ავტორი: თამარ გაბოძე
ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა პირდაპირ უკავშირდება მათთვის საბაზისო ინფორმაციის არქონას სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვის მყარი, ეფექტური და ინკლუზიური მექანიზმები. ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სხვადასხვა საგანში ფრაგმენტულადაა შეტანილი. თუმცა, რიგი კვლევები და სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ბავშვების დასაცავად აღნიშნული არ არის საკმარისი. ასევე, ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებები.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აღნიშნულ საკითხზე წლებია მუშაობს. PHR პასუხისმგებელ მხარეებს მუდმივ რეჟიმში აცნობს მტკიცებულებებს, სტატისტიკურ მონაცემებს, კვლევებსა და ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებს. მიუხედავად ამისა, დიალოგის პროცესში ვიღებდით ისეთ უკუკავშირებს, როგორებიცაა:
“საზოგადოების ნაწილს არ უნდათ სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვა“ (საზოგადოების ამ ნაწილს არ შესწევს ბავშვების ძალადობისგან დაცვის ძალა);
„მშობლებს სიტყვა სქესობრივზე უკვე უარყოფითი რეაქცია აქვთ;“
„კი გვევალება სქესობრივი განათლების დანერგვა, მაგრამ გასათვალისწინებელია ადგილობრივი კონტექსტი“ (აღნიშნული საჭიროებების კვლევასა და გამოწვევებთან გამკლავებას საჭიროებს და არა განათლებაზე უარის თქმას);“
„ვერ ავჩქარდებით, ნელნელა ჯობია დაინერგოს, მაგალითად ისე როგორც ასტრონომია“ და ა.შ.
2021 წელს PHR-მა მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ეროვნულ სასწავლო გეგმაში შშმ ბავშვებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საგნის დანერგვა მოითხოვა, ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვის პრევენციის მიზნით. სამინისტროსგან უარის მიღების შემდეგ ორგანიზაციამ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მოთხოვნას თან ერთვოდა შემდეგი სახის მტკიცებულებები:
განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული წერილობითი კომუნიკაცია;
შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია;
გენერალური პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია;
საზოგადოებრივი უსაფრთოხების მართვის ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაცია;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაცია.
ყველა მტკიცებულება ადასტურებდა ბავშვების მიმართ სექსუალური დანაშაულების მაღალ მაჩვენებელს საქართველოში.
გარდა წერილობითი მტკიცებულებებისა, სასამართლო პროცესზე დაიკითხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი. ასევე, დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც სასამართლოს გაუზიარეს ის რისკები და სირთულეები, რასაც შშმ ბავშვები სქესობრივი განათლების არ ქონის გამო აწყდებიან. ექსპერტის განმარტებით, ინფორმაციის არქონა ბავშვებში ზრდის ძალადობის რისკს, რადგან ბავშვები ხშირად ვერ ცნობენ ძალადობის ნიშნებს და არ იციან, როგორ დაიცვან თავი. ასევე, შშმ ბავშვებისთვის სექსუალური განათლების სპეციალური საჭიროებების გაუთვალისწინებლობა ართულებს მათთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებას.
სასამართლო პროცესები, იმართებოდა წელიწადში ორჯერ ან სამჯერ. 2021 წელს შეტანილი სარჩელი მხოლოდ 2023 წელს გადავიდა არსებით განხილვაზე. გაჭიანურებული განხილვის გამო ჩვენ განმეორებით წარვადგინეთ ზემოთხსენებული უწყებებიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაცია, რითაც დასტურდებოდა, რომ ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები წლების შემდეგაც სერიოზული გამოწვევა იყო.
განათლების სამინისტროს პოზიცია:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში სხვადასხვა საგანში შეტანილი აქვთ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გარკვეული საკითხები. თუმცა, არ ხდიდნენ სადაოდ, რომ სასწავლო გეგმაში ასახული საკითხები სრულად ვერ ფარავდა ბავშვების დაცვისთვის აუცილებელ ინფორმაციას. ასევე, არ მოიცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებს. ასევე, მოპასუხე (განათლების სამინისტრო) და სასამართლო არ ხდიდნენ სადაოდ ფაქტს, რომ ასაკის შესაბამისი, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის არქონით, ბავშვები არიან სექსუალური ძალადობის მომეტებული საფრთხის ქვეშ.
მიუხედავად ამისა, სამ წლიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქმის განხილვისას, სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი საკითხის მნიშვნელობას, თუმცა გადაწყვეტილებაში არ ვლინდება მსგავსი მსჯელობა. სამაგიეროდ, სასამართლო გადაწყვეტილებაში მრავლად არის მითითებული განათლების შესახებ კანონის ჩანაწერებზე, ბრძანებებზე, კანონქვემდებარე აქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყეტილებაში განათლების შესახებ კანონს საკმაო ადგილი აქვს დათმობილი, არ არის მსჯელობა ბავშვის განათლების უფლების მნიშვნელობასა და ამ უფლების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.
17 გვერდიანი გადაწყვეტილებიდან, 15 გვერდი ეთმობა მსჯელობას ნორმატული აქტების შესახებ.
სასამართლო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, არ შეიცავს მსჯელობას ბავშვების უსაფრთხოებისა და მათი საუკეთესო ინტერესის შესახებ. სამაგიეროდ, გადაწყვეტილებაში ვრცლად არის აღწერილი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა. ასევე, ნორმატული აქტების შესახებ საქართველოს კანონი.
სასამართლო გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ ისეთ საკითხს როგორიცაა:
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამთავრობო დაწესებულებაა...“
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა...“
„სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა რგოლის კონტროლს...“
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დირექტორთა შერჩევის კონკურსის განსაზღვრა...“
"რესურს სკოლების მეთოდოლოგიის მხარდაჭერა...”
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია მიხვედრა, რომ სადაო საკითხი ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძალადობისგან დაცვის უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ახსნა-განმარტებებისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში არ იკვეთება მოპასუხის უმოქმედობა. სარჩელის შეტანიდან დავის დასრულებამდე, მოპასუხეს ქონდა ერთი და იგივე პოზიცია, რომ განათლების სამინისტროს აქვს საგნის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეები. აღნიშნული არაერთხელ გახდა PHR-ის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი, რადგან საჭირო იყო მიგვეღო პასუხი კითხვაზე - რა ქმედით ზომებს ღებულობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ კონკრეტული საგნის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად?
სასამართლო 2024 წელს მიიჩნევს, რომ 2021 წელს განათლების სამინისტროსთან განხორციელებული წერილობითი კომუნიკაცია და ამავე სამინისტროს ახსნა-განმარტებით „დაძლეულია მტკიცება იმგვარ ქმედებათა განხორციელების შესახებ, რომელიც რელევანტურია დასმული საკითხის.“
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ობიექტური მსაჯულობის ნაცვლად, სასამართლო ითავსებს ადმინისტრაციული ორგანოს დაცვის ფუნქციას. გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ არ გაურბის პასუხისმგებლობას დაადგინოს ადმინისტრაციულ ორგანოთა ქმედება/უმოქმედობის კანონიერება. თუმცა, ყოველწლიურად ასეულობით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის არსებობის ფონზე, მაინც არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას.
PHR-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის გაცხადებისას, სასამართლო განმარტავს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ის ეყრდნობა სტატისტიკურ მონაცემებს. თუმცა, უკიდურესად ბუნდოვანია თუ რა ციფრები უნდა გამხდარყო ამ უმწვავეს პრობლემაზე მსჯელობის საფუძველი.
სასამართლო უთითებს: „სადაო საკითხზე მუშაობა განგრძობითია, საჭიროებს მრავალმხრივ გამოკვლევასა და შეფასებას, შემდეგ ნორმატიულ ასახვას. სწორედ ეს იყო PHR-ის მოთხოვნა, რომ სასამართლოს ემსჯელა ბავშვის დაცვის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებაზე. თუმცა, სასამართლო საკითხის განგრძობითობასაც მოპასუხის სასარგებლოდ იყენებს და სამინისტროს უმოქმედობისთვის სივრცეს უტოვებს. ასევე, გაუგებარია თუ რას გულისხმობს სასამართლო, როდესაც უთითებს, რომ „შშმ ბავშვებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საგნის დანერგვის აუცილებლობა, განყენებულად ვერ გამოიწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან მხარეები ათვითცნობიერებენ მოცემული საკითხის მნიშვნელობას და მოპასუხე არ უგულებელყოფს მას“.
სასამართლო უბრალოდ არ მსჯელობს ბავშვების შესახებ და არ იღებს რეალობას რომ ყოველწლიურად ასობით ბავშვი არის სექსუალური ძალადობის, დაშინებისა და შევიწროების მსხვერპლი. აღნიშნული რეალობის ერთერთი უპირველესი გამომწვევი მიზეზი საკმარისი ინფორმაციის არქონაა. ბავშვები ვერ ვხვდებიან როგორ შეაფასონ სარისკო სექსუალური ქცევა, როგორ აირიდონ საფრთხეები თავიდან და როგორ ითხოვონ დახმარება როცა ეს დაჭირდებათ.
სასამართლომ PHR-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ისე განაცხადა უარი, რომ მას ორგანიზაციის მიერ მითითებულ არცერთ არგუმენტზე უმსჯელია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ამის პირდაპირი ვალდებულება აქვს. გადაწყვეტილების ბოლოს მითითებულია, რომ აღნიშნული საკითხები, მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შეიძლება გახდეს შემდგომში საკანონმდებლო ცვლილებების, სამუშაო პროცესისა და საჯარო განხილვების ნაწილი. ამით სასამართლო ბავშვებს ტოვებს აბსტრაქტული იმედის ანაბარა და განმარტავს, რომ დროთა განმავლობაში, შესაძლოა საკითხმა დადებითი ცვლილება განიცადოს ან იქნებ სამომავლოდ მოძალადეების ქცევაც თავისთავად შეიცვალოს და ბავშვებზე სექსუალური ძალადობაც აღარც იყოს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ უგულებელყო ბავშვების დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები. სარჩელის შეტანიდან სამი წლის შემდეგ განმარტა რომ სასამართლოს ჩარევა საკითხში არ არის საჭირო, რადგან შესაძლებელია რაიმე შეიცვალოს სამომავლოდ. ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლეს შეეფასებინა ბავშვების საჭიროებები, არსებული საფრთხეები და ემსჯელა, როგორ იქნებოდა შესაძლებელი სასამართლო კონტროლით მათი სექსუალური ძალადობისგან დაცვის პრევენცია. PHR-მა გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.
თუ დღეს სასამართლოში არსებულ სამუშაო ტენდენციებს გავითვალისწინებით, შემდეგ ბლოგს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ შემოგთავაზებთ.
____________________
ბლოგი მომზადებულია RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.