გვსურს გამოვეხმაუროთ ნელი დოროყაშვილის, მისი ადვოკატების, და, ზოგადად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ მიმართულ დამაზიანებელ და უსამართლო კამპანიას.

ბოლო დღეებია, ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა, თავად ბრალდებული და ზოგიერთი მედია საშუალება არაერთ ცილისმწამებლურ განცხადებას ავრცელებს ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებული ქალის, ნელი დოროყაშვილის და ამავდროულად მათი ადვოკატების მისამართით.

აღნიშნულ საქმეს მუდმივად ახლავს დაცვის მხარის მცდელობა შეინარჩუნოს და სტრატეგია დააყრდნოს ხალხის ემოციებს, პერიოდულად გამოიწვიოს მათი გაღიზიანება და ამით ხელი შეუწყოს ქალზე დამატებითი ზეწოლისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის დაწყებას. აღნიშნული გეგმა განსაკუთრებით სასამართლო პროცესების პარალელურად აქტიურდება, რაც ცალსახად მიმდინარე სასამართლო დავაზე საზოგადოებრივი გავლენის მოხდენის მცდელობაა.

გუშინ, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს საერთაშროსიო ორგანიზაციებს, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მიმდინარე ტურნირებში მონაწილეობის შეზღუდვის მოთხოვნით. ამავე სიუჟეტში გამოყენებულია ნელი დოროყაშვილის ორი ადვოკატის მოსაზრება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას რომ სწორედ ადვოკატებს ეკუთვნით ამგვარი მოთხოვნა.

ცალსახად ვამბობთ რომ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ და ემსახურება ერთის მხრივ ხალხის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას, ხოლო მეორეს მხრივ, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ნელი დოროყაშვილის, როგორც დაზარალებულის, დამატებით ფსიქოლოგიურ დათრგუნვას.

აღნიშული ცრუ განცხადების გავრცელებას ხელი შეუწყო მედია საშუალებამ, რომელმაც არ გადაამოწმა ფაქტი, არ დააბალანსა სიუჟეტი და შესაბამისად არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რითაც ირიბად შეუწყო ხელი დაწყებული დისკრედიტაციის კამპანიის წარმატებით გაგრძლებას.

შესაბამისად მოვუწოდებთ ადვოკატ ირმა ჭკადუას, იხელმძღვანელოს პროფესიული ეთიკის წესებით და ისე განახორციელოს პროფესიული მოვალეობა. არ გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია და ამით პატივი სცეს როგორც პროფესიას ისე კოლეგებს. ამავდროულად მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, პატივი ეცით მაყურებელის მოლოდინს მიიღონ გადამოწმებული, დაბალანსებული და შესაბამისად, სწორი ინფორმაცია. 


*ფოტოები აღებულია ინტერნეტიდან შემთხვევითობის პრინციპით.