„თამაში აქლემებთან“ -
სოფი მენაბდიშვილის ბლოგი
დათი 9 წლისაა. [1]პირველად როცა შევხვდი, მიყვებოდა, რომ მის ბაბუას სახლში აქლემები ჰყავდა, თუმცა არასოდეს არ მჯდარა და არ უთამაშია მათთან, რადგან ბაბუა ოთახიდან გასვლის უფლებას არ აძლევდა, მხოლოდ ფანჯრიდან უყურებდა და წარმოიდგენდა აქლემზე მჯდარ საკუთარ თავს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მე ვუთხარი, რომ აქლემი ნანახი არ მყავდა, თავი ამაყად იგრძნო.
როცა ვთხოვე, უფრო მეტი მოეყოლა სკოლაზე, მის ინტერესებსა თუ ყოველდღიურ ამბებზე, მითხრა, რომ დედა სმენის არმქონე იყო და დათი ჟესტურ ენას სწავლობდა, დედასთან ახლო კონტაქტის და სრულყოფილი კომუნიკაციის დამყარების მიზნით.
მეორედ შემთხვევით ქუჩაში შევხვდი, როცა დედას შუქნიშანზე გადასვლაში ეხმარებოდა და გამოძახებულ ტაქსის უხსნიდა კონკრეტულად სად იდგნენ.
დათის ხშირად ვხვდებოდით. ყველა მოქმედებაში, რომელიც მის დასაცავად PHR-ში განვახორციელეთ, ის ჩართული იყო - ყველა განცხადება თუ შუამდგომლობა მასთან იყო შეთანხმებული. ბოლოს იუსტიციის სახლში თავად მოაწერა ელექტრონულად ხელი, თუმცა ეს ორი შეხვედრა ყველაზე მეტად დამრჩა მეხსიერებაში.
რაღაც აუხსნელი ემოცია მქონდა, მეგონა და დღესაც მგონია, რომ დათი ბავშვობაში უკვე ზრდასრული იყო, გაზრდილი, დიდი ადამიანი დიდი ისტორიით.
ბავშვობაში მიღებული გამოცდილება განსაზღვრავს, როგორ ადამიანად ჩამოვყალიბდებით. თუ ბავშვი ძალადობას განიცდის, არსებობს ალბათობა, რომ ზრდასრულ ასაკში თავადაც ჩაიდინოს ძალადობა სხვების მიმართ.[2] ამ პრობლემის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია კარგად იყოს გაგებული მისი მასშტაბურობა და ყველამ გავიაზროთ როგორ დავეხმაროთ ბავშვს ისე, რომ უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილება ტრავმად არ დავუტოვოთ.
ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ დასაშვებია ოჯახში ბავშვის აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება და რომ ძალადობის შემთხვევაშიც კი არ არის მიზანშეწონილი ოჯახის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს განსაკუთრებით მძიმედ გამოვლინდა დათის შემთხვევაში - ოჯახში არსებული კულტურული განსხვავებების და ტრადიციების გამო.
ეს ისტორია 2023 წლის იანვარში გახდა ჩვენთვის ცნობილი. ორგანიზაციაში ქალმა დაგვირეკა და იურიდიული კონსულტაცია გვთხოვა. საქმე ეხებოდა 9 წლის ბავშვის საკითხს, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და საქართველოში ლეგალურად ყოფნის დოკუმენტი არ ჰქონდა. იმ ქვეყანაში დაბრუნების კი ეშინოდა, რომლის მოქალაქეც იყო. შევთანხმდით შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ ბავშვის ინტერესების დაცვა გადავწყვიტეთ და ყველა სახელმწიფო უწყებიდან დათის შესახებ გამოვითხოვეთ ინფორმაცია.
ამბავი ასეთია:
საქართველოს მოქალაქე ქეთევანი შეზღუდული შესაძლებლობის პირია (სმენის არმქონე). იგი ეგვიპტის მოქალაქეზე დაქორწინდა თბილისში. ქორწინებიდან 1 წელში მათ ეყოლათ ვაჟი, დათი. ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ, ქეთევანის მეუღლე ეგვიპტეში უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა და დაკარგა მოძრაობის უნარი და მეხსიერება, იყო კომატოზურ მდგომარეობაში.
ქეთევანმა ამ ამბის შეტყობის შემდეგ, შვილთან ერთად გადაწყვიტა ეგვიპტეში წასვლა. აქედან იწყება მათზე მეუღლის ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის ისტორია. შვილთან ერთად ჩასულ ქეთევანს მეუღლის ოჯახის წევრებმა შეუზღუდეს წვდომა ინტერნეტზე, ჩამოართვეს ტელეფონი, აუკრძალეს თბილისში დედასთან, სხვა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან კომუნიკაცია. ეუბნებოდნენ, რომ ის უკვე მათი საკუთრება იყო. ქეთევანი და დათი უმეტეს დროს ერთ დაკეტილ ოთახში ატარებდნენ. ამ პერიოდში არაერთხელ ჰქონდა ადგილი ოჯახის წევრების (მეუღლის მშობლების) მხრიდან ბავშვსა და დედაზე ფიზიკურ ძალადობას.
თვეების განმავლობაში საქართველოში შეშფოთებული ოჯახის წევრები ყველა გზით ცდილობდნენ ქეთევანთან დაკავშირებას და მის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მათ შორის, დაუკავშირდნენ ეგვიპტის საელჩოს საქართველოში, თუმცა უშედეგოდ. საელჩოს განმარტებით ოჯახურ საქმეებში ჩარევა მათი ქვეყნის ტრადიციების და წესების მიხედვით დაუშვებელი იყო.
6 თვის შემდეგ, ქეთევანმა, ოჯახის ნათესავის დახმარებით, მოახერხა ბავშვთან ერთად გამოქცეულიყო საქართველოში.
თბილისში დაბრუნების შემდეგ ქეთევანმა შეძლო გადმოეცა ის მძიმე გამოცდილება, რაც გაიარა შვილთან ერთად უცხო ქვეყანაში.
აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბავშვის დაბადებიდან (ანუ საქართველოს მოქალაქეობის მიღებიდან) მალევე, ქმრის დაჟინებული მოთხოვნით და ქეთევანის ნების საწინააღმდეგოდ, მშობლებმა უარი განაცხადეს შვილის საქართველოს მოქალაქეობაზე.
დათის მამის გადაწყვეტილებით, ბავშვს
ეგვიპტის მოქალაქეობა მიენიჭა.
საქართველოში გამოქცევის შემდეგ ქეთევანმა არაერთხელ სცადა იუსტიციის სახლში აღედგინა ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქეობა ან მიეღო ბინადრობის უფლება შვილისთვის, იყო ჯანდაცვის სამინისტროშიც ლტოლვილის სტატუსის მისაღებად, წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით ბავშვისთვის, თუმცა უშედეგოდ. უმეტეს შემთხვევაში უარის თქმის მიზეზი ორივე მშობლის თანხმობის არარსებობა იყო.
ქეთევანი დიდი ხნის განმავლობაში იცვლიდა საცხოვრებელ ადგილებს, იმალებოდა, რათა ქმრის ოჯახს არ ეპოვა საქართველოში. იგი იღებდა ოჯახისგან მუქარის წერილებს. ისინი ემუქრებოდნენ ქეთევანს რომ შვილს წაართმევდნენ და მათი ადათ-წესებით გაზრდიდნენ.
ბავშვის ბაბუა პოლიციისთვის მიმართვით ცდილობდა დედის და ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენას საქართველოში. მიზანი იყო შვილიშვილის დედის გარეშე ეგვიპტეში წაყვანა. ქეთევანმა პოლიციაში დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ არ სურდა მისი შვილის ადგილსამყოფელი გაეგო მისი ქმრის ოჯახს. მას ეშინოდა, რომ დააშორებდნენ შვილთან.
2023 წლის იანვრიდან PHR-ი იცავს დათის ინტერესებს. მიზანი იყო ბავშვის დახმარება - მისი სურვილი იყო ეცხოვრა საქართველოში ლეგალურად და უსაფრთხოდ.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ბავშვი ყოფილიყო უსაფრთხო გარემოში, მას შესძლებოდა უსაფრთხოდ განათლების, ჯანდაცვის სერვისების მიღება და ჰქონოდა აქტიური დოკუმენტი, რომლითაც საქართველოში ლეგალურად შესძლებდა ცხოვრებას დედასთან ერთად, ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში იყო სააგენტოს შესაბამისი უწყების მიერ ბავშვისთვის ძალადობის მსხვერპლად ცნობა და აღნიშნულის საფუძველზე დროებითი ბინადრობის გაცემაზე თანხმობის მოპოვება.
სამართლებრივი ნაწილი
დათიმ PHR-ის დახმარების მიზანს მიაღწია. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, ბავშვს უნდა მიეღო ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობისმსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქე პირისთვის დროებითი ბინადრობის გაცემის შესაძლებლობას, თუ პირი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანო საქმის შესწავლის შედეგად იშუამდგომლებს აღნიშნულის დასანიშნად.
ასეც მოხდა, PHR-ის მიერ მტკიცებულებათა მოძიების, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრში (მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში) შეტყობინების შეტანის, საქმის წარმოების, (წარმოება განხორციელდა ბავშვის პირდაპირი მონაწილეობით და მისი ახსნა-განმარტების გაზიარებით) დათისთვის დროებითი ბინადრობის მიღებაზე გაიცა თანხმობა. ბავშვს და დედას მიენიჭათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი.
ამ საქმის წარმატებით დასრულების შედეგად დათის და ქეთევანის ცხოვრება შეიცვალა. დროებითი ბინადრობის გაცემაზე თანხმობის მიღების შემდეგ, ბავშვთან ერთად მივმართეთ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია მიიღოს განათლება უფასოდ, ჰქონდეს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და თავს გრძნობდეს დაცულად საქართველოში. სერვისების მიერ დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის შემდეგ ბავშვს და დედას აღარ უწევთ საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, დამალვა, რადგან ბავშვის და დედის უსაფრთხოებაზე სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა.
იმ შემთხვევაში თუ მიიჩნევთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვის, ან მოქალაქეობის არმქონე ბავშვის მიმართ ხორციელდება ძალადობა (ნებისმიერი ფორმა), გახსოვდეთ, რომ კანონი იძლევა საშუალებას ერთი მშობლის ან/და ბავშვის შეტყობინებით დაიწყოს წარმოება მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებამ და მიანიჭოს მსხვერპლს დროებითი ბინადრობა.
თუ გესაჭიროებათ იურიდიული კონსულტაცია, დაგვიკავშირდით: 0322331356
ბლოგი მომზადდა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ბლოგის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.