PHR-ი სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ქალს, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. თუმცა, მოძალადის შიშით და სახელმწიფოს მიერ სათანადო მხარდაჭერის არარსებობის გამო, დამოუკიდებლად არ შეეძლო ძალადობისგან თავის დაღწევა. ამის გამო იძულებული იყო ეცხოვრა მოძალადესთან ერთად, აეტანა სექსუალური ძალადობა, რომელიც გაგრძელდა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც.  

PHR-ის ინიციატივით, მოძალადის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მოძალადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

რატომ დუმდა  ვერ საუბრობდა მსხვერპლი ძალადობის შესახებ 25 წლის განმავლობაში?

ადრეულ ბავშვობაში მოძალადე არწმუნებდა მსხვერპლს, რომ მისი ქცევა იყო ნორმალური. შესაბამისად, არასრულწლოვანი ფიქრობდა, რომ ოჯახის წევრის ქცევას არაფერი ჰქონდა საერთო ძალადობასთან. ვინაიდან განათლების სამინისტროს ერთიან სასწავლო გეგმაში არა აქვს შეტანილი სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესწავლის კომპონენტი, (ამის ვალდებულება სახელმწიფოს აქვს, ბავშვის უფლებებს საერთაშორისო სამართლის თანახმად), მსხვერპლს მისი ასაკის და განვითარების გამო, არ შეეძლო შეეფასებინა მასზე განხორციელებული ძალადობა და მიეღო საჭირო ინფორმაცია ძალადობისგან დაცვის უფლების და სახელმწიფოსთვის რეაგირების მოთხოვნის შესახებ. ამასთან, მოძალადის შიშით, ბავშვი დედას ვერაფერს უყვებოდა.

იმის გამო, რომ ბავშვი ვერ იღებდა შესაბამის ინფორმაციას მისთვის საჭირო თემებზე, თანაკლასელს ჰკითხა, მასაც  ეფერებოდა თუ არა მამა სასქესო ორგანოზე. მსხვერპლის განმარტებით მას დღემდე ახსოვს თანაკლასელის გაოცებული მზერა. სწორედ ამის მერე დაიწყო გაცნობიერება, რა სახის ძალადობას ახორციელებდა ოჯახის წევრი მის მიმართ.

ძალადობა გრძელდებოდა 25 წლის განმავლობაში, რამაც უკიდურესად დააზიანა ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, თუმცა აღნიშნულის სახელმწიფოს მხედველობის მიღმა დარჩა.

ბავშვის ნებისმიერი სახის ძალადობისგან დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა

მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი გოგონას ემოციური მდგომარეობა იყო უმძიმესი, განათლების სამინისტრომ არცერთხელ ჩათვალა  საჭიროდ, შეესწავლა ბავშვის საჭიროებები და შეეთავაზებინა მისთვის სათანადო დახმარება.

სკოლაში ძალადობის მსხვერპლის აკადემიური მოსწრება იყო არადამაკმაყოფილებელი. ბავშვი ვერ ახერხებდა კომუნიკაციას თანატოლებთან და მასწავლებლებთან.  ეცვა დიდი ზომის ტანსაცმელი, არ იღებდა მონაწილეობას სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ყოველთვის იყო დათრგუნული. სახელმწიფოს კი თავისი პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ყველა ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, არ შეუსრულებია.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლის განმარტებით, წლების განმავლობაში განხორციელებული დანაშაულის სიმძიმემ და ხანგრძლივობამ, მასზე მოახდინა უკიდურესად მძიმე ზეგავლენა. ამის გამო მას აღარ აჰქონდა ძალა, დახმარების გარეშე თავი დაეღწია ძალადობისგან და მიემართა სამართლდამცავი ორგანოებისთვის.

ამ ეტაპზე PHR-ის იურისტების მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო  მოქმედებები მსხვერპლის უფლებების და ინტერესების დასაცავად.

ორგანიზაცია აგრძელებს ძალადობის მსხვერპლი ქალისა და სხვა ქალების უფლებების დაცვას.