ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ურთიერთობა ჩვენს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ურთიერთობის მოთხოვნილება ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში იჩენს თავს. ის სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგალითად, დედა-შვილური, მეგობრული, ნათესაური, ცოლ-ქმრული და სხვ.


მაშინ, როდესაც ურთიერთობების ამ ჩამონათვალზე ვსაუბრობთ, ხშირად ჩვეულებრივ მოვლენად გვეჩვენება, რომ ასეც უნდა იყოს, თუმცა, როდესაც ადამიანს აქვს შეზღუდული შესაძლებლობა და განსაკუთრებით, ინტელექტუალური შეზღუდვა, ამ დროს მისი სოციალური წრე, უმეტეს შემთხვევაში, უაღრესად ვიწროა და სამწუხაროდ,  ურთიერთობები ოჯახს არ სცდება. როდესაც ზრდასრულთა ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სექსუალური ურთიერთობები, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულობა და უსაფრთხოება.

 

შშმ პირთა უფლებებზე და სერვისებში მომუშავე ორგანიზაციებმა ბოლო რამდენიმე წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალურ განათლებაზე და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე დაიწყეს საუბარი. ამის მიუხედავად,  ისეთი ჯგუფის წევრებს, როგორიცაა ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საკმაოდ ბევრი ბარიერი ეღობებათ წინ. ხშირად, საქართველოში   ადამიანს, რომელსაც ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, ქცევის ფუნქციის შესწავლის გარეშე უნიშნავენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს პუბერტატის ასაკში და არ ითვალისწინებენ მის სექსუალურ მოთხოვნილებებს და სურვილებს. ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა და არაკვალიფიციური კადრებია. არ ჩნდება შეკითხვა, ხომ არ შეიძლება ქცევა იყოს ასაკიდან გამომდინარე ჰორმონალური ცვლილებებით გამოწვეული, რომლის მართვაც მას უჭირს. ხშირად ამაზე არც კი ლაპარაკობენ და ექიმთან ან/და ფსიქოლოგთან მიმართვის ძირითადი მიზეზი უკვე არსებული ქცევაა (მაგალითად: საკუთარი თავის ან სხვისი დაზიანება, ნივთების დაზიანება ან სხვ).  ძირითადად,  ნევროლოგებს მიმართავენ, რადგან ქვეყანაში არ გვყავს სექსოლოგი, რომელსაც იშშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.  მნიშვნელოვანია, მოზარდობის ასაკამდე ოჯახებს ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ესაუბრონ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იშშმ გოგონას, ასევე იცოდნენ, თუ ვის უნდა მიმართონ საჭირო დროს.

 

დოკუმენტის ავტორი: დარინა დუმბაძე



დოკუმენტი მომზადებულია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით