ფაქტები:

2021 წლის 8 ნოემბერს,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. „მწვანე სტატუსი“ ამოქმედდებოდა. მწვანე სტატუსს, სხვადასხვა ქვეყანა აქტიურად იყენებს და ის COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მექანიზმად მიიჩნევა. თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს ყველა ქვეყნისგან განსხვავებით, „უვადო მწვანე სტატუსი“ მიანიჭა იმ ადამიანებს, ვინც კოვიდ ინფექცია უკვე გადაიტანა, მიუხედავად იმისა თუ როდის მოხდა ინფიცირება.  

პრემიერის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ პროფესიონალები, მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს წევრი ექიმები. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება სამეცნიერო არგუმენტაციის, მედიცინის სპეციალისტების და მსოფლიო პრაქტიკის უგულებელყოფით იქნა მიღებული.

2021 წლის 29 ნოემბერს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR” გადაწყვეტილება „უვადო მწვანე სტატუსის“ შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.. PHR-მა მოითხოვა, სასამართლოს მთავრობისთვის დაევალებინა „მწვანე ბარათის“ სამეცნიერო და სამედიცინო მტკიცებულებების შესაბამისად გაცემა.   

რა გვითხრა სასამართლომ

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე და მიაჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ 3 მთავარი არგუმენტი მოიხმო:

არგუმენტი #1:

„[მოსარჩელის] მოთხოვნა იმდენად განვრცობითი ხასიათის შინაარსის მატარებელია, რომ მისი აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელია“

მკითხველისთვის წარმოვადგენთ ჩვენი მოთხოვნის ფორმულირებას:

„დაუყოვნებლივ, მოსარჩელეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროებითი განჩინების გამოცემის გზით, დაევალოს საქართველოს მთავრობას, „მწვანე სტატუსის“ გაცემა უზრუნველყოს მხოლოდ საერთაშორისო სამეცნიერო და სამედიცინო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად, რომელიც გამორიცხავს კოვიდგადატანილებისთვის სამუდამო „მწვანე სტატუსის“ მინიჭებას, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა.“

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი ფორმულირება აძლევდა საშუალებას სასამართლოს მთავრობისთვის დაევალებინა კანონის, სამეცნიერო მტკიცებულებების და მედიცინის უახლესი მიღწევების შესაბამისად მოქმედების საშუალება.

არგუმენტი #2

სასამართლო არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა რომელიც ეყრდნობოდა შემდეგი ექსპერტების შეფასებებს: ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, ბიძინა კულუმბეგოვი, ივანე ჩხეიძე და სხვები.

სასამართლოს მითითებით:

ზოგადი წესის მიხედვით შუამდგომლობის მოთხოვნის საბოლოო შედეგისთვის, უნდა გამოიკვეთოს წარმოდგენილი გარემოებების და ფაქტების მართლზომიერების საკითხი... [მოსარჩელე კი] მოცემულ შემთხვევაში სრულად ეყრდნობა განმცხადებლების შეფასებებს და ინტერნეტ გამოცემების ამონარიდებს, სადაც დარგის სპეციალისტების მიერ გამოთქმულია მოსაზრებები მიმდინარე თემასთან დაკავშირებით.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სწორედ დარგის ეს ექსპერტები უცხადებენ მოსახლეობას პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამედიცინო და სამეცნიერო მიღწევებს კოვიდ 19-თან ბრძოლის მიმართულებით. ისინი აგრეთვე წარმოადგენენ, იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელსაც ევალება სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ეპიდემიასთან ბრძოლაში, და არიან საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები. შესაბამისად, მოსარჩელემ მათი მოსაზრება მიიჩნია ექსპერტულ მოსაზრებად და სწორედ მასზე დაყრდნობით მოითხოვა სახელმწიფოს ქმედება.

არგუმენტი #3

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სარჩელის პერსპექტიულობა და ის საფრთხე, რომ ამ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა მომავალი გადაწყვეტილების აღსრულება [ავტორის შენიშვნა: ძირითადი იგულისხმებოდა ძირითადი სარჩელის მოთხოვნა, რომლითაც მოსარჩელეები გაასაჩივრებენ მთავრობის მიერ COVID 19-ის არაეფექტურ მართვას].

აუცილებელია მხარემ კონკრეტულად და რეალურად მიუთითოს იმ კანონშეუსაბამობის თაობაზე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას/უმოქმედობას და ქმნის სავარაუდო განცდას  სარჩელის პერსპექტიულობის თაობაზე, ან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის გარეშე მომავალში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებაზე ან, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობაზე.

რა თქვა სასამართლომ არა იურისტებისთვის გასაგებ ენაზე:

სასამართლომ თქვა, რომ ბუნდოვანია რას ითხოვენ მოსარჩელეები და მათი მოთხოვნა იმდენად ზოგადია რომ სასამართლო მას ვერ დააკმაყოფილებს.

სასამართლომ არ მიიჩნია ექსპერტების (გამყრელიძის, ცერცვაძის, კულუმბეგოვის და სხვების მოსაზრებები) საკმარისად და მოსარჩელეს მოსთხოვა მეცნიერულად დაამტკიცოს, რომ კოვიდგადატანილ პირებს არ აქვთ უვადო იმუნიტეტი. ანუ, იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებაზე დააყრდნოს მტკიცებულებას (შემოგვთავაზოს იმ ფაქტის დადასტურება რომ უვადო იმუნიტეტი არსებობს), მოქალაქეებმა უნდა უმტკიცონ მთავრობას, რომ მტკიცებულება არ არსებობს (ანუ მოსარჩელეებმა უნდა ამტკიცონ ფაქტის არარსებობა). რაც სამართლებრივად შეუძლებელია - ფაქტის მტკიცება ევალება მას, ვინც ფაქტი (უვადო კოვიდ იმუნიტეტი) სამართლებრივად გააფორმა მთავრობის დადგენილებაში. მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოსამართლემ მთავრობას ამ გადაწყვეტილებით უთხრა, რომ მათ არ ევალებათ თავისი აქტების დასაბუთება, მოქალაქეებმა უნდა ასაბუთონ რომ აქტი კანონს არღვევდა.

და ბოლოს, სასამართლომ, ვერ დაინახა სარჩელის პერსპექტიულობა და მისი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული საფრთხე, ანუ ის, რომ უვადო მწვანე სტატუსი მოსარჩელეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დააზიანებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა, გასულ წელს, ზამთრის ცივ დღეებში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის ბავშვისთვის ერთადერთი საცხოვრებელის სახლის ნგრევაშიც ვერ დაინახა თბილისის მთავრობის პრობლემა.

ამ ყველაფრის ფონზე:

  1. საქართველოში ყოველდღიურად ათასობით ადამიანს უდასტურდება ვირუსი;
  2. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დღეში 80-მდე აღწევს;
  3. მაღალია კოვიდგადატანილ პირებში რეინფიცირების მაჩვენებელი;
  4. დაბალია ვაქცინაციის პროცენტულობა;
  5. საკოორდინაციო საბჭოში შემავალი წევრი ექიმები ეწინააღმდეგებიან „უვადო მწვანე სტატუსის“ მინიჭებას კოვიდ გადატანილი პირებისთვის;
  6. მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა რომელიც აღიარებს „უვადო მწვანე სტატუსს“. 


აღნიშნულ გადაწყვეტილებას
#PHR სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.