ქერენ ლიჩი ირლანდიელი მოცურავე ქალია, რომელმაც წლების განმავლობაში განცდილ სექსუალურ ძალადობაზე საჯაროდ ისაუბრა.

„10-დან 17 წლამდე განვიცდიდი შევიწროებას და სექსუალურ ძალადობას ირლანდიის ცურვის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელის, დერი ო’რურკისგან.“

დღეს ქერენი 50 წლისაა და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის იბრძვის. ო’რურკს მოცურავეებზე (მათ შორის არასრულწლოვან გოგონებზე) სხვადასხვა პერიოდში (1970-1990 წწ.) განხორციელებული სექსუალური ძალადობისა და შევიწროების გამო 1998 წლის 30 იანვარს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მოგვიანებით, 2000 წელს, მას დამატებით 10 წელი მიესაჯა ახალგამოკვეთილი დანაშაულების გამო.   

როგორ დაიწყო ქერენმა ცურვა

„საცურაო აუზში მოხვედრისთანავე მივხვდი რომ ცურვა შემიყვარდა. ბავშვი ვიყავი, როდესაც დედ-მამა ტელევიზორში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს უყურებდა, რომელშიც ირლანდიის ნაკრებიც მონაწილეობდა. სწორედ მაშინ დავიწყე ოცნება. მინდოდა ოლიმპიურ თამაშებზე ირლანდიის სახელით მეცურავა.

დერი ო’რურკი მაშინ ირლანდიის ოლიმპიურ ნაკრებს მწვრთნელი იყო. მან  ერთ-ერთი შეჯიბრის დროს ნახა, როგორ ვცურავდი. იმ დღეს განსაკუთრებულად კარგად ვიცურე და მისი რამდენიმე მოცურავეც დავამარცხე. შეჯიბრის შემდეგ ის მამაჩემს დაუკავშირდა და მე მის კლუბში საცურაოდ გადამიყვანეს. სიტყვა კლუბს შემთხვევით არ ვიყენებ. ეს მართლაც კლუბი იყო.

მწვრთნელი დამპირდა, რომ ჩემი ოცნება ახდებოდა, რადგან ის ირლანდიის საუკეთესო მწვრთნელი იყო. მან ჩემ მშობლებსაც უთხრა, რომ ოცნებებს ამიხდენდა. ჩვენ მას ვენდეთ. დანაპირების ასრულების ნაცვლად  კი მან ჩემი ბავშვობა, მთელი ცხოვრება დააზიანა.

სექსუალური ძალადობა

ცურვაზე სიარულისას ყველგან, სადაც არ უნდა წავსულიყავი, დაუცველი ვიყავი. ყოველთვის გავრბოდი, ვიყავი დაძაბული, სულ ყურადღებით ვიყურებოდი, სად იყო ის (მწვრთნელი).

ყველგან, იქნებოდა ეს გასახდელი ოთახი, საპირფარეშო, მისი კაბინეტი, საწვრთნელი ბანაკი, გასვლითი შეჯიბრებები, - თუ ის მეძახდა, ვიცოდი რა ჰქონდა განზრახული. თუ ოთახში დამიმარტოხელებდა, ოთახის კარს კეტავდა ან ჭედავდა ისე, რომ გასვლა ვერ მომეხერხებინა.

ის აკეთებდა ყველაფერს, რაც სურდა. თავად ამას „ჩემი სხეულის შემოწმებას“ ეძახდა. მეუბნებოდა, რომ ამას ჩემი ცურვის შედეგების გასაუმჯობესებლად აკეთებდა. მეც ვიყავი მასთან ერთად ვიყავი გამოკეტილი ოთახში, სანამ ის წასვლის ნებას არ მრთავდა.

მას სრული კონტროლი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაზე. ყველაფერს უნდა დათანხმებოდი, რაც მას სურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ყველაფერს გაანადგურებდა, რაზეც ვოცნებობდი. ამიტომ მე უბრალოდ ცურვას განვაგრძობდი.  

მის ცურვის კლუბში კარგ მოცურავედ ვითვლებოდი. ახალგაზრდა გოგონა ვიყავი, რომელსაც დიდი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ჩემი შედეგები უარესდებოდა.  ვეღარ ვმოძრაობდი. აუზში ჩასვლისას ვცდილობდი მეცურა, თუმცა, სხეულს ვერ ვაიძულებდი, ემოძრავა. ჩემი სხეული გაჩერდა, მე გავჩერდი, მე აღარ ვიყავი.

არ მომწონდა რასაც აკეთებდა, მტკენდა, მაგრამ მე უბრალოდ განვაგრძობდი არსებობას. არავისთვის მითქვამს, რადგან მეშინოდა, რომ ყველა ჩემი ოცნება გაქრებოდა. განადგურდებოდა. მხოლოდ ის მინდოდა, ოლიმპიადაზე ირლანდიის სახელით გამოვსულიყავი.

მას ყველაფერი გასდიოდა

სამეფო ჰოსპიტალის ცურვის კლუბში 10-დან - 17 -წლამდე ვცურავდი. მაშინ არ მესმოდა, ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა მისი საქციელი. ვიცოდი, რომ არ მომწონდა, რომ მტკიოდა, მაგრამ მეგონა რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

ო’რურკი ირლანდიის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი იყო, ის საკუთარ თავს საუკეთესო მწვრთნელად თამამად მოიხსენიებდა. მას ყველა ემორჩილებოდა. მე უბრალოდ პატარა გოგონა ვიყავი, ამიტომ იმას ვაკეთებდი, რასაც ის მეუბნებოდა. სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავი, არ ვიცოდი. ახლა, როგორც ქალმა, ვიცი, რომ დიახ, რასაც ის აკეთებდა არასწორი იყო, მაგრამ მაშინ, როგორც ბავშვმა, ეს არ ვიცოდი, ჩემთვის არავის უსწავლებია.

„ამის ატანა აღარ შემიძლია, მივდივარ“

დაახლოებით 14-15 წლიდან უკვე შესამჩნევად ცუდად ვცურავდი. გაუმჯობესების ნაცვლად, ჩემი შედეგები  უფრო და უფრო უარესდებოდა. სასოწარკვეთილი ვიყავი და გუნდში დასარჩენად ბრძოლა მიწევდა.

ამ პერიოდში მწვრთნელმა უფრო სახიფათო თამაში წამოიწყო, რადგან ხედავდა, რომ ცურვა მთელი ჩემი ცხოვრება იყო, იცოდა რომ ოლიმპიურ თამაშებზე ისევ ვოცნებობდი... გაიზარდა მისი მხრიდან შეურაცხყოფა, კონტროლი, ვერბალური და არავერბალური შევიწროება და ძალადობა. ჩემი შედეგები კი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.

ბოლო ეროვნული შეჯიბრი, რომელშიც ვმონაწილეობდი, საშინელი შედეგით დავასრულე. ფინიშთან საკუთარი ზოლის ნაცვლად, გვერდით ზოლიდან მივედი. ეს კი სტაჟიანი მოცურავისთვის წარმოუდგენელია. სწორედ ეს იყო ბოლო წვეთი. ამის შემდეგ მივხვდი, რომ მეტის ატანა აღარ შემეძლო. უნდა წავსულიყავი.

როდესაც დერის ვუთხარი, რომ მომდევნო სეზონისთვის აღარ ვაპირებდი დაბრუნებას, მან შემომხედა და მითხრა „დაბრუნდები“. ეს ბრძანება უფრო იყო. მახსოვს როგორ მოვდიოდი მისგან და ვფიქრობდი, რომ ჩემი დაბრუნების არანაირი შანსი არ იყო.

ირლანდიაში იმ დროს არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო მამაჩემი ლონდონში გადავიდა სამუშაოდ და მახსოვს, როგორ წავედით დედა, ჩემი სამი ძმა და მე მასთან არდადეგებზე. თვითმფრინავში ასვლისას ვიცოდი, რომ ირლანდიაში აღარ დავბრუნდებოდი. მუშაობა დავიწყე და მამასთან დავრჩი.

მშობლები ვერაფრით ხვდებოდნენ, რატომ აღარ ვიყავი ბედნიერი. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ დეპრესია მქონდა, უმწვავეს ტკივილს განვიცდიდი. საკმაოდ დიდი ზიანი მომადგა. იმ წლებმა, რაც ცურვის კლუბში გავატარე, ცხოვრებაში უამრავი რამ დამაკარგვინა.

ამ საშინელების შესახებ მშობლებმა მხოლოდ სასამართლო პროცესის შემდეგ შეიტყვეს. მანამდე მეშინოდა და ვერ ვლაპარაკობდი. ჩემმა საშინელმა გამოცდილებამ  მთელი ჩემი ოჯახისთვის ტრაგედია გამოიწვია.  

როგორ გააზიარა ქერენმა ისტორია?

ირლანდიის ყველა გაზეთი ო’რურკის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესახებ წერდა. დედ-მამა მეკითხებოდა, მეც თუ მქონდა მსგავსი რამ განცდილი, მაგრამ ვატყუებდი, ვიგონებდი და ისინიც მიჯერებდნენ.

მათთვის ამ საიდუმლოს გამხელა ყველაზე რთული რამ არის, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. მოყოლა კი მხოლოდ მას შემდეგ შევძელი, რაც ო’რურკი დაიჭირეს.

უფროსები ყურადღებით უნდა იყვნენ

მე ვდუმდი ავად ყოფნის, ტკივილის, დეპრესიის, კვებითი აშლილობის ხარჯზე. მაშინ პატარა ვიყავი. ახლა ხმა დავიბრუნე.

ყველა ბავშვს და ახალგაზრდას გავესაუბრები, ვისაც არ აქვს საკუთარი ხმა და მუდმივად ვისაუბრებ ჩემი გამოცდილების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, უნდა იყვნენ ყურადღებით მოსალოდნელ საფრთხეებზე. მათ უნდა იცოდნენ, როგორი ზიანის გამოწვევა შეუძლია მსგავს ამბავს. რადგან ეს კვლავაც ხდება.

ყველა და ყველაფერი ჩართული იყოს,  რაც საჭიროა - ცნობიერების ამაღლებისა და კომუნიკაციის კამპანიები, პოლიტიკა, განათლება, რაც მსგავსი ფაქტებისგან დაიცავს ბავშვებსა და ახალგაზრდებს.  ის, რომ ბავშვებმა არ იციან, მათი ბრალი არ არის. ეს ჩვენი, უფროსების პასუხისმგებლობაა, რომ ვიცოდეთ, გავუფრთხილდეთ ბავშვებს და დროულად შევძლოთ ძალადობის გამოვლენა.

როდესაც შევიწროებაზე და ძალადობაზე საუბრობენ, ხშირად ფიქრობენ, რომ მხოლოდ სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი. ჩემზე სექსუალურად, მენტალურად, ფიზიკურად და ემოციურად ძალადობდნენ. ეს უფრო ფართე სურათია. ბევრმა ადამიანმა ამის შესახებ არ იცის.

რას ეტყოდა ქერენი სხვა ძალადობაგამოვლილ ადამიანებს?

გეტყვით, რომ სრული უფლება გაქვთ, საკუთარ სიმართლეზე ისაუბროთ. თქვენ გაქვთ ხმა და გაქვთ უფლება მოყვეთ იმის შესახებ, რაც გადაგხდათ თავს. თქვენ არაფერი დაგიშავებიათ. საკუთარი ისტორიის გაზიარება არ იქნება მარტივი, პირიქით ძალიან მტკივნეული იქნება, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს გადალახავთ.

გთხოვთ, მოუყევით ვინმეს, მოითხოვეთ დახმარება, ნუ ატარებთ მთელ სიმძიმეს მარტო. თქვენ ამ ტვირთისგან გათავისუფლებას იმსახურებთ.“

 

თუ თქვენ განგიცდიათ ძალადობა, შევიწროვება, ან ზეწოლა, მოითხოვეთ დაცვა და დახმარება. უფასო იურიდიული კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 33 13 56 - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. ყველა ბავშვს აქვს ადვოკატის ყოლის უფლება - ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 79.

 

ინტერვიუს ორიგინალი გამოქვეყნდა 2018 წლის 8 აგვისტოს BBC Sport-ზე. https://www.bbc.com/sport/45084970

სტატიის თარგმანი და ადაპტაცია - ანიკა ტიზლიარიშვილი. 

*ფოტო აღებულია ინტერნეტიდან შემთხვევითობის პრინციპით.


სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

სტატია მომზადებულია პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.