ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება N 22338/15, 19 დეკემბერი 2017 წელი
არაოფიციალური თარგმანი
მასალა მოამზადა თამარ გაბოძემ
შედეგი: სასამართლომ დაადგინა რომ შვეიცარიის სახელმწიფოს არ დაურღვევია კონვენციით გარანტირებული ბავშვის უფლებები, როცა მათ სასაწავლო კურიკულუმში გაითვალისწინა რეპროდუქციული და სექსუალური განათლების თემები. შესაბამისად არ დააკმაყოფილა მომჩივნის განაცხადი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საქმის არსი: ბავშვთა რეპროდუქციული და სექსუალური განათლების მნიშვნელობა საჯარო სკოლებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებას, სწავლობდეს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მოამზადებს მას უსაფრთხო და ჯანსაღი ცხოვრებისათვის, ასევე ბავშვის ჯანმრთელობის და ძალადობისგან დაცვის უფლებას, აშკარად უპირატესობა უნდა მიენიჭოს მშობლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების შორეულ ინტერპრეტაციას შორის. სასამართლოს შეფასებით, განმცხადებლები უთითებდნენ აბსტრაქტულ საფუძვლებს, მათ შორის მორალურ და ეთიკურ ღირებულებებს, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასაბუთეს, თუ რა უარყოფითი გავლენა შეიძლებოდა ქონოდა სექსუალური განათლების გაკვეთილებში მონაწილეობას კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებთან მიმართებაში. რის გამოც, განმცხადებლის მოთხოვნა მიჩნული იქნა როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
საქმის გარემოებები:
შვეიცარიის ეროვნული კანონმდებლობით, საბავშვო ბაღებში და სკოლებში, ბავშვებს აწვდიდნენ ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, რომლის მიზანი იყო ბავშვების ჯანმრთელობის და ძალადობისაგან დაცვა.
2011 წელს, ორმა მშობელმა, რომლებიც არიან შვეიცარიის მოქალაქეები, საჯარო სკოლაში წარადგინეს მოთხოვნა, იმის შესახებ რომ, მათი შვილები გაეთავისუფლებინათ სექსუალური განათლების სავალდებულო გაკვეთილებისგან. რამდენადაც, სკოლამ არ გაითვალისწინა განმცხადებლების მოთხოვნა, მათ საჩივრით მიმართეს ეროვნულ სასამართლოს. ერთ-ერთი განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ზოგადად ის არ იყო სექსუალური განათლების წინააღმდეგი, თუმცა მიაჩნდა, რომ 4 წლიდან 8 წლამდე ასაკის ბავშებისთვის სექსუალური განათლება იყო ნაადრევი და გაკვეთილების სავალდებულო ბუნება ხელს უშლიდა მშობლებს შვილების აღზრდაში.
ეროვნულ დონეზე წარუმატებელი დავის შემდეგ, განმცხადებლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. განმცხადებლები აპელირებდნენ, რომ საჯარო სკოლებში სავალდებულო სექსუალური განათლებით, სახელმწიფო ახორციელებდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებში უკანონო ჩარევას. (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება და აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ აქამდე განათლების უფლება არ განუხილავს კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში. განათლების უფლება დაცულია კონვენციის N1 დამატებითი ოქმით, რომელიც არ აყო რატიფიცირებული შვეიცარიის მიერ. თუმცა, ეს არ ნიშნავდა, რომ მე-8 მუხლი არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო წარმოდგენილ საქმეში. მე-8 მუხლით დაცული „ოჯახურ ცხოვრება“ განმარტებული უნდა იყოს უფრო ფართოდ ვიდრე მხოლოდ თანაცხოვრება მშობლებს და შვილებს შორის. აღნიშნული უფლება ასევე შეიძლება გავრცელდეს მშობელთა უფლება-მოვალეობებზე შვილების განათლებასა და აღზრდასთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის განათლება, რამდენადაც ეს შეიძლება იყო მშობლის იდენტობის ფუნდამენტური ასპექტი, შესაძლებელია შეფასდეს, როგორც მშობლის „პირადი ცხოვრების“ ნაწილი. თუმცა, მაშინაც კი, თუ განსახილველ საქმეზე სასამართლო გამოიყენებდა კონვენციის მე-8 მუხლს, მშობლების მოთხოვნა მაინც აშკარად დაუსაბუთებელი იყო.
სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საფრთხე არის რეალური, რაც აისახება მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ისინი დაცულნი უნდა იყვნენ ამ საფრთხეებისგან ნებისმიერ ასაკში.
პალატის განმარტებით, ბავშვები არ ცხოვრობენ საზოგადოებისგან იზოლირებულად, თუმცა ექვემდებარებიან გავლენების მთელ რიგ დიაპაზონს. ასავე ბავშები სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის მედიისგან იღებენ ინფორმაციას, რამაც შესაძლოა ლეგიტიმური კითხვები გააჩინოს მათ გონებაში. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საჭირო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა რათა შეძლონ სწორი და არასწორი ინფორმაციის გარჩევა, რის გამოც, საზოგადოებას უდაოდ ჰქონდა სექსუალური განათლების მიწოდების განსაკუთრებული ინტერესი ბავშვებისთვის ძალიან მცირე ასაკიდან.
სასამართლოს შეფასებით, შვეიცარიის ხელისუფლებამ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვისას მოახდინა სხვადასხვა სიკეთეების და ინტერესების აწონ-დაწონვა. ასევე ხაზგასასმელი იყო, რომ სექსუალური განათლების სტრატეგიებს და დირექტივას ადგენდნენ კომპეტენტური ორგანოები, სადაც გათვალისწინებული იყო საკითხის სენსიტურობა. საგაკვეთილო პროცესი და მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამებოდა ბავშვის ასაკს. ეროვნულ სასამართლოებს მიღებული ჰქონდათ კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილებები, სადაც გათვალისწინებული იყო ბავშვის ინტერესები. ასევე, მშობელთა როლი შვილების აღზრდაში, მათ შორის სექსუალურ განათლებაში. ეროვნულმა ხელისუფლებამ აღიარა მშობლების უფლებების უდიდესი მნიშვნელობა, უზრუნველყონ თავიანთი შვილების სექსუალური განათლება და აღნიშნა, რომ სკოლის როლი იყო მშობლების მიერ მიწოდებული სექსუალური განათლების „შემავსებელი“.
გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ეხმაურება გაეროს ბავშვის უფლება კონვენციის 19-ე მუხლით გარანტირებულ უფლებას ბავშვების ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან დაცვის შესახებ და ასევე კონვენციის 29-ე მუხლს, რომლის თანახმად ბავშვის განათლების მიზანია მათ მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
სასამრთლოს შეფასებით, ბავშვებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის ნაკლებობამ, თუნდაც ადრეული ასაკიდან, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ზიანს, რის გამოც, მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება და უნარები ამოიცნონ სექსუალური ძალადობა, დააწესონ საზღვრები და იცოდნენ, სხეულის ავტონომიის შესახებ. სექსუალური განათლება ეხმარება ბავშვების დაიცვან თავი ძალადობის, იძულებისა და გენდერული უთანასწორობისგან. გამოიმუშაონ სარისკო სექსუალური ქცევის იდენტიფიცირების უნარები. სექსუალური განათლება, ასევე მხარს უჭერს ბავშვებს ემოციური და სოციალური ინტელექტის განვითარებაში, რაც მათ სჭირდებათ ჯანსაღი და სრულფასოვანი ურთიერთობების დასამყარებლად, როდესაც ისინი მიაღწევენ სრულწლოვანების ასაკს.
სასამართლო აღიარებს მშობლების მნიშვნელოვან როლს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. თუმცა განმარტავს, რომ მრავალი მიზეზის გამო, მხოლოდ ოჯახში შესაძლებელია ბავშვმა ვერ განივითაროს ის უნარ-ჩვევები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის და ძალადობისგან დაცვისთვის.
ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებას სწავლობდეს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მოამზადებს მას უსაფრთხო და ჯანსაღი ცხოვრებისათვის, ასევე ბავშვის ჯანმრთელობის და ძალადობისგან დაცვის უფლებას, აშკარად უპირატესობა უნდა მიენიჭოს მშობლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების შორეულ ინტერპრეტაციას შორის. სასამართლოს შეფასებით, განმცხადებლები უთითებდნენ აბსტრაქტულ საფუძვლებს, მათ შორის მორალურ და ეთიკურ ღირებულებებს, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასაბუთეს, თუ რა უარყოფითი გავლენა შეიძლებოდა ქონოდა სექსუალური განათლების გაკვეთილებში მონაწილეობას კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებთან მიმართებაში. რის გამოც, განმცხადებლის მოთხოვნა მიჩნული იქნა როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
მასალის სანახავად დააჭირეთ აქ
მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.