულარიზაცია არის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა. სპეციალური სპორტული ღონისძიებებით დაწყებული, საკანონმდებლო ცვლილებებით დამთავრებული ყველა ქმედითი ნაბიჯი განათლების სისტემაში ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

რა მოვიმოქმედოთ #2?

ეფექტური კამპანია სახელმწიფოს მხრიდან არა მარტო სკოლებში, ზოგადადაც აუცილებელია. ადამიანებს მოსწონთ მისაბაძი მაგალითები. ზემოთ ჩამოთვლილი გენდერული სტერეოტიპების გამო რიგ სახეობებში არ გვყავს ბევრი მოასპარეზე ქალი, თუმცა ვინც მოღვაწეობს, საკმაოდ ღირსეულია. ნინო ოძელაშვილი - სამბოში, ეთერ ლიპარტელიანი - ძიუდოში და ა.შ. მასზე აგებული კამპანია აუცილებლად გაზრდის ქალთა სურვილს, მიჰყვნენ სპორტს. ცოტა ხნის წინ ჰაკერული დაჯგუფების, ,,ანონიმუსის,“  გამოჩენის შემდეგ აიტი სფეროთი დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობა ელვის სისწრაფით გაიზარდა. გუგლში კი გაჩნდა უცნაური ფრაზები: ,,როგორ გავხდეთ ჰაკერი?“ ,,აიტის სწავლა“ და ა.შ.  ასე ვთქვათ, მცირედი ყურადღების მიპყრობის შემდეგ ადამიანებს სურვილი უჩნდებათ, თავადაც იყვნენ მოვლენების ეპიცენტრში.

რა მოვიმოქმედოთ #3?

რა მოხდა, როდესაც გაირკვა, რომ სახელმწიფო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალოსანს 1 მლნ ლარს გადასცემდა? ეს აღფრთოვანება რაღაც დოზით ხალხსაც გადმოედო. რა მოხდება, თუ სახელმწიფო ქალი სპორტსმენებისთვის მსგავს ჯილდოს დააწესებს? დარწმუნებული ვარ, ეს ქალების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის.

რა მოვიმოქმედოთ #4? გენდერული კვოტა?

საქართველოს პარლამენტში გენდერული კვოტირების სისტემით ყოველი მეხუთე ქალია. ამ ცვლილებას ბევრი ადამიანი დღემდე განიხილავს. მათ უჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა მოხვდეს დეპუტატი პარლამეტში, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია? ეს აუცილებელია იმ გენდერული უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. არ ვიცი სად უნდა დაინერგოს, თუმცა მსგავსი სისტემის დანერგვა ადგილობრივ სპორტულ შეჯიბრებებზე შეიძლება გამოსავლად ჩაითვალოს.

ბონუსად

ოცზე მეტი წლის წინ, როდესაც იმ სოფელში, რომელშიც ვცხოვრობ პირველი ქალი მძღოლი შემოვიდა, ეს ამბავი კარგა ხანს იყო ჭორაობისა და განკითხვის თემა. ახლა ვიღას უკვირს ქალი საჭესთან? დადგება დრო, როდესაც ქალი სპორტსმენები ისეთივე რაოდენობით გამოვლენ შეჯიბრებებზე, როგორც კაცები. ამ შემთხვევაში, ეს იქნება ახალი ნორმა და არა ის, რომ სპორტულ ღონისძიებებზე თითზე ჩამოსათვლელი ქალია. ქართველი ძიუდოისტები და არა მარტო ძიუდოისტები კი გუნდურ შეჯიბრებებზეც ეცდებიან ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას.

გამოყენებული მასალა:

1.       ვინ, როდის, სად - ქართველი ათლეტების განრიგი ოლიმპიადაზე

2.       Gender Differences in Exercise Habits and Quality of Life Reports: Assessing the Moderating Effects of Reasons for Exercise

3.       გენდერული სტერეოტიპები სპორტში

4.       მაკა ქებურია, 28 წლის, ქობულეთი

5.       გენდერული ზეგავლენის ანალიზი


მედია კონკურსის : "გენდერული თანასწორობა სპორტში" გამარჯვებული სტატია 

მედია კონკურსი ჩატარდა პროექტ "ქალი ათლეტების დაცვა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან სპორტში" ფარგლებში, როემლსაც ახორციელებს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. 

სტატიაში გამოხატული მოსაზრება/მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციისა და ნიდერლანდების საელჩოს პოზიციას.