სექსუალური და რეპროდუქციული
ჯანმრთელობის სერვისები მოწყვლადი ჯგუფის წევრებისთვის.
2023-2024 წლებში
საქართველოში მიღებული კანონები თუ სხვა სახის საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად
მოქმედებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ) უფლებაზე და მნიშვნელოვნად
აუარესებს სრჯ უფლებრივ მდგომარეობას, განსაკუთრებით ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას
მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის.
სექსუალური და რეპროდუქციული
უფლებები ქოლგა ტერმინია ოთხი სხვადასხვა სფეროსთვის: სექსუალური ჯანმრთელობა, სექსუალური
უფლებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები. თავის მხრივ, თითოეული
მათგანი სხვადასხვა საკითხს მოიცავს. აღნიშნულ ბლოგში კი მიმოვიხილავ იმ სახელმწიფო
პროგრამებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ართულებენ სექსუალური და რეპროდუქციული
ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომას.
აბორტის სერვისი
სახელმწიფოს აქვს
ვალდებულება, პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს ყველა ადამიანის წვდომა სექსუალურ
და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის (სრჯ) სერვისებზე. სრჯ უფლების დარღვევის გარდა, როდესაც
პირს არ აქვს წვდომა უსაფრთხო აბორტზე, ეს შეიძლება ჩაითვალოს წამებად და არაჰუმანურ
მოპყრობად. სახელმწიფო პირდაპირ ან ირიბად
არ უნდა ჩაერიოს პირის უფლებაში, ისარგებლოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის
უფლებით. ჩარევა შეიძლება გამოიხატოს მათ შორის შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებით.
სახელმწიფომ უნდა შეცვალოს კანონები, რაც ზღუდავს და ხელს უშლის ადამიანებს სრჯ უფლებებით
სარგებლობაში და შეამციროს სერვისებზე წვდომის ბარიერები, როგორიცაა არაპროპორციულად
მაღალი საფასური, ან ფიზიკური და გეოგრაფიული მისაწვდომობის არქონა სექსუალური და რეპროდუქციული
ჯანმრთელობის მომსახურებაზე. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, მიკერძოებულ[1] კონსულტაციებს
ან სავალდებულო მოცდის პერიოდს აბორტის სერვისით სარგებლობის დროს.
სრჯ უფლებების უზრუნველყოფის
მიზნით სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებებია, იხელმძღვანელოს ყველაზე თანამედროვე გაიდლაინებითა
და პროტოკოლებით, რაც დამტკიცებულია გაეროს სააგენტოების მიერ, განსაკუთრებით WHO-სა
და UNFPA-ს მიერ. ძირითადი ვალდებულებებიდან ერთერთია, რომ სახელმწიფომ მიიღოს ზომები
საფრთხის შემცველი აბორტის შემთხვევების შესამცირებლად და უზრუნველყოს აბორტის შემდგომი
ზრუნვა და კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ,
2023 წლის ნოემბერში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების
შედეგად, სავალდებულო გახდა ფსიქოლოგისა და სოციალურ მუშაკის აბორტის წინა კონსულტაცია,
ხოლო 5 დღიანი ვადის მოცდის დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
ექიმისთვის.
აღნიშნული რეგულაცია
გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს - კონსულტაცია იყოს ნებაყოფლობითი,
ხოლო მოცდის ვადა შემცირდეს ან გაუქმდეს, ართულებს აბორტის სერვისის მიღებას ქალებისთვის,
ქმნის კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხეს და ზრდის მომსახურების საფასურს, რაც
ქმნის საფრთხეს რომ ქალები ვეღარ შეძლებენ ლეგალურად აბორტის სერვისის მიღებას. აბორტის
აკრძალვა ან გართულება იწვევს არალეგალური აბორტების რაოდენობის ზრდას, რაც საფრთხის
შემცველია ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. საკანონმდებლო ცვლილება ეწინააღმდეგება
ჯანმრთელობის, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უმაღლეს სტანდარტზე წვდომის უფლებას, არღვევს ფინანსურ
და გეოგრაფიული მისაწვდომობის უფლებას.
არასრულწლოვანთა
ორსულობა
საქართველოში ძალიან
მაღალია არასრულწლოვანთა ორსულობის მაჩვენებელი. ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული
სტატისტიკით დასტურდება, რომ 2020-2024 წლებში 3635 არასრულწლოვნის ორსულობაა რეგისტრირებული, რაც საგანგაშოდ მაღალი რიცხვია. იმ პირობებში, როდესაც
სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოზარდთა ორსულობის პრევენციას, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანამ
უზრუნველყოს არასრულწლოვანი უფასო და კვალიფიციური სერვისებით.
მსოფლიოს ჯანდაცვის
ორგანიზაცია (WHO) სახელმწიფოებს ავალდებულებს რომ მოზარდებს მიაწოდონ ანტენატალური
და პოსტნატალური მომსახურება. რეპროდუქციული და ორსულის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა
მიჩნეულია სახელმწიფოს ძირითად ვალდებულებად, ჯანმრთელობის უფლების დაცვის კუთხით.
რაც ნიშნავს რომ ერთერთი ყველაზე ძირითადი, მინიმალური მოთხოვნაა სახელმწიფოს მიმართ,
იმისთვის რომ დაცული იყოს ჯანმრთელობის უფლება. მოზარდთა ჯანმრთელობის უფლების დაცვა
დაკავშირებულია სახელმწიფოს ვალდებულებასთან - უზრუნველყოს უნივერსალური წვდომა სექსუალური
და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ყოვლისმომცველ პაკეტზე და სამედიცინო მანიპულაციებზე
ფეხმძიმობის წინა, შემდეგ და მიმდინარე პერიოდში.
ორსულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ( Maternal health care), როგორც სექსუალური და
რეპროდუქციული ჯანმრთელობის შემადგენელი ნაწილი, უნდა იყოს უფასო, კონფიდენციალური,
მოზარდზე მორგებული და არადისკრიმინაციული.
ჯანდაცვის სამინისტროს
სახელმწიფო პროგრამა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ, ორსულებს შესაძლებლობას
აძლევს, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღოს რამდენიმე კონსულტაცია და ჩაიტაროს კვლევები.
ამის წინაპირობა კი პროგრამის მიხედვით 13 0/7 კვირამდე აღრიცხვაზე დადგომაა. აღსანიშნავია,
რომ პროგრამა არ ითვალისწინებს გამონაკლისს არასრულწლოვნების მიმართ. შესაბამისად,
იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ორსული 13 0/7 კვირამდე აღრიცხვაზე ვერ დადგება,
იგი ვერ ისარგებლებს სახელმწიფო პროგრამით.
ჯანდაცვის სამინისტროდან
მიღებული სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება, რომ თითქმის 4 წლის განმავლობაში რეგისტრირებულ
არასრულწლოვან ორსულთა 80%-მა ისარგებლა პროგრამით, მაშინ როდესაც სრულწლოვანების შემთხვევაში
ეს რიცხვი შეადგენს 58 პროცენტს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც არასრულწლოვანთა
ორსულობის მაღალ მაჩვენებელს, ასევე მიუთითებს საჭიროებაზე, არასრულწლოვანი ორსულების შემთხვევაში არსებობდეს
განსხვავებული რეგულირება. მით უფრო, რომ მოზარდები შეიძლება შეხვდნენ ბარიერებს კვალიფიციური/პროფესიონალური
სამედიცინო მომსახურების მიღების კუთხით ორსულობის წინა, შემდგომ და ორსულობის პერიოდში.
კონკრეტული ჯგუფები, როგორიცაა არასრულწლოვნები, მოზარდები რომლებიც არ იმყოფებიან ქორწინებაში,
და სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები შესაძლოა უფრო მეტ ბარიერს წააწყდნენ
მომსახურების მიღების დროს.
მოზარდები ხდებიან
სტიგმის, უფლებების დარღვევის მსხვერპლები ადრეულ ასაკში ფეხმძიმობის გამო. ადრეულ ასაკში ორსულობა წარმოადგენს საფრთხეს დედის
სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისთვის. აღნიშნულის
გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ მოზარდებს ჰქონდეთ წვდომა სამედიცინო
სერვისებზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ფინანსური დაბრკოლება განსაკუთრებით ხელშემშლელია
მოზარდების შემთხვევაში, ვინაიდან არასრულწლოვნები არ არიან ფინანსურად დამოუკიდებლები,
რაც მათ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. ზრდასრულ ქალებს შესაძლოა ჰქონდეთ ფინანსური დამოუკიდებლობა და მეტი შესაძლებლობა,
რომ მიიღონ სამედიცინო მომსახურება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების გარეშე. ხოლო
არასრულწლოვან გოგოებს არ აქვთ შესაძლებლობა დასაქმდნენ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი
ან მოიძიონ ფინანსური რესურსები სამედიცინო სერვისის მისაღებად. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია
ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და საჭიროებები ხშირად შეიძლება
გახდეს გაკიცხვის, კრიტიკის მიზეზი, რის გამოც მოზარდებმა შეიძლება ვერ გაამხილონ მათი
მდგომარეობის შესახებ მათ შორის მშობლებსა და ოჯახის წევრებთან, რაც კიდევ უფრო ართულებს
ფინანსების მოძიებას. დამატებით, განათლებისა და უნარების ნაკლებობის გამო, ასევე შიშისა
და სირცხვილის გამო არის მომეტებული საფრთხე რომ მოზარდებმა 13 კვირამდე ვერ დააიდენტიფიცირონ
ორსულობა. სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი ბარიერი, როგორიცაა 13 კვირამდე აღრიცხვაზე
აყვანა, შესაძლოა იმდენად დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს არასრულწლოვნისთვის, რომ მის სიცოცხლესა
და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.
შესაბამისად, აღნიშნული
პროგრამა ასევე უზღუდავს არასრულწლოვან პირებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის
უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.
ჯანდაცვის სერვისები
ტრანს თემისთვის.
ბავშვების დაცვის
მოტივით მიღებული კანონი ასევე ზღუდავს ტრანს ჯანდაცვას თემის წევრებისთვის. კერძოდ,
კანონის თანახმად, ადამიანის მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების
მიზნით მისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან მის მიმართ სხვა სახის სამედიცინო
მანიპულაციის გამოყენება დაუშვებელია. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ სქესის შეცვლის ოპერაცია მიიჩნია
წამებად და მიუთითა, რომ გენდერის აღიარების მიზნით სქესის შეცვლის ოპერაცია არ უნდა
იყოს საჭირო, ვინაიდან აღნიშნული რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მიუხედავად ამისა, საქართველოში სასამართლოები არ იზიარებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და ითხოვდნენ სქესის შეცვლის ოპერაციას გენდერის აღიარების
მიზნით. საკანონმდებლო ცვლილებებით, ლგბტქ თემის წევრებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა
მიიღონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც თემის წევრებს ართმევს ყველაზე მთავარს
- ტრანზიციის შესაძლებლობას, გენდერულ იდენტობას და ქმნის რისკს, რომ თემის წევრებმა
ისარგებლონ აკრძალული (უკანონოდ ჩატარებული) მანიპულაციებით, რაც ასევე მომეტებულ საფრთხეს
ქმნის მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
განხილული სახელმწიფო პროგრამებისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სრჯ სერვისებზე წვდომა საგანგაშოდ გაუარესებულია. სახელმწიფო ბარიერებს უქმნის მოქალაქეებს ორსულობის, აბორტისა და ტრანს ჯანდაცვის სერვისების მიღების პროცესში, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ყველაზე არაპრივილეგირებული ნაწილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და კანონებით ქმნის უკანონო, მიწისქვეშა სერვისებზე მოთხოვნის გაზრდის წინაპირობას.
ავტორი: თამარ კაპანაძე,
PHR-ის
იურისტი.
[1] კონსულტაცია, რომლის დროსაც არის
საფრთხე კონსულტაციის მიმღებ პირზე განხორციელდეს იძულება ან ზეწოლა კონკრეტული გადაწყვეტილების
მიღების სასარგებლოდ.