როგორ ხდება სასამართლო პროცესში დაზარალებულის
და მისი ადვოკატის მონაწილეობის შეზღუდვა კანონის არასწორი ინტერპრეტაციით
როცა ბავშვის უფლებებს ვიცავ, ვღელავ. ამ მღელვარებამ არ გაიარა, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ბავშვის ადვოკატი ვყოფილვარ. არათუ ვცდილობ ამის დაძლევას, პირიქით, ყოველ ახალ საქმეზე ვაკვირდები საკუთარ თავს, ხომ ისევ ისე განვიცდი მათ ამბავს, როგორც წლების წინ, პირველად რომ მოვუსმინე ძალადობა გამოვლილ ბავშვს.
ფაქტია რომ ბავშვებთან ისე ვერ ვიმუშავებთ როგორც ზრდასრულებთან. ყოველი სიტყვა უნდა აწონო, ყოველი ნაბიჯი ასჯერ გაზომო, რომ მართლმსაჯულების პროცესიდან ბავშვი ემოციურად უვნებელი გამოიყვანო.
სასამართლოში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა. თუმცა, სამწუხაროდ ამ პრინციპების დარღვევა ხშირად ხდება, რასაც ხელს უწყობს ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული არ არის მხარე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მხარე არის ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი, პროკურორი.
ანუ, ის ვინც მიიღო ზიანი დანაშაულის შედეგად, ვისი უფლებების დარღვევის საქმეც უნდა განიხილოს სასამართლომ, სწორედ ის და მისი ადვოკატი არ არის მხარე.
დაზარალებულს და მის ადვოკატს არ აქვს მოწმეების დაკითხვის, შესავალი და დასკვნითი სიტყვის თქმის და შეკითხვების გაპროტესტების უფლება.
ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ერთგვაროვანი პრაქტიკა. ზოგიერთი მოსამართლე დაზარალებულს არ უზღუდავს სასამართლო პროცესში ჩართვას, ზოგი კი სწორხაზოვნად განმარტავს ნორმას. დაზარალებულის დაცვის მცდელობას, პროცესის დარღვევად მიიჩნევს და წესრიგის დაცვისკენ მოგიწოდებს. ესეთ დროს, ბრძოლა გვიწევს დაზარალებულის ადვოკატებს სასამართლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვისთვის.
ამ ბლოგში
დაზარალებული ბავშვის გამარჯვების ისტორიას გაგიზიარებთ.
ამ პროცესში,
მე და ბავშვი არ ვიყავით მხარე...
დათო[1] 12 წლისაა. სპორტული მწვრთნელი მის მიმართ ბოლო ორი წელი ახდენდა გარყვნილ ქმედებას. დათომ სხვა ბევრი ბავშვის მსგავსად, პირველივე შემთხვევაზე ვერ შეძლო ძალადობაზე საუბარი. თუმცა, რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ, მშობლებს უამბო და გამოძიება დაიწყო.
ბავშვი
პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
როცა დათო მშობლებთან ერთად PHR-ში მოვიდა, საქმეს უკვე სასამართლო იხილავდა და მტკიცებულებათა უმრავლესობა გამოკვლეული იყო. რთული პერიოდი გვქონდა, ჩვენი მცირე ადამიანური რესურსით სხვა ბავშვების დასაცავად მთელი ორგანიზაცია ვმუშაობდით, თუმცა ბავშვს დახმარებაზე უარს ვერ ვეტყოდით.
რა ხდებოდა სასამართლოში დათოს მოსმენამდე?
დათოს მოსმენამდე სასამართლოში მის თანაგუნდელებს მოუსმინეს. ბავშვებმა სასამართლო დარბაზი ტირილით დატოვეს. ბრალდებულის ადვოკატებისგან შექმნილი მტრული გარემოს გამო. ბავშვების მოსმენის დროს, სასამართლოს დარბაზთან იყვნენ ბრალდებულის ახლობლები, რომლებიც ცდილობდნენ მოწმე ბავშვების დათრგუნვას პროცესის დასრულების შემდეგ უარყოფითი კომენტარებით.
დათომ იცოდა თანაგუნდელი ბავშვებისთვის დაკითხვისას ადვოკატების და ბრალდებულის ახლობლების უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და ნერვიულობდა.
სწორედ
ეს იყო ამ საქმეში ერთ-ერთი გამოწვევა, რომ ბავშვის მოსმენა სასამართლოში ჩატარებულიყო
მისთვის ემოციური ზიანის გარეშე.
მოსმენის დღეს, დათო მშობლებთან ერთად მოვიდა სასამართლოში. ვღელავდით. ვიცოდით რთული პროცესი იქნებოდა. ბავშვს სასამართლოს წინაშე უნდა მოეყოლა მის მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე, სადაც მოძალადის დასაცავად ექვსი ადვოკატი იყო წარმოდგენილი.
ვიდრე პროცესი დაიწყებოდა, მანდატურს ვთხოვე, რომ იმ სასამართლო დარბაზთან, სადაც უნდა ჩატარებულიყო ჩვენი პროცესი არ მდგარიყო არავინ. ცოტა გაუკვირდა რას ვთხოვდი, მაგრამ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა.
დარბაზში მე და ბავშვი ერთად შევედით. ბრალდებულს დატოვებული ჰქონდა სასამართლო დარბაზი, მაგრამ მას ექვსი ადვოკატი წარმოადგენდა.
პროცესის დაწყებამდე, ბავშვებს ყოველთვის ვეუბნები შეუძლია აირჩიოს სად იყოს სასამართლო დარბაზში საუბრისას და სად ვიყო მე ამ დროს. როგორც წესი, სულ ერთად ყოფნას ვირჩევთ ხოლმე მე და ბავშვები.
ამჯერადაც ერთმანეთის გვერდით დავდექით და დათომ მოყოლა დაიწყო. დათო ჰყვებოდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რაც ცხადია ემოციების გარეშე ვერ ჩაივლიდა. ცოტა შევისვენეთ, წყალი დალია და ღრმად ჩაისუნთქა.
-
„ხომ არ შევწყვიტოთ
ან გადავდოთ? თავს როგორ გრძნობ?“ ვეკითხები ჩურჩულით.
-
„კარგად ვარ, საუბარი
მინდა. მინდა რომ გაიგოს მოსამართლემ, რაც მწვრთნელმა დამიშავა“.
-
„კარგი ვაგრძელებთ,
ძალიან ყოჩაღი ხარ.“ - ვამხნევებ .
ბავშვი აგრძელებდა მძიმე ისტორიის მოყოლას. ამ დროს, ბრალდებულის ადვოკატები ცდილობენ მის დისკრედიტაციას. თითქოს მისი ნათქვამი არ იყო სანდო.
დაცვის ადვოკატების თითქმის ყველა შეკითხვაზე განცხადებას ვაკეთებ მოსამართლესთან და ვითხოვ შეკითხვების მოხსნას.
მოსამართლის განმარტებით, დაზარალებულის ადვოკატს არ აქვს შეკითხვის გაპროტესტების უფლება.
-
„ბატონო მოსამართლევ“! მივმართავ.
- „ბავშვის ადვოკატი
ვარ და მის დასაცავად სულ არ მჭირდება
მხარედ ყოფნა. ვერავინ ვერ შემზღუდავს ბავშვის
დაცვაში, მათ შორის ვერც სასამართლო. ასე რომ,
გთხოვთ, მოუწოდოთ ბრალდებულის ადვოკატებს, ბავშვს შეკითხვები დაუსვან ისე, რომ არ მოახდინონ
მისი ტრავმირება“.
„უკვე ძალიან ზედმეტია,
არ გვაძლევს დაკითხვის საშუალებას. ყველა კითხვას გვახსნევინებს, ეს რა არის, ჩვენ
როგორ ვიმუშაოთ? საერთოდ ის არ არის მხარე, რა უფლებით არ გვასმევინებს შეკითხვას,
რისთვის არის აბა აქ პროკურორი“. ექვსი
ადვოკატი ყვირილით მიმართავს სასამართლოს.
„მე არ გაძლევთ ბავშვის რეტრავმატიზაციის საშუალებას“. ვპასუხობ ადვოკატებს.
- „იცი რა მინდა გკითხო“?! ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატი მიმართავს ბავშვს.
-
„თუ ასე ცუდად იყავი,
აბა ფეისბუქზე და ტიკ-ტოკზე ვიდეოებს როგორ წერდი“?
ამ შეკითხვისთვისაც მზად ვიყავით, რადგან სამწუხაროდ პროფესიონალებიც კი ხშირად ახდენენ მსხვერპლის დადანაშაულებას თუ ის გადარჩა და ცხოვრებას აგრძელებს.
-
„სტრესთან ერთად ცოცხლობენ,
სტრესით არ კვდებიან“! მშვიდად უპასუხა დათომ.
-
„ეს ბავშვი მეც კი
მჯობია“. გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ადვოკატმა.
დათოს დაკითხვა ერთ-ერთი რთული პროცესი იყო ჩემს პრაქტიკაში. სასამართლო დარბაზი დაღლილებმა დავტოვეთ. გამოსავლისთანავე დედა ბავშვს გადაეხვია და გაამხნევა.
„რთული დღე იყო. ალბათ კარგი იქნება თუ დღეს დათოს საყვარელ ადგილას გაისეირნებთ“. ვეუბნები დედას.
-
„ასეც ვაპირებთ და
თქვენ“ ?
-
„მე სამსახურში ვბრუნდები. სხვა ბავშვები გველოდებიან“.
-
„ჩაგეხუტებით რაა“.
-
„რა თქმა უნდა“.
ვპასუხობ ღიმილით.
საქმე ბავშვის გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ გაიზიარა მისი ჩვენება და მოძალადეს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ამ საქმეში რომ არ ყოფილიყო არასრულწლოვანი დაზარალებულის აქტიური ჩართულობა და PHR-ის მედეგობა, შესაძლებელია ბავშვზე მოძალადე თავისუფალი ყოფილიყო.
მინდა მივმართო სტუდენტებს, პროფესიაში ახლად შესულ ადვოკატებს, რომ არ დაეთანხმონ კანონის არასწორ განმარტებას, თითქოს დაზარებულის ადვოკატს არ აქვს რაიმე როლი საქმეში, არ შეუძლია გააკეთოს განცხადებები და ჩუმად უნდა იჯდეს დარბაზის კუთხეში.
გამოიყენეთ ბავშვის უფლებათა დაცვის საუკეთესო პრაქტიკა და ყველა კანონიერი საშუალებით დაიცავით ბავშვები.
ამ პროცესზე დათო არ
იყო მხარე, თუმცა ის იყო გამარჯვებული.
ამდენად, როდესაც დაზარალებული ბავშვის ადვოკატს გეტყვიან, რომ არ ხართ მხარე, გახსოვდეთ, ბავშვის ადვოკატობაზე მეტი სტატუსი არ გჭირდებათ.
ბლოგი მომზადდა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
ბლოგის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.