2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან
ამერიკელი ტანმოვარჯიშის, სიმონ ბაილსის გამოთიშვამ დიდი ხმაური გამოიწვია. 28 ივლისს,
სპორტული ტანვარჯიშის ფინალური ეტაპის გამართვამდე ნახევარი საათით ადრე, მან საკუთარი
გადაწყვეტილება გამოაცხადა, სადაც აღნიშნა რომ მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის
გამო ის უარს აცხადებდა ოლიმპიადის გაგრძელებაზე. მაყურებლის ნაწილმა გაოცება ვერ დამალა.
“საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე უნდა ვფოკუსირდე. ჩვენ არ უნდა ვაკეთოთ მხოლოდ
ის, რასაც მსოფლიო ითხოვს ჩვენგან, არამედ უნდა დავიცვათ ჩვენი ფსიქიკა და სხეული...
ჩვენ არ ვართ მხოლოდ ათლეტები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და უნდა მივიღოთ ის
მოცემულობა, რომ ხანდახან რაღაცაზე უარს ვამბობთ,“ - ამბობს სიმონი.
სიმონ ბაილსი წლების განმავლობაში ფლობდა
მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსს. მას მოგებული აქვს აშშ-ს არაერთი სპორტული
შეჯიმბრი. იგი ცნობილია, როგორც ათლეტი, რომელიც განსაკუთრებული შრომის მოყვარეობით
და სპორტული შედეგებით გამოირჩევა, თუმცა, სიმონ ბაილისის შესახებ არასრული ცოდნა გვექნება,
თუ არ ვისაუბრებთ მისი სექსუალური შევიწროების გამოცდილებაზე.
სიმონი იყო ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვანი
ქალებისგან ვინც სექსუალური ძალადობა განიცადა აშშ-ს ტანმოვარჯიშეთა გუნდის ექიმის,
ლარი ნასარისგან. 2018 წელს სიმონმა
ტვიტერზე დაწერა პოსტი:
„უმრავლესობა როგორც მხიარულ, ბედნიერ
და ენერგიულ გოგოს მიცნობთ, მაგრამ ბოლო პერიოდში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. რაც უფრო
ვცდილობ ჩავახშო ჩემ თავში ეს ხმა, მით უფრო ხმამაღლა მიხმობს. მე აღარ მეშინია მოგიყვეთ
ჩემი ამბავი.
ჩემზე სექსუალურად იძალადა ექიმმა ლარი
ნასარმა. დამიჯერეთ, ბევრად უფრო ძნელი იყო ამ სიტყვების პირველად ხმამაღლა თქმა, ვიდრე
დღეს დაწერა. უამრავი მიზეზის გამო მე არ მინდოდა ამაზე საუბარი მაგრამ, დღეს ვიცი
რომ იმაში რაც მოხდა დამნაშავე მე არა ვარ.
არ არის ნორმალური სექსუალურ ძალადობას
მოელოდე იმ ადამიანისგან, რომელსაც ყველაზე სანდოდ მიიჩნევ. ის კი ძალადობას სამარცხვინოდ
„განსაკუთრებულ მოპყრობას“ უწოდებს. ძალადობა მიუღებელი და საზიზღარი ქცევაა, განსაკუთრებით
იმ ადამიანისგან, რომელსაც ენდობი.
დიდი ხნის განმავლობაში ვეკითხებოდი
საკუთარ თავს, ნუთუ ასეთი გულუბრყვილო ვარ? ნუთუ ჩემი ბრალია რაც მოხდა? ახლა ვიცი
რომ „არა“ - მე არ უნდა ვატარო დანაშაულის გრძნობა იმის გამო რაც მოხდა. ეს გრძნობა
უნდა ატაროს დამნაშავემ და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა.
მიჭირს ძალადობის დროს განცდილი ემოციების
თავიდან განცდა, განსაკუთრებით გულს მტკენს ის, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმოიური თამაშების
მზადებისას მე უნდა დავბრუნდე იმ სავარჯიშო დარბაზში სადაც ძალადობის ფაქტები ხდებოდა.
მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ჩემი გამბედავი
მეგობრები ამხელდნენ ამ ადამიანს სექსუალურ ძალადობაში, მივხვდი, რომ ძალადობა არ განსაზღვრავს
ვინ ვარ მე. მე უფრო ძლიერი ვარ ვიდრე ეს გამოცდილება. მე ვარ განსაკუთრებული, ჭკვიანი,
ნიჭიერი, მოტივირებული და საკუთარ საქმეზე შეყვარებული. მე ჩემს თავს დავპირდი რომ
არ გავჩერდებოდი ამ გამოცდილების გამო და თქვენც გპირდებით, რომ არ დავნებდები. მე გავაგრძელებ სპორტულ კარიერას მთელი გულით და
იმ დარბაზშიც მთელი შემართებით ვივარჯიშებ. მე არ მივცემ ერთ კაცს ჩემი ბედნიერების
წართმევის უფლებას.
ჩვენ ერთად უნდა გავარკვიოთ ის, თუ
რატომ ხდებოდა სექსუალური ძალადობა ამდენი ხანი და როგორ ვებრძოლოთ რომ აღარ განმეორდეს.
ვინაიდან მე ამ ტკივილის შეგრძნებით
ვაგრძელებ ვარჯიშს, ყველას უმორჩილესად გთხოვთ პატივი სცეთ ჩემს პირად სივრცეს. ამ
ტრავმასთან გამკლავება არის პროცესი, მე კი მეტი დრო მჭირდება გადასააზრებლად“.
ბაილსმა სექსუალური ძალადობის კონკრეტულ
შემთხვევებზე ისაუბრა ფეისბუქის ლაივ ეთერში: ირკვევა, რომ მასზე ექიმი ტანმოვარჯიშეთა
საზაფხულო ბანაკში ძალადობდა. ათლეტი აღნიშნავს,
რომ ის, ბევრი სხვა სპორტსმენის მსგავსად არ დადიოდა სკოლაში და განათლებას იღებდა
სახლში, ამიტომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ცოდნა სექსუალური ძალადობის ამოსაცნობად.
მას შემდეგ რაც ბაილსმა გააცნობეირა
რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მას დაეწყო დეპრესია, არ სურდა დაეტოვებინა
საკუთარი ოთახი, მას ხშირად ეძინა რითიც გაურბოდა რეალობას.
ამ ყველაფერზე არაერთგზის მსოფლიო და
ოლიმპიური ჩემპიონმა, სხვა ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის ისაუბრა. ბაილსი დღესაც
აგრძელებს გოგოების მხარდაჭერას და ამხნევებს მათ, ვისაც მსგავსი გამოცდილება ჰქონია
ისაუბრონ ამაზე და არ იგრძნონ თავი მარტოსულად.
„მე ვარ ხმა ყველა სექსუალური ძალადობისგან
გადარჩენილთათვის. ყველას ვერ გაგვაჩუმებთ“.
მასალა
მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით: reuters.com; people.com; twitter.com; facebook.com.
*ფოტოზე
მსოფლიო და ოლიმპიური არაერთგზის ჩემპიონი სიმონ ბაილსი, წყარო: ინტერნეტი
სტატიის
მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის
შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის შეხედულებებს.
სტატია
მომზადებულია პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.