PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად კიდევ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დატოვებს დიდი ზომის ინსტიტუციას და თემში დამოუკიდებლად დაიწყებს ცხოვრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასრულდა დავიდ ჭეიშვილის ხუთწლიანი დავა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობას დაევალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები დავიდ ჭეიშვილისთვის სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრისის გადაცემა.

დავიდ ჭეიშვილმა 2016 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მისთვის საცხოვრისის გადაცემა. აღნიშნული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ვალდებულად განსაზღვრავდა პანსიონატში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის ვალდებულებას, თუ ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ  იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დიდი ზომის ინსტიტუციაში ცხოვრება. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი წარმოადგენდა მნიშვნელოვან გარანტიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, დაეტოვებინათ დახურული დაწესებულებები და დამოუკიდებლად, თემში დაეწყოთ ცხოვრება. სამწუხაროდ, 2020 წელს მიღებულმა კანონმა ,,შშმ პირთა უფლებების შესახებ“ აღარ გაითვალისწინა ეს მიდგომა და დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სახელმწიფო ორგანოებს მოსთხოვონ საცხოვრებელი ფართის გადაცემა.

დავიდ ჭეიშვილის მოთხოვნა, საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა რუსთავის საქალაქო სასამართლომ. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით, რომ დავიდ ჭეიშვილი ითხოვდა მხოლოდ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის გადაცემას და არ დაეთანხმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის შეთავაზებას ერთი წლის განმავლობაში მისთვის საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემას. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაეფუძნა საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებებსა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, დავიდ ჭეიშვილი ითხოვდა მხოლოდ სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართის გადაცემას, რაც საკუთრების ფორმის გარდა, მოიაზრებს ასევე ქირავნობის ხელშეკრულებას. თუმცა, ქირავნობის ხელშეკრულების შემთხვევაშიც კი სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრისი გულისხმობს სტაბილურობის გარანტიის შექმნას სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რაც ერთწლიანი ხელშეკრულებით არ მიიღწეოდა.

PHR-მა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, რომელმაც სრულად გაიზიარა ორგანიზაციის პოზიცია, გააუქმა უზენაესი სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილება და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დავიდ ჭეიშვილის სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან განმარტებებს აკეთებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური ინტეგრაციისა და სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრისის გამოყოფასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ის უმთავრესად ეფუძნება სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო.

კერძოდ, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი მე-11 და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 28-ე მუხლებზე დაყრდნობით, უზენაესი სასამართლო თვლის, რომ:

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფო პროგრამის საშუალებით და ამ პირებს უნდა გააჩნდეთ მასზე შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა“.

უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრისის მთავარ ელემენტებს, რაც მომავალში მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება საცხოვრისის უფლების დაცვის თვალსაზრისით. კერძოდ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი პირობების ადეკვატურობის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოებაა მფლობელების სამართლებრივი გარანტია, რაც შეიძლება გამოვლინდეს არაერთი სამართლებრივი ფორმით, მათ შორის, დაინტერესებული პირისთვის ქონების საკუთრებაში გადაცემით, საცხოვრებელი ფართის ქირავნობით და ა.შ. თუმცა, იმის მიუხედავად, რომელი სამართლებრივი ფორმით გადაეცემა პირს საცხოვრის:

,,ნებისმიერ პირს უნდა გააჩნდეს მფლობელობის გარანტიის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ დაცვას სხვადასხვა საფრთხის, მაგალითად, იძულებითი გამოსახლების  წინაშე“.

შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულება მდგომარეობს ისეთი საკანონმდებლო და ფინანსური მექანიზმების შექმნაში, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას გარანტირებულ საცხოვრებელ ფართზე, მის სიმყარესა და სტაბილურობის განცდას:

,,საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უფლების დაცვის თვალსაზრისით, განმსაზღვრელია არა მოსარჩელის ნივთთან სამართლებრივი კავშირის ფორმა, არამედ ამ კავშირის სიმყარე და იმის გარანტირებული შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაიდება. ასევე, მნიშვნელოვანია, ხელშეკრულების ვადა, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ქმნიდეს სტაბილურობის განცდას. საკასაციო სასამართლო მოსარჩელისთვის შეთავაზებულ ხელშეკრულების ვადას არ აფასებს როგორც გონივრულს“.  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმარტება, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში გვხვდება, შეეხება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის ფორმირების პროცესს. კერძოდ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბიუჯეტის ფორმირებისას გათვალისწინებული უნდა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონისმიერი ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით:

,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნები გამოიყოფა პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში პრიორიტეტულობაზე ხაზგასმა მიუთითებს თვითმმართველი ერთეულის ვალდებულებაზე, ბიუჯეტის შედგენის პროცესში გაითვალისწინოს ის ფინანსური გარანტიები, რაც პრიორიტეტულად უზრუნველყოფს კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით“.

PHR-ი სტრატეგიული სამართალწარმოების საშუალებით კვლავ გააგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების დაცვას და მათ სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას.