იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესი გამოწვევებით წარიმართა. უწყებამ ვერ შეძლო, ამ პროცესში უზრუნველეყო შშმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური და ეფექტიანი ჩართულობა. ერთი მხრივ, ორგანიზაციებისა და აქტივისტების ნაწილს საშუალება ჰქონდა, მხოლოდ ერთჯერადად მიეღო მონაწილეობა კანონპროექტის განხილვაში და წარმოედგინა ზეპირი და წერილობითი კომენტარები. მეორე მხრივ, კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი აისახა და კანონპროექტი შინაარსობრივად ფაქტობრივად არ შეცვლილა. მიგვაჩნია, რომ მაშინ როდესაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიმდინარეობდა ისეთი ტიპის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი, რომელიც არსებითად ეხება შშმ პირთა ცხოვრების ყველა სფეროს, მასში მხოლოდ სერვის პროვაიდერი ორგანიზაციების ჩართულობა არ იყო საკმარისი. პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და იგი უნდა გამხდარიყო საჯარო განხილვისა და დისკუსიის ნაწილი მთელი საქართველოს მასშტაბით, რა დროსაც უნდა გათვალისწინებულიყო რეგიონებში მცხოვრები შშმ პირების მოსაზრებები და რეკომენდაციები.
კანონპროექტი მოიცავს ცალკეულ პოზიტიურ სიახლეებს, როგორიცაა, შშმ პირების ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცვის მოთხოვნა, შშმ პირების ხელშეწყობა სამართალწარმოების განხორციელების პროცესში, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის ცნებები, ასევე, სპეციალური მოსარჩელის განმარტება. თუმცა, აღნიშნული სიახლეები, ხარვეზიანობის ან/და კონვენციით განსაზღვრულ სტანდარტზე დაბალი სტანდარტის დაწესების გამო, არსებითად ვერ აუმჯობესებს შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობასა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს. დამატებით, კანონპროექტის გარდამავალი დებულებები მოიცავენ მნიშვნელოვანი ადგილობრივი სტანდარტების დადგენის ვალდებულებას, თუმცა, მათი მიღებისა და აღსრულების ვადები გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე, რაც ავადებს სახელმწიფოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და შეუძლებელს ხდის შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კანონპროექტის დეკლარაციული და აბსტრაქტული ხასიათი, რომელიც, არ ადგენს უფლებრივ სტანდარტებს და, ძალაში შესვლის შემთხვევაში, ვერ მოახდენს შშმ პირთა უფლებების რეალური დაცვის გარანტიების შექმნას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კონვენციის იმპლემენტაციის კონკრეტულ და ეფექტიან ბერკეტებს. ის ფაქტობრივად სახელმწიფოს კეთილ ნებად აღიარებს შშმ პირთა უფლებების დაცვას და შშმ პირთა უფლებების განხორციელების უზრუნველყოფის ვალდებულების დაწესების ნაცვლად შემოაქვს უფრო დაბალი სტანდარტი – „ამ ჯგუფის მიერ უფლების რეალიზებაში ხელის შეწყობა“.
დეკლარაციულ ხასიათთან ერთად, კანონპროექტის მიღმაა დარჩენილი კონვენციით გათვალისწინებული მთელი რიგი უფლებები და შშმ პირთა წინაშე არსებული გამოწვევები. მაშინ, როდესაც ასობით პირი განაგრძობს ცხოვრებას დიდი ზომის პანსიონატებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, კანონპროექტი ხედვის არეალის გარეთ აქცევს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებებს. კანონპროექტში არ არის ასახული ისეთი უფლებები, როგორიცაა, მაგალითად, სამართლებრივი ქმედუნარიანობა, გადაადგილების თავისუფლება, აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება. კანონპროექტში ცალკე დებულებად არ არის გამოყოფილი შშმ ქალთა უფლებების დაცვის ვალდებულება.
უფლებების დამდგენ სტანდარტებთან ერთად, კანონპროექტი ვერ ახდენს შშმ პირებისათვის რელევანტური სერვისების ამოქმედებისათვის წინაპირობის შექმნას. მას კონკრეტულ მომსახურებად მხოლოდ პერსონალური ასისტენტის პროგრამა შემოაქვს, მაშინ, როდესაც ის არ წარმოადგენს ერთადერთ მნიშვნელოვან სერვისს შშმ პირებისათვის. სერვისებთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების გზაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ერთის მხრივ, ინსტიტუციური ჩარჩოს (კონვენციის იმპლემენტაციის, კოორდინაციისა და მონიტორინგის ორგანოების) შეუფერხებელი მუშაობისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ყოვლისმომცველი სტატისტიკის წარმოებისათვის შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების შექმნა.
კანონპროექტი ცალკეულ უფლებებთან და კონცეფციებთან მიმართებით ეწინააღმდეგება კონვენციას და აუარესებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით განსაზღვრულია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება, აღნიშნულის საპირწონედ ვერ ხდება ახალი, კონვენციასთან თავსებადი მექანიზმების შემოღება, რის შედეგადაც, შშმ პირები სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიების გარეშე რჩებიან. ასევე, აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ხარვეზები სოციალური მოდელის შემოტანის მიმართულებით. კერძოდ, კანონპროექტში საუბარია მხოლოდ შეფასების მიდგომაზე (ბიოფსიქოსოციალური შეფასება), რომელსაც კანონპროექტი კვლავ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს.
კანონპროექტში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები და ინდივიდუალური აქტივისტები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს შემდეგი რეკომენდაციებით:
- კანონპროექტის განხილვის ეტაპზე უზრუნველყონ
შშმ პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა,
რაც მათ შორის გულისხმობს კანონპროექტის განხილვის შესახებ ინფორმაციის დროულ და ეფექტიან
გავრცელებასა და მიწოდებას ყველა შესაძლო დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისთვის;
- უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილებების
შესაბამისობა შშმ პირთა კონვენციასთან;
- საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე განხორციელდეს
დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა და უშუალოდ საკომიტეტო მოსმენებზე უზრუნველყოფილი
იყოს განცხადებაში აღწერილი პრობლემების განხილვა, სადაც შშმ პირებსა და შშმ პირთა
საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიეცემათ საშუალება, დეტალურად წარმოადგინონ თავიანთი
პოზიცია და არგუმენტაცია;
- უზრუნველყოს კანონპროექტის ტექსტის
იმგვარად შეცვლა, რომ დეკლარაციული დოკუმენტიდან შშმ პირებისთვის უფლების დაცვის რეალურ
ინსტრუმენტად იქცეს. ამისთვის მუხლების ფორმულირება, სადაც საუბარია სახელმწიფოს მიერ
უფლების განხორციელების ხელის შეწყობაზე, ჩანაცვლდეს უფლების განხორციელების ვალდებულებით;
- კანონპროექტში ასახოს კონვენციით გათვალისწინებული
ყველა უფლება, რომელიც არ გვხვდება ან არასათანადოდ არის ასახული მის ამჟამინდელ ვერსიაში
და დაადგინოს მათი ეფექტური აღსრულების მექანიზმები;
- კანონპრექტში საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად ასახოს სოციალური მოდელის ცნება, აღსრულების მექანიზმები და უზრუნველყოს
მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში აღნიშნული მოდელის დანერგვა;
- შექმნას სერვისების განხორციელების
ეფექტიანი საკანონმდებლო გარანტიები და შშმ პირებისთვის გათვალისწინებული კონკრეტული
სერვისები დაარეგულიროს რელევანტური ნორმატიული ჩარჩოთი.
მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
(PHR)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა რეგისტრირებული კავშირი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
(GYLA)
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
– თბილისი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია ,,მოძრაობა ცვლილებებისთვის“
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
(FAD)
კავშირი ,,თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის“
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
კავშირი ქალი და რეალობა
პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის
ვოლფრამის სინდრომი-საქართველო
ფონდი აურეს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვიმეგობროთ“
მოძრაობა ,,ინკლუზიური საზოგადოება-საქართველო“
ყოველი მეათე ჩვენგანი
ნერვული დაავადებებით დაავადებული ბავშვების
მშობელთა ასოციაცია
გოგა გოგატიშვილი – შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების აქტივისტი
დავით ბიბილეიშვილი – შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების აქტივისტი
გელა ბერაძე – დამოუკიდებელი აქტივისტი
ესმა გუმბერიძე – შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების აქტივისტი
კობა ნადირაძე – შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების აქტივისტი
გიორგი ალავიძე – შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების აქტივისტი
ნათია გოგოლაშვილი – დამოუკიდებელი
აქტივისტი
ლეილა ხაჭაპურიძე – ვოლფრამის სინდრომი-საქართველო
გია ჯვარშეიშვილი – შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების აქტივისტი
მარიკო კობახიძე – შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების აქტივისტი
შორენა კრაველიძე – დამოუკიდებელი აქტივისტი
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
მშობელთა საინფორმაციო ცენტრი
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის
მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის
გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს
ოფისი
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი
დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
საზოგადოება ბილიკი
საქართველოს ბავშვები
კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
„პირველი ნაბიჯი საქართველო“
მშობელთა საინფორმაციო ცენტრი (
PIC)
ყვარლის რაიონის ახალგაზრდული ასოციაცია
საქართველოს კარიტასი
ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
ვრცლად იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში: