რას განიცდიან მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე
ბავშვები, რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება და ვინ არის ვალდებული დაიცვას ბავშვის
საუკეთესო ინტერესი?
იმ შემთხვევაში, თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი
პირი არასრულწლოვანია, სოციალური მუშაკის მიერ მზადდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიში,
რომელსაც ითვალისწინებს სასამართლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
მაგრამ არის თუ არა შესაძლებელი სოციალური მუშაკის
ერთი ან ორი ვიზიტით, ანგარიშის ფორმაში მონიშნული „კი“ ან „არა“ პასუხებით, ბავშვის უნიკალურობის და მისი ინდივიდუალური საჭიროებების
გათვალისწინების გარეშე მისი საუკეთესო ინტერესის განსაზღვრა?
როდესაც საქმეში მონაწილეობს არასრულწლოვანი
მოწმე/დაზარალებული საპროცესო მოქმედებაში
უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობა, ასევე განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან
ასაცილებლად, საპროცესო მოქმედებებს ესწრება ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც
როგორც წესი არ აქვს სპეციალური ცოდნა და უნარები
ბავშვის დასაცავად.
როგორ ვიქცევით
ამ დროს იურისტები?
ვაფასებთ ბავშვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეესაბამება თუ არა სიმართლეს
მისი სიტყვები, შეუძლია თუ არა მომხდარის გადმოცემა, რამდენად ახსოვს, როდის უფრო ახსოვს
და ა.შ. რომ შემდეგ მისი ნაამბობი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად გამოვიყენოთ, გამომდინარე
იქიდან, რომ მართლმსაჯულების პროცესი აგებულია
შეჯიბრებითობაზე და მხარეები ყველა კანონიერი საშუალებით ვიბრძვით, რომ სასამართლო
დარბაზიდან გამარჯვებულები გამოვიდეთ.
თუმცა ბავშვის გრძნობები, მისი ემოციური მდგომარეობა
და დანაშაულის კვალი მის ცნობიერებაზე და ჯანმრთელობაზე ხშირად აღნიშნული რჩება პროცესების მიღმა.
ბრალდების მხარე ცდილობს საქმეზე დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, დაცვის მხარე გამოდის ბრალდებულის ინტერესებიდან რათა გაამართლოს ან შეუმსუბუქოს სასჯელი საკუთარ კლიენტს.
ასეთ დროს ბავშვის საუკეთესო ინტერესი რჩება დაცვის და გათვალისწინების გარეშე, რადგან საქართველოში არ არსებობს სისტემური მიდგომა და ერთიანი შემუშავებული წესები, რომლის მთავარი მიზანიც ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა და პრიორიტეტულობა იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი
სავალდებულოს ხდის ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალიწინებას, ის არ არეგულირებს
იმას, თუ ვის ეკისრება ვალდებულება, რომ ჯერ სათანადოდ შეისწავლოს და შემდეგ პრიორიტეტი
მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
არის თუ არა საკმარისი ბავშვისთვის ფსიქოლოგის
და მშობლს/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში? ვის შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თუ როდის განიცდის
ბავშვი სტრესს და მეორეულ ვიქტიმიზაციას? ხდება ეს მხოლოდ სასამართლოს დარბაზში თუ
მის მიღმა? ვის მიერ და რა კომპეტენციით ხდება
ბავშვის პერსონალური საჭიროებების შესწავლა და რა მნიშვნელობა ენიჭება მათ გადაწყვეტილებაში?
მართლმსაჯულების პროცესში ჩართული თითოეული მხარე ვიბრძვით საკუთარი, თუნდაც სრულიად ლეგიტიმური ინტერესებისთვის და როდესაც სრულდება ბავშვის მონაწილეობა, ვიხსნით პასუხისმგებლობას მასზე. ბავშვი ისევე როგორც მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობამდე, რჩება მარტო საკუთარ თავთან და გამოვლილ ისტორიასთან მისი საუკეთესო ინტერესის შეფასების და გათვალისწინების გარეშე.
ბავშვის საუკეთესო
ინტერესის გასათვალისწინებლად კი, აუცილებელია
მოხდეს გარემოებების შესწავლა, რაც კონკრეტულ ბავშვს ხდის უნიკალურს, ხოლო შემდეგ
უნდა შეფასდეს ბავშვის ფსიქო-ემოციური, სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა საჭიროებები.
კანონთან კონფლიქტში
მყოფი ბავშვების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ რის გამო მოხვდა ბავშვი
მართლმსაჯულების სისტემაში და გარდა დადანაშაულებისა, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს
ბავშვს რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის ადეკვატური სერვისები.
სხვა შემთხვევაში, კანონმდებლობაში ასახული საუკეთესო ინტერესი იქნება ფორმალური და არანაირი კავშირი არ ექნება ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებასა და მათი შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერასთან.
ბლოგის ავტორი: თამუნა გაბოძე