ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების - სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) - სახელით წარმოგიდგენთ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის შეფასებასა და მის დასახვეწად შემოთავაზებულ რეკომენდაციებს. სტრატეგიის პირველადი, ინგლისურენოვანი, ვერსიის გაზიარება მოხდა სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელ საბჭოსთან არსებული სამუშაო/საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ორგანიზაციები ხაზს ვუსვამთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ მთელ რიგ გამოწვევებს, რაც, მათ შორის, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების ინსტიტუციონალიზაციისა და უფლებების მძიმე შელახვის პრაქტიკაში, მათთვის ქმედუნარიანობითა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებით სარგებლობის ფაქტობრივ შეზღუდვაში, ამ ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართ სისტემურ სტიგმასა და დისკრიმინაციაში გამოიხატება.

ამ სფეროში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს შშმ პირთა მიმართ სამედიცინო მოდელზე დაფუძნებული პოლიტიკის არსებობა და სოციალურ მოდელზე გადასვლის წლების განმავლობაში შეფერხებული პროცესი, რაც გამორიცხავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სტანდარტების დანერგვასა და განხორციელებას.

მიუხედავად სტრატეგიის სამუშაო ვერსიის მიერ გამოკვეთილი მნიშვნელოვანი მიმართულებებისა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელთა მხედველობაში მიღება არსებითია სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების განსაზღვრის პროცესში. დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, მომავალი წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე დაფუძნებას უდიდესი როლი ენიჭება ამ სფეროში რეფორმის ეფექტიანად წარმართვისა და განხორციელებისათვის.

შინაარსობრივ საკითხებთან ერთად, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ მომავალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების ეფექტიანი იმპლემენტაციის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ წინარე გამოცდილებებს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 2015-2020 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა რიგ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, მისი შესრულება გამოწვევებთან იყო დაკავშირებული და წინასწარ განსაზღვრული მთელი - 3 - რიგი აქტივობების განხორციელება ვერ მოხერხდა. აღნიშნულ პრობლემას არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სახალხო დამცველმა თავის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში.

წინამდებარე დოკუმენტში იხილავთ ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებს როგორც მთელ რიგ შინაარსობრივ, ასევე, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გათვალისწინებაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

გადმოწერე: