პროკურატურამ, ქალი ფეხბურთელების მიმართ, მწვრთნელის მხრიდან სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტზე, დევნის დაწყებაზე უარი განაცხადა. ასევე უარი თქვა დაზარალებულთა დაცვის მიზნით მიახლოვების აკრძალვისა და მწვრთნელისათვის სამსახურებრივი საქმიანობის შეჩერებაზე.

PHR იცავს 9 ქალი ფეხბურთელის ინტერესებს (მათ შორის ერთი ბავშვის), რომელთა მიმართაც მწვრთნელმა კაცმა  განახორციელა სავარაუდო სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა და თაღლითობის დანაშაული.

სექსუალური შევიწროება და ძალადობა გამოიხატებოდა არასასურველ სექსუალური შინაარსის ფიზიკურ შეხებაში, კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ჩვენებაში.

PHR-ის მოთხოვნით პროკურატურამ ქალი ფეხბურთელები დაზარალებულად ცნო თაღლითობისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე. მწვრთნელს კი ბრალდება მხოლოდ თაღლითობის ნაწილში წარუდგინა. მიუხედავად იმისა რომ სექსუალური შინაარსის დანაშაულზე საქმეში არსებობს თვითმხილველი მოწმე და სხვა მტკიცებულებები.

თაღლითობაში ბრალდების ნაწილში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა არ აქვს აკრძალული მსხვერპლებთან მიახლოვება. ბრალდებული, მუდმივად ცდილობს კონტაქტი იქონიოს დაზარალებულ პირებთან და ამით ავიწროებს მათ. თუმცა პროკურატურა ისევ დუმს.

2021 წლის 29 აპრილს ადვოკატმა  განცხადებით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა დაუყოვნებლივ ბრალდების წარდგენა სექსუალური ძალადობის ნაწილში და დაზარალებულებთან მიახლოვების აკრძალვა, რაზედაც პროკურატურამ დაუსაბუთებლად განაცხადა უარი.

ამასთანავე, თაღლითობაში ბრალდებული კაცი მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელი გოგოები სექსუალურ შევიწროებას და ბავშვების მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას  ედავებიან, ამ წუთებშიც დასაქმებულია ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლის პოზიციაზე და ყოველდღიური შემხებლობა აქვს ბავშვებთან.

PHR ბავშვთა მიმართ დანაშაულების პრევენციის მიზნით, პროკურატურისაგან ითხოვდა მიემართათ განათლების სამინისტროსთვის, რათა ბრალდებულისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეჩერებულიყო. აღნიშნულზეც პროკურატურამ უარი განაცხადა.

მივიჩნევთ, რომ პროკურატურის ქმედებები წარმოადგენს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე არაეფექტურ რეაგირებას, რაც ეწინააღმდეგება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. თაღლითობაში სასამართლოს მიერ ბრალდებული, სექსუალურ შევიწროებაში მხილებული კაცის დასაქმება არასრულწლოვნებთან მინიმუმ არაეთიკურია და ქმნის  განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მწვრთნელის მიმართ სექსუალური ძალადობის ნაწილშიც,  შეუზღუდოს მას დაზარალებულებთან მიახლოვება და ბავშვთა მიმართ  ძალადობის პრევენციის მიზნით მიმართოს განათლების სამინისტროს რათა მწვრთნელს დროებით შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება.