,,პანდემიამ შშმ ქალების ცხოვრებაში კიდევ უფრო გაამწვავა იქამდე არსებული პრობლემები, გააჩინა დამატებითი სირთულეები. რაც ყველაზე მთავარია, დღის წესრიგიდან გააქრო შშმ ქალების უფლებების დაცვის მიმართულებით აქტუალური თემები, რომელთა ადვოკატირებაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა“  - პლატფორმის წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი.

2021 წლის 29 იანვარს ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პლატფორმის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შშმ ქალებმა და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა იმსჯელეს იმ სირთულეებზე, რომელიც COVID-19-ის პანდემიის პირობებში წარმოიშვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ცხოვრებაში და რომლებმაც კიდევ უფრო გააუარესა განათლების, ჯანდაცვის და რეაბილიტაციის სერვისების მისაწვდომობა. პანდემიამ განსაკუთრებით დაამძიმა შშმ ქალთა სოციალური დაცვისა და დამოუკიდებელი ცხოვრების  საკითხები.

შეხვედრის შედეგად პლატფორმის წევრებმა გამოყვეს სისტემური და ყველაზე უფრო აქტუალური პრობლემები ხუთი ძირითადი მიმართულებით: ჯანმრთელობის დაცვა, რეაბილიტაცია, განათლება, სოციალური დაცვა და დამოუკიდებელი ცხოვრება.

გადაწყდა, რომ პლატფორმის წევრები აქტიურად დაიწყებენ აღნიშნული თემების ადვოკატირებას. ასევე, გააგრძელებენ ისეთი გამოწვევების პოლიტიკის დღის წესრიგში დაყენებას, რომლებმაც სხვა ყოფით პრობლემების გამო, დაკარგა აქტუალობა. მაგალითად, ასეთ თემად გამოიყო სამედიცინო მანიპულაციების მისაწვდომობა, განსაკუთრებით რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიმართულებით.

ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პლატფორმა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების, ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოების მშობლების გაერთიანებას. პლატფორმის მიზანია შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების ადვოკატირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ყველა სფეროში შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების მეინსტრიმინგი.

პლატფორმა ჩამოყალიბდა 2020 წელს პროექტის ,,ქალთა გაერთიანება - საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა ხმის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ორგანიზაციები ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და ,,ქალი და რეალობა“. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გაერის მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით.