დღეს PHR-მა სასამართლოში მორიგი საქმე მოიგო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალის უკანონო განთავსების გამო  და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით კლინიკას 5000 ლარი დააკისრა.

ი.მ.-ს გადმოცემით 2019 წლის 31 აგვისტო მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. დილით საყიდლებზე წავიდა, მას შემდეგ რაც ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელი სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე, პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო.  სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. საბოლოოდ კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს.


აღნიშნულ საქმეში ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხირდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება - იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში.

 

აღნიშნული ფაქტების გაუთვალისწინებლობა და  ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი - მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება ი.მ-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ და  შპს "N5 კლინიკური საავადმყოფოს" დაევალა ი.მ-ს დაუყონებლივ გაწერა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფსიქიატრიულ დაწესებულებას უკანონოდ არანებაყოფლობითი ფსიქიატიული მკურნალობის გამო.


PHR აგრძელებს შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.