ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პლატფორმის წევრებმა, ესმა გუმბერიძემ და ოლღა კალინამ, 2021 წლის 5 მარტს, მონაწილეობა მიიღეს  საერთაშორისო დისკუსიაში, რომლიც შეეხებოდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის საკითხს თანასწორობისა და ინკლუზიის მიმართულებით.

თანასწორთა დისკუსია (peer discussion) ორგანიზებული იყო ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მოდელების განხილვას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში. საქართველოს წარმომადგენლებმა ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების პლატფორმიდან დისკუსიის მონაწილეებს გააცნეს საქართველოში არსებული ვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მინიჭების მოდელებთან დაკავშირებით. კერძოდ, რა პროგრესი და გამოწვევები არსებობს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის დანერგვის მიმართულებით, მათ შორის ამ პროცესში შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით. დისკუსიის დროს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების მოდელები განხილული იყო თანასწორობის ჭრილში და გაანალიზებული იყო მისი მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა ეფექტური ჩართვისა და მონაწილეობის კუთხით.

ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პლატფორმა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების, ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოების მშობლების გაერთიანებას. პლატფორმის მიზანია შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების ადვოკატირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ყველა სფეროში შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების მეინსტრიმინგი.


პლატფორმა ჩამოყალიბდა 2020 წელს პროექტის ,,ქალთა გაერთიანება - საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა ხმის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ორგანიზაციები ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და ,,ქალი და რეალობა“. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გაერის მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით.