არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის უფლებებს, რომელიც მეუღლის მხრიდან განიცდიდა ძალადობის სხვადასხვა ფორმას. იგი აგრეთვე იყო გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი: მეუღლე უკრძალავდა ნათესავების და მეგობრების მონახულებას, მისთვის სასურველი ტანსაცმლის ჩაცმას,  აკონტროლებდა მის ქცევას და საუბარს.  საკუთარი აზრის დაფიქსირების დროს ქალი ხშირად ხდებოდა დაცინვის და შეურაცხყოფის მსხვერპლი.

მეუღლე სისტემატურად ბოროტად სარგებლობდა ი.ც-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით. აღიქვამდა მას როგორც მხოლოდ საოჯახო საქმეების შემსრულებელ პირად, რეგულარულად აიძულებდა სასურველი პროდუქტის არქონის დროს  წასულიყო მეზობლებში და ეთხოვა სადილისთვის საჭირო ინგრედიენტები.  ხშირად ი.ც-ს მეუღლე რამდენიმე დღე ტოვებდა სახლში მარტოს, რა დროსაც უკიდურესი მატერიალური სიდუხჭირის გამო  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის საკვებს აძლევდნენ მეზობლები.

იგი ასევე ეკონომიკური ძალადობის და იძულების მსხვერპლი იყო მეუღლის მხრიდან. მეუღლის არაერთი მოთხოვნის შემდეგ ი.ც იძულებული გახდა ერთერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ეთხოვა მოწყალება, მოგროვილი თანხა კი გადაეცა  ქმრისთვის.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლობას უწევს ი.ც-ს სამართალდამცავ ორგანოებთან. ორგანიზაციის დახმარებით იგი გამოიკითხა პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით,  რის შედეგადაც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით. მეუღლის მიმართ იმავე დღეს გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მოძალადეს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები მათი მდგომარეობის გათვალისწინებით დამატებითი საფრთხის ქვეშ არიან გახდნენ ოჯახური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ხშირად მოძალადე იყენებს შშმ ქალების მოწყვლადობას და ახდენს მათ სრულ იზოლაციას.

ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობა დამატებით დაბრკოლებას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების განხორციელებაში. გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, პირადი ცხოვრებისა და ყოველდღიური გადაწყვეტილებების კონტროლი არ აძლევთ მათ საშუალებას თავად განკარგონ საკუთარი ცხოვრება.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა მყისიერ რეაგირებას საჭიროებს როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე საზოგადოების მხრიდან.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აგრძელებს ი.ც ს უფლებების და ინტერესების დაცვას.

პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.