თამარ კაპანაძის ბლოგი

 

სახელმწიფოს ვალდებულებები სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის სექსუალური ძალადობისგან დასაცავად

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი

 

ბავშვის უფლება, რომ დაცული იყოს ყველა ფორმის ძალადობისგან გარანტირებულია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ასევე შიდა კანონმდებლობით. ბავშვის უფლებათა კონვენციაში ცალკე მუხლი ეთმობა სახელმწიფოს ვალდებულებას - განსაკუთრებით დაიცვას და დაეხმაროს ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია თავის ოჯახურ გარემოცვას ან რომელსაც საკუთარი საუკეთესო ინტერესებისათვის არ შეუძლია ასეთ გარემოცვაში დარჩეს. გარდა საკანონმდებლო ნორმებისა, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მდიდარი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის სექსუალური ძალადობისგან დასაცავად.

აღნიშნულ ბლოგში განვიხილავთ სახელმწიფოს ვალდებულების შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, სასამართლო გადაწყვეტილებებზე  დაყრდნობით.

 

1)    Loste V France (application no. 59227/12)

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წელს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე Loste საფრანგეთის წინააღმდეგ. საქმე ეხება მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვს, რომელიც მინდობით აღმზრდელი მამობილის მხრიდან გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.  განმცხადებელი ჩიოდა რომ საფრანგეთის „ბავშვთა კეთილდღეობის სამსახურის“ (ASE) უმოქმედობის შედეგად, სახელმწიფომ იგი ვერ დაიცვა სექსუალური ძალადობისგან.  აპლიკანტი 5 წლის იყო, როდესაც იგი მინდობით აღმზრდელ ოჯახში მოათავსეს. აპლიკანტი იყო იეჰოვას მოწმე და  14 წლის ასაკში იეჰოვას მოწმეთა კრების წევრს გაუმხილა მინდობით აღზრდის ოჯახში მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ.

 

სექსუალური ძალადობის საქმის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ზრუნვაში მოთავსების მომენტში ბავშვი იყო განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში ასაკისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი მშობლის მზრუნველობის გარეშე იყო დარჩენილი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული სექსუალური ძალადობა სახელმწიფომ შეაფასა როგორც წამება მის მიმართ.

სასამართლომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს იმსჯელა როგორც სრულყოფილ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე, ასევე ბავშვთა კეთილდღეობის სამსახურის ეფექტურ მუშაობაზე. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამის დროს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო კონკრეტულ შემთხვევაში მიდრეკილი იყო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების დასაცავად პირების მხრიდან სერიოზული ზიანისგან, რადგან მას თან ახლდა მთელი რიგი ზომები და მექანიზმები მინდობით აღმზრდელ ოჯახებში არასათანადო მოპყრობის რისკების პრევენციისა და გამოვლენის მიზნით.

თუმცა საკანონმდებლო რეგულაციის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული მექანიზმების იმპლემენტაციაზე სამსახურის მიერ. კერძოდ, საქმის გარემოებებით დგინდებოდა, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სამსახურმა განახორციელა მხოლოდ 6 ვიზიტი 12 წლის განმავლობაში. პირველი ვიზიტი განხორციელდა ბავშვის განთავსებიდან 11 თვის შემდეგ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბავშვის მინდობით აღმზრდელ ოჯახში განთავსების საწყისი პერიოდი იყო განსაკუთრებით სენსიტიური და კრიტიკული მისი ასაკის გათვალისწინებით, თუმცა ბავშვთა კეთილდღეობის სამსახურმა საწყის ეტაპზე არ გამოიჩინა შესაბამისი გულისხმიერება. აღნიშნული შეფასება მიემართება შემდეგ ვიზიტებსაც, ვინაიდან ვიზიტები არც მომდევნო წლებში ხორციელდებოდა რეგულარულად. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა რომ ანგარიშები იყო ფორმალური და ლაკონური. არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ASE-ს თანამშრომლებს რეგულარულად ჰქონდათ პირისპირ საუბრები განმცხადებელთან მათ ტერიტორიაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანგარიშებით დასტურდება, რომ ბავშვი ნერვიულად გამოიყურებოდა და იმეორებდა სკოლის პირველ კურსს, იმ პერიოდში, რომელიც, როგორც ჩანს, ემთხვეოდა აღმზრდელი მამის  მიერ აღიარებული სექსუალური ძალადობის პირველ ეპიზოდებს. სასამართლოს აზრით, ამ ნიშნებს უნდა გამოეწვია განმცხადებლის სიტუაციაზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი ბავშვთა კეთილდღეობის სამსახურმა   ორწელიწადნახევრის  შემდეგ დაგეგმა მეორე პირისპირ შეხვედრა სახლში.

სახელმწიფო მიუთითებდა, რომ ASE -ში საჩივარი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, მათ არ შეეძლოთ სცოდნოდათ სექსუალური ძალადობის შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ASE- ს მხრიდან ხარვეზი იყო რეგულარულ მონიტორინგში. დამატებით სასამართლომ შეაფასა ბავშვთა კეთილდღეობის სამსახურსა და კომპეტენტურ ორგანოებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ნაკლებობა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოვლენათა მიმდინარეობაზე.  შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა (წამების აკრძალვა).

საქმეში Z v. United Kingdom სასამართლომ დადგინა, რომ საოჯახო სახლში (სახელმწიფოს ალტერნატიული ზრუნვა) ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ბავშვების ეფექტურ დაცვას და გონივრული ნაბიჯების გადადგმას არასათანადო მოპყრობის თავიდან არიდების მიზნით, რის შესახებაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა სახელმწიფოს.

2)    საქმეებში (O’Keeffe  V Ireland, , § 149, and E. and Others v. the United Kingdom, no. 33218/96, § 99, 26 November 2002) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე მსჯელობის დროს აღნიშნა, რომ „არ არის აუცილებელი იმის ჩვენება, რომ სახელმწიფოს მხრიდან სხვაგვარი მოქმედების შემთხვევაში არასათანადო მოპყრობა არ მოხდებოდა. გონივრულად ხელმისაწვდომი ზომების მიუღებლობა, რომლებსაც შეეძლოთ შედეგის შეცვლა ან ზიანის შემსუბუქების რეალური პერსპექტივა ჰქონოდათ, საკმარისია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დასადგენად“.

აღნიშნული გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად ნათელია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ზომები, შექმნას მექანიზმები მინდობით აღმზრდელ ოჯახებში არასათანადო მოპყრობის რისკების პრევენციისა და გამოვლენის მიზნით. ამასთან, მექანიზმების სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი უწყების მხრიდან მონიტორინგი იყოს ეფექტური, არ იყოს ფორმალური და ლაკონური. ამასთან, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემა უნდა თანამშრომლობდეს ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან, რათა ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვა განხორციელდეს ეფექტურად.