PHR-მა პრეცედენტული სასამართლო დავა მოიგო.  პირველად საქართველოში, მოსამართლემ ქალი ათლეტების მიმართ, მწვრთნელი კაცის მხრიდან, სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. საქმის პრეცედენტულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყო პირველი საქმე, როდესაც სასამართლომ ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების საქმე განიხილა

როგორ დაიწყო ისტორია?

2020 წელს ორგანიზაციას დაუკავშირდა ექვსი ფეხბურთელი ქალი, რომლებიც ამბობდნენ, რომ მწვრთნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სქესისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. დისკრიმინაციის დროს ექვსი ფეხბურთელიდან, ოთხი არასრულწლოვანი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასამართლო დავის დაწყებისას, ორი მოსარჩელე ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. სასამართლო დავა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მოსარჩელეები შევიწროების ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ. სასამართლოში მათ ინტერესებს PHR-ის ადვოკატები წარმოადგენდნენ. 

როგორ მიმდინარეობდა სასამართლო განხილვები?

სასამართლო განხილვა ერთ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასამართლოს მიერ შევიწროებად მიჩნეული ფაქტები.  

მწვრთნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა:

  • გასახდელში უნებართვოდ შესვლას;
  • სექსუალური შინაარსის ვარჯიშების შესრულების მოთხოვნა, რომელთაც სპორტული დანიშნულება არ ჰქონდა;
  • სხეულის ორგანოებზე შეურაცხმყოფელი ხასიათის კომენტარები.
  • ბავშვების სურვილის საწინააღმდეგოდ რესტორანში წაყვანა.
  • რომანტიკული შინაარსის ურთიერთობის დაშვება - სხვა გარემოებებში.
  • სპორტსმენი ქალების თვითშეფასების განადგურება.
  • ყვირილი, დამცირება, გინება.
  • გარეგნობაზე კომენტარები და სხვა.


ეს და სხვა ქმედებები, კანონმდებლობის თანახმად, ერთიანობაში ქმნის სექსუალური შევიწროების შემადგენლობას.

გენდერული დისკრიმინაცია, რომელიც ხდებოდა გუნდში, ნორმად მიიჩნეოდა. ამის წინაპირობად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ სპორტულ ფედერაციებსა და სპორტულ კლუბებს დღემდე არ გააჩნიათ სექსუალური შევიწროების პრევენციის ან გასაჩივრების მექანიზმები, სადაც სპორტსმენი ქალები და ბავშები მიმართავდნენ.

სასამართლო გადაწყვეტილება

2022 წლის 18 თებერვალს, სასამართლომ სამი მოსარჩელის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და მწვრთნელს მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა:

სასამართლომ გადაწყვიტა:

"დადგენილ იქნას მოპასუხის მხრიდან სამი მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის (სექსუალური შევიწროების) ფაქტი.“ და მოპასუხეს დაევალოს თითოეული მათგანისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება.

დანარჩენი მოსარჩელეების მიმართ, სასამართლომ ფაქტები ხანდაზმულად მიიჩნია (სასამართლოსთვის მიმართვის ვადის გაშვება), თუმცა, ამას მოსარჩელეები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პროცესის შემდეგ

პირველ რიგში, ეს იყო ქალი ათლეტებისთვის უმნიშვნელოვანესი ემოციური და ფსიქოლოგიური გარდატეხის მომტანი გამარჯვება. მათ სასამართლო პროცესის განმავლობაშიც მიიღეს არაერთი შეურაცხყოფა მოპასუხის მხრიდან, რამაც გამოიწვია მათი რეტრავმატიზაცია. სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ უზრუნველყო ბავშვების და ქალების დაცვა ხელახალი ტრავმის მიღებისგან. მოპასუხე ასევე შეურაცხყოფას აყენებდა ქალი ათლეტების ქალ ადვოკატებს და გენდერულ ძალადობას ახორციელებდა მათზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსარჩელეები იაზრებდნენ, რომ ეს იყო არა მხოლოდ მათი, არამედ ყველა ათლეტი ქალის ბრძოლა და ამ გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდებოდნენ.

ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის პირველი ნაბიჯი ქალი ათლეტების უფლებებისათვის ბრძოლისა საქართველოში. მან უნდა გამოიწვიოს სისტემური ცვლილებები: ფედერაციებმა უნდა დაიწყონ მუშაობა სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების შექმნაზე, რათა სპორტულ კლუბებს გასაჩივრების მექანიზმი გააჩნდეთ. აუცილებელია, ქალმა ათლეტებმა თავი უსაფრთხო და დაცულ გარემოში იგრძნონ. ასევე მნიშვნელოვანია ფედერაციებმა გადაამზადონ მწვრთნელები, როგორც შევიწროების, ასევე არასრულწლოვან ათლეტებთან მუშაობის პროცესში გასათვალისწინებელ საკითხებზე.

PHR-ის ადვოკატები აგრძელებენ მუშაობას რათა ყველა ქალის, ბავშვისა და შშმ პირის უფლება იყოს დაცული.

 

სამართლებრივი დახმარება განხორციელდა USAID/PROLoG-ისა და ნიდერლანდების  საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.