ავტორი: თამარ ზარქუა

ბოლო რამდენიმე წელია ადმინისტრაციულ დაკავებებს სახელმწიფო ბოროტად იყენებს აქტივისტების წინააღმდეგ. 2023-2024 წლებში, ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე მრავალი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დაკავების ყველა შემთხვევაში მუხლები იდენტურია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე მუხლები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის წინააღმდეგობას გულისხმობს.

აღსანიშნავია გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში ისევ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მოქმედებს, რომელიც ადამიანის უფლებათა მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ადმინისტრაციულმა სასამართლო განხილვებმა ასევე აჩვენა, რომ სასამართლოს მსგავსი სამართალდარღვევების განხილვისას ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს, ეყრდნობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს მიერ შედგენილ სამართალდარღვევის აქტსა და სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტებას. 2024 წელს აპრილი-მაისის თვის აქციების პერიოდში სასამართლოში შესული დაახლოებით 380 საქმიდან, სასამართლომ მხოლოდ 10-მდე საქმეზე შეწყვიტა წარმოება და არ დაადგინა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. 

ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სამართლებრივი დახმარებისთვის აქციაზე 166-173 მუხლებით დაკავებულმა სამმა პირმა მიმართა. სამივე მათგანი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. PHR  აგრძელებს მათი უფლებების დაცვას ყველა უწყებასა და ინსტანციის სასამართლოში. საქმეებზე მუშაობის პირიოდში გამოიკვეთა შემდეგი სახის დარღვევები:

კ.თ-ს საქმე  

კ.თ.-ს ადმინისტრაციული ორგანო ედავებოდა პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას.  სასამართლო პროცესზე შსს-მ წარმოადგინა მხოლოდ დაკავების კადრი  და მოწმედ მოიყვანა ორი პოლიციელი, რომლებმაც თითქოს დაინახეს, რომ კ.თ-მ არ შეასრულა პოლიციის მოთხოვნა, რომ გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან. დაცვს მხარის (ჩვენს) მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა აქციის უწყვეტი კადრები, სადაც ჩანს როგორ დგას კ.თ ე.წ. ჯებირებთან და არა გზის სავალ ნაწილზე და იღებს პოლიციის მხრიდან ადამიანების ძალისმიერი მეთოდებით დაკავებას.  ამ დროს, ერთ-ერთ პოლიციელს უვარდება პირბადე სახიდან, რაზეც ბრაზდება (მისი სახე კამერამ დააფიქსირა) და სასწრაფოდ ითხოვს კ.თ-ს დაკავებას. კამერის ჩანაწერებში გამოჩნდა, რომ ოფიციალური „დამკავებელი“ და ოქმის შემდგენი პირი ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა და რეალურად პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე ცრუ ჩვენება მისცეს (რაც სისხლის სამართლის დანაშაულია). მიუხედავად ამისა, მოსამართლემ კ.თ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

გ.გ-ს საქმე

ანალოგიურად, სასამართლოში სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა გ.გ-ს, მაშინ როდესაც შსს სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულებაც კი იმისა, რომ გ.გ. საერთოდ აქციაზე იმყოფებოდა. შსს სასამართლო პროცესზე არ წამოუდგენია არცერთი ვიდეო მტკიცებულება, მხოლოდ მოიყვანა 2 პოლიციელი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დაინახეს და გაიგონეს რამდენიმე მეტრიდან როგორ იგინებოდა გ.გ.  ჩვენს მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით მტკიცდებოდა, რომ გ.გ. აქციიდან მიდოდა სახლში, მას გამოძახებული ჰყავდა ტაქსი, რა დროსაც მისთვის უცნობმა პირმა გააჩერა, მანქანაში სცემა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო ამის შემდგომ გადასცა სხვა პოლიციელებს. გ.გ-ს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, ჩვენს მიერ შეტანილი განცხადებისა და მტკიცებულებების წარდგენის შედეგად გ.გ. გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ცხადია გ.გ-ს ძალადობის საქმეზე დღემდე არავინ დასჯილა. პირიქით,  მოსამართლემ დაზარალებულს ადმინისტრაციულ საქმეზე შენიშვნა გამოუცხადა, მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე, რომელიც წინააღმდეგობაში იყო ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან.

ბ.ქ-ს საქმე

2000 ლარით დააჯარიმა სასამართლომ ბ.ქ., რომელიც ე.წ. „რობოკოპებმა“ ისე სცემეს, რომ მისი კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. აღნიშნულ საქმეშიც ბ.ქ-ს შსს წინააღმდეგობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია არანაირი ვიდეო მტკიცებულება, სამხრე კამერის ჩანაწერი, მედიის ჩანაწერი და ა.შ, რომელიც  ბ.ქ-ს ბრალეულობას დაადასტურებდა. ბ.ქ. გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო ჩვენი განცხადებებისა და მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე, თუმცა მის საქმეზე არცერთი მოძალადე დასჯილა. სამაგიეროდ დაისაჯა თავად ბ.ქ 2000 ლარიანი ჯარიმით, მხოლოდ იმიტომ, რომ  აქციაზე იმყოფებოდა და სარგებლობდა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასამართლო სიტვიერი შენიშვნის გამოცხადებით თითქოს ერთის მხრივ ცდილობს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უსამართლობის გრძნობის შემცირებას, რადგან 2000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად მის მიმართ მხოლოდ გაფრთხილებას იყენებს, მეორეს მხრივ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს „უკანონებს“ უსაფუძვლო ადმინისტრაციულ დაკავებებს.

სასამართლო პროცესების დროს  გამოიკვეთა სხვა სახის დარღვევებიც, მაგალითად მოსამართლე ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის მიერ მიცემულ ურთიერთდაწინააღმდეგო ჩვენებებს, არ სთხოვს ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე ობიექტურ მტკიცებულებას, რაც გაამყარებდა მათ პოზიციას. მეტიც, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები პროცესზე რეპლიკის ან/და შეკითხვის დასმის უფლებითაც კი არ სარგებლობენ,  რადგან წინასწარ იციან თუ რა შედეგი დადგება საქმეზე. მოსამართლე ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციელებს ეხმარება შეკითხვებით, რომ პოზიცია ზუსტად ჩამოაყალიბონ ან არასწორად მიცემული ჩვენება გაასწორონ, ან ორივე ერთად. სასამართლოს თითქოს ავიწყდება ისიც, რომ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

დასკვნის სახით შეიძლება ითვას, რომ სასამართლოს ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვისას, ავლენს აშკარა მიკერძოებას სახელმწიფო უწყების მიმართ. სახელმწიფო უწყება პროცესზე სრულიად მოუმზადებელი მიდის, ზოგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს საქმის მასალებიც კი არ აქვთ თან, რაც იმას ამტკიცებს რომ მათ არ სჭირდებათ რაიმე ცოდნა მომზადება საქმის მოსაგებად, ისინი თავიდანვე დარწმუნებულები არიან რომ სასამართლო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს სამართალდამრღვევად ცნობს - რაც, დღეს არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მართალდება კიდეც.